„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1096
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017581
1096
11/07/2025
ვებგვერდი, 11/07/2025
100110000.22.027.017581
„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1096

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 30/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.017157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციური კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის თანდართული წესი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ – სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – დაწესებულება) შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის (შემდგომ – პაციენტი) დაზიანების აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგრაფირების საკითხებს.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. თუ დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობის) შესახებ ეჭვს აღუძრავდა, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის თაობაზე პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად.

2. სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, რაც უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით.

3. ინფორმირებული თანხმობის მიღებამდე ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ვინაობის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, სამედიცინო შემოწმების მიზნისა და ხასიათის, მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, შემოწმებისა და სავარაუდო დაზიანების შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგების თაობაზე, აგრეთვე, პაციენტს განუმარტოს დამოუკიდებელი (ალტერნატიული) სამედიცინო შემოწმებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის უფლება.

4. პაციენტის თანხმობის შემთხვევაში ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას. ექიმი ვალდებულია შემოწმების შედეგები დოკუმენტურად ასახოს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის ფორმის“ (შემდგომ – დაზიანების აღრიცხვის ფორმა) შესაბამისად.

5. თუ დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, პაციენტის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. ამ შემთხვევაში ექიმი ახდენს პაციენტის გარეგნულ დათვალიერებას, რის შესახებაც იგი ადგენს ცნობას და ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, პაციენტის გარეგნული დათვალიერების შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს.

6. სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის უარი უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით. პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ექიმი შესაბამის ჩანაწერს აკეთებს დაზიანების აღრიცხვის ფორმის საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექიმი უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო, ფსიქიატრიული მკურნალობის ან/და ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად.“;

დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექიმი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და სამედიცინო შემოწმებაზე დამსწრე დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მონაცემები მიუთითოს დაზიანების აღრიცხვის ფორმის შესაბამის გრაფასა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ცნობაში.“;

ე) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

1. დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა სამედიცინო მომსახურების გაწევისას ექიმს აღნიშნულის თაობაზე წარმოეშობა ეჭვი, იგი დაუყოვნებლივ, ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობებს საქართველოს პროკურატურას, შეტყობინების განხორციელების თაობაზე აგრეთვე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმირების მიზნით ექიმი ტელეფონით დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც.

2. პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველ პუნქტში არსებული გარემოებები, ექიმი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რის თაობაზეც აგრეთვე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმირების მიზნით ექიმი ტელეფონით დაუყოვნებლივ აცნობებს დაწესებულების დირექტორსაც.

3. ექიმი ვალდებულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სატელეფონო შეტყობინება აღრიცხოს სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რომელშიც მიეთითება შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი, შეტყობინების გადაცემის დრო (თარიღი, საათი და წუთი), შეტყობინების გადამცემი და მიმღები პირების სახელი, გვარი და თანამდებობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებული. ჟურნალის შენახვა-გამოყენებაზე ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლის მოთხოვნები.

მუხლი 7

ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექიმი უზრუნველყოფს შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმისა და ფოტოსურათების (ციფრული მატარებლით) ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენას.“;

ვ) მე-8 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მიზნებისთვის ფოტოგრაფირება ხორციელდება სპეციალური ფოტოაპარატის მეშვეობით, რომლის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი.“;

ვ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფოტოაპარატს ლუქავს სამსახურის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო ლუქის მთლიანობას და შენახვა-გამოყენების წესების დაცვას პერიოდულად ამოწმებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი.“;

ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

ფოტოაპარატისა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის სხვა ექიმზე გადაბარებისას მოწმდება ლუქის მთლიანობა და ივსება ფოტოაპარატისა და სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალის გადაბარების ჟურნალი (დანართი №3). ლუქის მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში – დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ან საქართველოს პროკურატურის შესაბამისი თანამშრომელი, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია