დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1447-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.103040 |
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია 1. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე აყალიბებს მიდგომებს დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-4−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მწარმოებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პროდუქტს აწარმოებს ან ბაზარზე განათავსებს საკუთარი სახელით ან საკუთარი სავაჭრო ნიშნით. 5. დისტრიბუტორი – მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და არ არის მწარმოებელი ან იმპორტიორი. 6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მწარმოებლის მიერვე გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, მწარმოებლის სახელით, ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად. ავტორიზებულ წარმომადგენელს მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის პირველადი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, იმპორტის გზით, კომერციული მიზნით ან/და არაკომერციული მიზნით.“; გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი: „81. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის ნებისმიერი სახის მიწოდება კომერციული საქმიანობის ფარგლებში, დისტრიბუციის ან გამოყენების/მოხმარების მიზნით, სასყიდლის მისაღებად ან უსასყიდლოდ.“; დ) მე-16 და მე-17 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია ისეთი პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. 17. პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია მიწოდების ჯაჭვში არსებული პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრევენციისკენ ან/და შეწყვეტისკენ.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1. ბაზარზე ზედამხედველობა მუხლი 131. რეგულირების სფერო 1. ეს თავი არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის განხორციელების საკითხებს, რომელთა მიმართაც დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო). 2. ეს თავი არ არეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის განხორციელების საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება. 3. ამ თავის მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოში წარმოებულ, ისე იმპორტირებულ პროდუქტებზე. მუხლი 132. ტერმინთა განმარტება 1. ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბაზარზე ზედამხედველობა − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული ზომების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოს დაცვას; ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; გ) შეუსაბამობა − ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნის/მოთხოვნების დარღვევა; დ) ეკონომიკური ოპერატორი/ოპერატორები − ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლისთვის მიმწოდებელი პირი/პირები, რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელი არიან პროდუქტის უსაფრთხოებისთვის; ე) მაკორექტირებელი ქმედება − ეკონომიკური ოპერატორის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნით, შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება; ვ) ნებაყოფლობითი ღონისძიება − ეკონომიკური ოპერატორის მიერ საკუთარი ინიციატივით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის გარეშე მაკორექტირებელი ზომების მიღება; ზ) რისკი − ზიანის გამომწვევი საფრთხის შექმნის ალბათობისა და ამ ზიანის სიმძიმის ერთობლიობა; თ) საფრთხის შემცველი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ი) სერიოზული საფრთხის შემცველი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს და საჭიროებს სახელმწიფო ორგანოების გადაუდებელ ჩარევას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც რისკს შედეგები დაუყოვნებლივ არ მოჰყვება; კ) დადასტურებული საფრთხე − სათანადო აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების/გამოცდის შედეგად ან/და საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება/ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ლ) დოკუმენტური შემოწმება − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება; მ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა; ნ) შემოწმების ოქმი − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური შემოწმების ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ამ კოდექსის 136 მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლის შედეგებს და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს (არსებობის შემთხვევაში); ო) შემზღუდავი ღონისძიება − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ; პ) მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიულ პირი, რომლისთვისაც პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა, როგორც მომხმარებლისთვის, პირადი მოხმარებისთვის ან/და სამრეწველო/პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. 2. ამ თავში გამოყენებული იმ ტერმინებისთვის, რომლებიც ამ მუხლში განმარტებული არ არის, გამოიყენება ამ კოდექსში გამოყენებული იმავე ტერმინების განმარტებები. მუხლი 133. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო 1. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო არის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტებისთვის, რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოა განსაზღვრული. 2. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო თავის უფლებამოსილებას პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დამოუკიდებლად, ობიექტურად და მიუკერძოებლად ახორციელებს. 3. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან. 4. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 5. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 134. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება 1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება ამ თავისა და ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესისა და პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით. 2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზზე დაყრდნობით ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 3. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით. 4. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 5. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 6. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი. 7. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს როგორც საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, ისე პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში. 8. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით ეს პროდუქტი შეიძლება ადგილზე შემოწმდეს. 10. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას. 11. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) აქვს ინფორმაცია იმ პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს დადასტურებული საფრთხე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამ პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობისთვის და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად. 12. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით მიმართოს შემოსავლების სამსახურს პროდუქტის შეჩერების თაობაზე. შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს პროდუქტი პროდუქტის შემოწმებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 13. თუ დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მასთან დაკავშირებით არსებობს დადასტურებული საფრთხე, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 14. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით პროდუქტის მიმართ საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. მუხლი 135. ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები 1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ მუხლით, დადგენილი მოთხოვნები. 2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას ან/და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დარწმუნდეს, რომ პროდუქტი შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია. ეკონომიკურმა ოპერატორმა ასევე უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადით შენახვა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად. 4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, აგრეთვე საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, საფოსტო მისამართი, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით მიუთითოს პროდუქტზე, მის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. 5. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ. 6. თუ ეკონომიკურ ოპერატორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ქმედება, როგორც ნებაყოფლობითი ღონისძიება, პროდუქტთან დაკავშირებული რისკის თავიდან ასაცილებლად. 7. თუ პროდუქტი რისკს შეიცავს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია შეუსაბამობებისა და ყველა განხორციელებული მაკორექტირებელი ქმედების შესახებ. 8. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები. აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვისთვის გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება ხდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში. 9. თუ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მისთვის სათანადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარუდგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გადახდიდან 5 დღის ვადაში. ეს ქვითარი შეიძლება ელექტრონული ფორმითაც იქნეს წარდგენილი. 10. თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი საფრთხეს აღარ ქმნიდეს. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ამ ორგანოს მიერვე განსაზღვრულ ვადაში. 11. ავტორიზებულ წარმომადგენელს (არსებობის შემთხვევაში) მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე უნდა ჰქონდეს მინიჭებული ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ავტორიზებულმა წარმომადგენელმა აღნიშნული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მას უნდა წარუდგინოს. მუხლი 136. შემზღუდავი ღონისძიებები 1. თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული რომელიმე პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება ამ პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მასთან დაკავშირებით არსებობს დადასტურებული საფრთხე, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯით. 2. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ეს ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ეკონომიკური ოპერატორი შეუსაბამობას ამ ვადაში ვერ აღმოფხვრის, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ეს შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი. 3. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ. 4. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს ან/და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს ასეთ საფრთხეს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ. 5. პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორია განისაზღვრება რისკის ანალიზზე დაყრდნობით, ზიანის დადგომის ალბათობისა და ამ ზიანის სიმძიმის შეფასების შედეგად, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის საფრთხის შემცველ პროდუქტად მიჩნევის საფუძველი. 6. ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით. მათი შესრულება სავალდებულოა. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილების შესასრულებლად დაავალოს ეკონომიკურ ოპერატორს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს. 8. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილებით ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა, აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების თაობაზე. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია. 9. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ ამ დადგენილების შესრულება. თუ აღნიშნული დადგენილების შესრულების განმეორებით შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურმა ოპერატორმა არ შეასრულა დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად. 10. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორისთვის ამ კოდექსის 139 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამის თაობაზე გაიცემა სათანადო სააღსრულებო ფურცელი. 11. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ახორციელებს ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების კონტროლს. 12. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით. 13. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების წყაროები, აგრეთვე ამ ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილებით, მოსალოდნელი საფრთხისა და მისი გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით. 14. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საბაჟო ორგანოს. მუხლი 137. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე. მუხლი 138. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე. მუხლი 139. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 8 000 ლარამდე. მუხლი 1310. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 7 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. მუხლი 1311. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 1. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარით. 3. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით. 5. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. 7. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 კალენდარული წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის მიმართ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას იმ დღიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც მას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 1312. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. ამ კოდექსის 137−1311 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება არ შედგეს შემოწმების ადგილზე. ეს ოქმი სამართალდამრღვევს გადაეცემა ან ეგზავნება, ხოლო თუ ამ ოქმის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. ამ კოდექსის 137−1310 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 4. ამ კოდექსის 137−1310 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკონომიკურ ოპერატორს არ ათავისუფლებს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შესრულების ვალდებულებისგან. 5. ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო. 6. ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება და პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღებისა და გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში. მუხლი 1313. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი ამ კოდექსის 137−1311 მუხლების შესაბამისად დაკისრებული სათანადო ჯარიმა სამართალდამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. სამართალდამრღვევმა ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შეიძლება ელექტრონული ფორმითაც იქნეს წარდგენილი.“. 4. მე-14 მუხლის 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. მე-15 მუხლის: ა) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ჭ“−„ჰ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. 191−193 მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. 25-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში აღნიშნავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, დამრღვევი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისა.“; გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისა. ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.“; დ) 23-ე ნაწილის: დ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის დადგენილი ვადის დარღვევისას;“; დ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობისას.“. 8. 26-ე მუხლის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 43-ე ან 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისას, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება პირის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა.“. 9. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. 2. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარით. 3. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით. 4. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარით.“. 10. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით. 2. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარით. 3. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარით. 4. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით. მუხლი 29. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით. 2. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით. 3. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. 4. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“. 11. 31-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ფარულად ექსპლუატაცია“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ფარულად ექსპლუატაცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.“. 12. 34-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.“. 13. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 1. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. 2. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით. მუხლი 38. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 1. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით. 2. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით.“. 14. 421−427 მუხლები ამოღებულ იქნეს. 15. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება 1. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 30 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით. 2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტის შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. შენიშვნა: 1. უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციის ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და სხვა), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.“. 16. 44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 17. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარით.“. 18. 48-ე−521 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. მუხლი 49. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით. მუხლი 50. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით. მუხლი 51. მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით. მუხლი 52. იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. შენიშვნა: თუ შენობა-ნაგებობის მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ იგი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს. მუხლი 521. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს, თუ მას დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა სამართალდარღვევის გამოსწორებად არ ჩაითვლება). ამ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ სამართალდარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცეს მითითება მისი დემონტაჟის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ შენობა-ნაგებობის შეკეთება (რემონტი), რეკონსტრუქცია ან აღდგენა შეუძლებელია. 4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და საცხოვრებლად გამოყენებულ შენობა-ნაგებობაზე.“. 19. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.“. 20. 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა. 2. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი მწარმოებელზე გადადის.“. მუხლი 2 1. 2026 წლის 1 ივნისამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა; ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2028 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის პირველი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებისა, მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 ნაწილები, მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-6 და მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1447-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები