საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1760-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.103234
1760-Vმს-XIმპ
24/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
420000000.05.001.103234
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ32“−„ჰ34“ ქვეპუნქტები:

„ჰ32) კეიპტაუნის კონვენცია − „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენცია, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და ამ კონვენციის ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“;

33) საავიაციო ობიექტი − კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ობიექტი, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს, სამოქალაქო შვეულმფრენს ან საავიაციო ძრავას, რომელიც აკმაყოფილებს იმავე კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს;

34) IDERA − „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XIII მუხლით განსაზღვრული რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომ − IDERA-ს დოკუმენტი).“.

2. 9მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა, აგრეთვე კეიპტაუნის კონვენციიდან გამომდინარე სააგენტოს სამართლებრივი აქტისა.“.

3. მე-14 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.“.

4. 23-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის (უფლებამოსილი მხარის) მოთხოვნის შემთხვევაში;“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 და 282 მუხლები:

„მუხლი 281. საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაცია

1. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული, საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის (ქონებრივი უფლების) იმავე კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ელექტრონული კოდის გამოყენებით. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციაზე, რომლებიც შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან რომელთა იმავე რეესტრში სამომავლო რეგისტრაციაზედაც თანხმდებიან კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების მხარეები. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ ვრცელდება საავიაციო ძრავასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციაზე.

3. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული კოდის გაცემის წესს ადგენს სააგენტო.

მუხლი 282. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა

1. კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის არსებობისას სააგენტო უზრუნველყოფს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებას IDERA-ს დოკუმენტის საფუძველზე ან საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების, როგორც კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების, შესახებ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, იმავე კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიერ ამ ბრძანების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. IDERA-ს დოკუმენტი საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძველია, თუ:

ა) იგი რეგისტრირებულია სააგენტოში სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; 

ბ) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორი, რომლის მიმართაც გაცემულია ეს დოკუმენტი, წარადგენს მტკიცებულებას − იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მას საავიაციო ობიექტთან დაკავშირებით აქვს უპირატესი საერთაშორისო ინტერესი ან ასეთი უპირატესი საერთაშორისო ინტერესის მქონე პირს გაცემული აქვს თანხმობა საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტორის მიერ უპირატესი საერთაშორისო ინტერესის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტია კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო რეესტრის მიერ გაცემული პრიორიტეტის ძიების სერტიფიკატი.

3. დაუშვებელია საავიაციო ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისთვის ხელის შეშლა იმ საფუძვლით, რომ კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორს მესამე პირების წინაშე ვადამოსული ვალდებულებები აკისრია.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ მოქმედი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.

2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს 2026 წლის 1 აგვისტოდან „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2026 წ.

N1760-Vმს-XIმპ