დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/13371-25 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 08/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ზვიად ესებუა |
განმცხადებელი – „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“ (Turk Telekom International AT GmbH)
წარმომადგენელი – ვასილ ბიბილაშვილი; მოვალე – შპს „მულტინეტი“ (ს/ნ 405338674); მოთხოვნა – გაკოტრება. სასამართლომ განიხილა „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი შპს „მულტინეტის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ და გამოარკვია: 2025 წლის 15 მაისს, „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) წარმომადგენელმა, განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „მულტინეტის“ (ს/ნ 405338674) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. 2025 წლის 20 მაისის განჩინებით განმცხადებელს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა: 1.1. ინფორმაცია (შესაბამისი ორგანოდან მიღებული) მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; 1.2. ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; 1.3. ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ. 2025 წლის 20 მაისს მიღებული განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად მხარეს განესაზღვრა საპროცესო ვადა - განჩინების ჩაბარებიდან (ანუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდი www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან) 5 (ხუთი) სამუშაო დღე. განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში განთავსდა 2025 წლის 22 მაისს. 2025 წლის 2 ივნისს (ფოსტისთვის განცხადების ჩაბარების თარიღი – 30.05.2025წ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) წარმომადგენელმა (კანცელარიის რეგისტრაციის N11578558). სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე; განჩინება განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) 2025 წლის 6 ივნისს. 2025 წლის 12 ივნისს (საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღი 10.06.2025 წ.) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კერძო საჩივრით მომართა „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმება. სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) კერძო საჩივარი და გაუქმდა სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ. 2025 წლის 19 ივნისის აქტით განმცხადებლის წარმომადგენელს ვახტანგ გულუას განემარტა, რომ იგი ვალდებულია უზრუნველყოს მოვალე შპს „მულტინეტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების ჩაბარება მოვალისათვის 1 თვის ვადაში. 2025 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) წარმომადგენელმა და წარმოადგინა მოვალე შპს „მულტინეტისათვის“ განცხადების ჩაბარების დასტური (კანცელარიის რეგისტრაციის N11675523). სასამართლოს 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) განცხადებაზე შპს „მულტინეტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხზე მსჯელობის ვადა გაგრძელდა 10 დღის ვადით. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხი განხილული უნდა იქნეს ზეპირი მოსმენით. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. ვინაიდან კრედიტორის - „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამოსაკვლევი იყო, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხი განხილული ყოფილიყო ზეპირი მოსმენით. განცხადებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევის მიზნით სასამართლოს მიერ ჩატარებულ იქნა ორი სხდომა 2025 წლის 24 ივლისს და 2025 წლის 29 ივლისს. სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) უარი უნდა ეთქვას შპს „მულტინეტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. კრედიტორის „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) მხრიდან სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვის საფუძველია ის გარემოება, რომ „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) გააჩნიია კრედიტორული მოთხოვნა 81 033.33 ევროს ოდენობოთ შპს „მულტინეტის“ მიმართ. მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულია შემდეგი გარემოებები: განმცხადებელი „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“ (Turk Telekom International AT GmbH) წარმოადგენს ავტრიულ კომპანიას, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული კომპანიის „თურქ ტელეკომ ინთერნეიშნალ“-ის ჯგუფში შემავალი მნიშვნელოვანი კომპანია. განმცხადებელი სხვადასხვა კომპანიას საერთაშორისო დონეზე სთავაზობს ინტერნეტისა და მონაცემთა მომსახურების სრულ სპექტრს. ასევე, ინფრასტრუქტურულ მომსახურებას უწევს ტრადიციულ ოპერატორებს, ალტერნატიულ პროვაიდერებს, მობილურ ოპერატორებს, საკაბელო ტელევიზიის კომპანიებს, ინტერნეტპროვაიდერებს და კორპორაციულ მომხმარებლებს. კრედიტორი კომპანია ოპეირირებს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, თურქთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში (დანართი 1). 2022 წლის 1 ივნისს კრედიტორა და მოვალეს შორის გაფორმდა ძირითადი ხელშეკრულება და IP ტრანზიტის მომსახურების შეკვეთის ფორმა (დანართი 2), რომლის მიხედვითაც განმცხადებელი მოვალეს უწევდა ტელეკომუნიკაციის მომსახურებას, კერძოდ, გლობალური IP ტრანზიტის მომსახურებას საქართველოს და თურქეთის საზღვარზე, სარფში არსებულ დემარკაციის წერტილზე, რაც მოვალეს აძლევდა საშუალებას, რომ წვდომა ჰქონოდა BGB-ის ქსელებზე მის მიმწოდებლებთან, კლიენტებთან და კრედიტორთან დაკავშირებულ საჯარო და კერძო პირებთან, ანუ განმცხადებელი მოვალეს აძლევდა გლობალურ ინტერნეტზე წვდომას. ხელშეკრულების 1.1. მუხლის მიხედვით, მომსახურების დეტალური პირობები და გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა ინტერნეტ ტარიფის მომსახურების შეკვეთის ფორმით. ხელშეკრულების გაფორმებისა და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (დანართი N3) კრედიტორმა დაიწყო მოვალისთვის სერვისის მიწოდება, თუმცა მოვალეს არ გადაუხდია მომსახურების საფასური იმ ფონზე, რომ პრეტენზია არ გამოუთქვამს განმცხადებლის მიერ მისთვის გამოწერილ ინვოისებთან დაკავშირებით. შედეგად, მოვალეს განმცხადებლის მიმართ დაუგროვდა დავალიანება 81 033.33 ევროს ოდენობით. განმცხადებელმა მომსახურების გაწევა შეაჩერა 2024 წლის 2 თებერვალს, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების 4.6 მუხლის მიხედვით. განმცხადებელმა მოვალეს არაერთხელ აცნობა დავალიანების და გადაუხდელი ინვოისების შესახებ, თუმცა ამ ყველაფერს სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მოვალე აღარ ახორციელებდა მომხმარებლისათვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას და მან შეაჩერა საქმიანობა. ეს ინფორმაცია დადასტურდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საჯარო განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ „კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ბაზის მიხედვით, შპს „მულტინეტი“ 2023 წლის ივნისიდან არ ოპერირებს. მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდება „ელექტონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს რეგულირებად საქმიანობას. კერძოდ, კომპანის სჭირდება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული ნებართვა, რასაც თან ახლავს მარეგულირებლის მიერ ავტორიზებული პირის საქმიანობის მონიტორინგი, მარეგულირებლის მონაცემებით კი უკანასკნელი თითქმის 2 წლის განმავლობაში, მოვალე აღარ ოპერირებს და აღარ ეწევა მომხმარებლისათვის ინტერნეტ სერვისის მიწოდების მომსახურებას. შესაბამისად, იგი არ ეწევა იმ ერთადერთ საქმიანობას, რომელსაც შესაძლოა იგი ახორციელებდეს შემოსავლის მისაღებად. მოვალე არ ფლობს რაიმე სახის უძრავ ან იმგვარ მოძრავ ქონებას, რომლის ფლობის შესახებაც განმცხადებელს მიუწვდება ხელი (დანართი N6). ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დგინდება, რომ შპს „მულტინეტს“ არ აქვს შემოსავალი, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და განმცხადებელს გადაუხადოს 81 033.33 ევრო. ამასთან, მოვალე კომპანია თითქმის 2 წლის განმავლობაში აღარ აწვდის მომხმარებელს ინტერნეტ სერვისს, რაც განმცხადებლის ინფორმაციით წარმოადგენს მის მიერ შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროს. ამიტომ აუცილებელია მოვალის მიმართ დაიწყოს გადახდისუუნარობის წარმოება, კერძოდ, დაიწყოს გაკოტრების პროცესი და მოვალის დარჩენილი აქტივები განაწილდეს კრდიტორებზე (კანცელარიის რეგისტრაციის N509119). 2025 წლის 16 ივლისს შპს „მულტიტენტის“ წარმომადგენელმა წარმოდგინა პოზიცია „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) განცხადებასთან დაკავშირებით და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:„მულტინეტი“ არ ეთანხმება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას, რადგან „მულტინეტს“ ე.წ კრედიტორი „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) მიმართ დავალიანება არ გააჩნია. განცხადებაში თურქ ტელეკომი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისა და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, კრედიტორმა დაიწყო მოვალისათვის სერვისის მიწოდება, მოვალის განმარტებით მსგავსი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მხარებს შორის არ მომხდარა. ე.წ კრედიტორმა მულტინეტს გამოუგზავნა მომსახურების მიღების ცალმხრივი აქტი, რომელიც თითქოს მოწმობდა მომსახურების გაწევის დაწყებას ხელშეკრულებით დადგენილი პარამეტრებით. მულტინეტს აღნიშნული აქტი არ დაუდასტურბია, პირიქით მულტინეტმა გამოთქვა პრეტენზია თურქ ტელეკომის მხირიდან მომსახურების გაწევის დაწყების არაგონივრულ ვადით დაგვიანებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულება დაირღვა სწორედ თურქ ტელეკომმა, რომელმაც 6 თვით დაგვიანებით დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. მულტინეტს თურქ ტელეკომის მიმართა დავალიანება არ გააჩნია, რადგან ხლშეკრულების არსებითი დამრღვევი მხარე გახლდათ სწოედ თურქ ტელეკომი და არა მულტინეტი; მულტინეტს არ მიუღია მომსახურება თურქ ტელეკომისგან; მულტინეტის მხრიდან არ მომხდარა მომსახურების მიღების აქტის დადასტურება და პირიქით აღნიშნული არის სადაოდ გამხდარი. განცხადბის მე-5 დანართად წარმოდგენილია კომუნიკიაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 24 იანვრის განცხადება შპს „მალტისოფტის მიერ შპს „ჯეო ტივის„ საოპერაციო აქტივების ნაწილის შეძენაზე თანხმობის მიცემის განხილვის შესახებ. აღნიშნული დანართი განმცხადებელს მოყვანილი აქვს იმის მტკიცებულებად, რომ შპს „მულტინეტი“ აღარ ახორციელებს მომხმარებლისათვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებს და მან შეაჩერა საქმიანობა. აღნიშნული დოკუმენტი ეხება სრულიად სხვა პირებს შორის არსებულ ურთიერთობას და არ არის შემხებლობაში შპს „მულტინეტთა“. იგი არ ამტკიცებს, რომ შპს „მულტინეტი“ აღარ ახორციელებს მომხმარებლისათვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას და რომ მან შეაჩერა საქმიანობა. მოვალის მითითებით შპს „მულტინეტი“ არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული პირი და მისი ავტორიზაცია არის ძალაში (დანართი 3) (კაცენლარიის რეგიასტრაციის N 697122). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით: 1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. 2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება. 3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში კრედიტორს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) გაკოტრების რეჟიმის მიმართ საკუთარი ინტერესის დასაბუთება; ბ) მოვალისთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.) 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია. როგორც უკვე აღინიშნა, მოვალე შპს „მულტინეტი“ წინააღმდეგია მის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ნებისმიერ ფორმით ამოქმედებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მიზანია (1-ლი მუხლი) კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კანონის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მართალია, მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახის განცხადების შემთხვევაში სასამართლომ უნდა გახსნას გადახდისუუნარობის საქმე, სწორედ აღნიშნული კანონის დანაწესში მითითებულია, რომ სასამართლო ნიშნავს ზეპირ მოსმენას თუ მხარე სადავოდ ხდის მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების ფაქტს, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. საქმის მასალების კვლევის შემდგომ სასამართლო იზიარებს იმ გარემოებას, რომ შპს „მულტინეტი“ არ არის გადახდისუუნარო და არ არის იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერ ფარავდეს ვადამოსულ ვალდებულებებს. კერძოდ, საქმეში მოიპოვება შემდეგი მტკიცებულებები: 2025 წლის 23 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად, საქართველოს ფინასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ N996 ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 23.05.2025 მდგომარეობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, შპს „მულტინეტი“ (ს/ნ 405338674) საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელია სატატუსი - „აქტიური“. 2025 წლის 30 მაისის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, შპს „მულტინეტის“ მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო/გამარტივებული წარმოება არ მიმდინარეობს და მიმდინარე წარმოების ფარგლებში არ არის გავრცელებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით დგინდება, რომ შპს „მულტინეტის“ მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრის მონაცემებით საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რესტრიდან ამონაწერით 30.05.2025 დგინდება, რომ შპს „მულტინეტი“ 2025 წლის 30 მაისის მდგომარეობით წარმოადგენს აქტიურ სუბიექტს და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის ძალაში არსებული მონაცემებით ერთიანი ბანკის თანახმად, ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის (30.05.2025წ) შპს „მულტინეტის“ (ს/ნ 405338674) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის. სასამართლო მიუთითებს, რომ ერთადერთი გარემოება, რის საფუძველზც განმცხადებელი ითხოვს შპს „მულტინეტის“ მიმათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას არის ის, რომ შპს „მულტინეტმა“ შეაჩერა საქმიანობა, აღნიშნული დამადასტურებლად წარმოდგენილია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება შპს „მულტინეტის“ ოპერირების შეწყვეტასთან დაკავშირებით (გამოქვეყნების თარიღი 24 იანვარი, 2024 წელი; მიღების თარიღი 18 იანვარი, 2024 წელი), განსახილველ შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში წარმოდგენილია 2025 წლის 15 მაისს, შესაბამისად იმ პირობებში, როცა მოვალის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უწყების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ შპს „მულტინეტი“ არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული პირი და მისი ავტორიზაცია არის ძალაში, განმცხადებლის 2024 წლის 18 იანვარის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება შპს „მულტინეტის“ ოპერირების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიიჩნევა არარელევანტურ მტკიცებულებად, ე.წ მოვალის საქმიანობის შეწყვეტის დასადასტურებლად განცხადების სასამართლოში წარმოდგენის მომენტისათვის. ფაქტია, რომ კომპანია ფუნქციონირებს და აქტიური სტატუსის მქონე სუბიექტს წარმოადგენს. რაც შეხება „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) მიმართ არსებულ ვალდებულებას, მხარე სადავოდ ხდის საერთოდ ვალდებულების არსებობას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების არსებობის ფაქტი, მაშინ როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის წარმოებაში მიღების ეტაპზე ხდის სადავოდ, შეიძლება სასარჩელო წესით განსახილველ მოთხოვნასაც წარმოადგენდეს და არ იყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძველი. სწორედ აღნიშნული გარემოების კვლევის საფუძველი იყო სასამართლოს მხრიდანაც საქმის ზეპირი მოსმენის დანიშვნა, რომ გამოეკვლია, თუ რამდენად იყო საწარმო გადახდისუუნარობის ფაქტის წინაშე. სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმები და, ამავდროულად, იმოქმედებს ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანი და სამართლიანი დაცვის გარანტიები, რაც არ ნიშნავს, იმას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალეს შესწევს ვალდებულებების შესრულების უნარი, რასაც ჩვენს შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ აქვს ადგილი, იმიტომ რომ კრედიტორმა წარმოადგინა განცხადება, სასამართლო ვალდებულია წარმოებაში მიიღოს და დაიწყოს აღნიშნული კანონის რაიმე ფორმით ამოქმედება. გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დაშვება და აღნიშნული პრეზუმფციის პირობებში, ადრეულ ეტაპზევე, სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა მოვალის გაკოტრების გზით კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. თუმცა, აღნიშნული უფლება კეთილსინდისიერად უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან არაკეთილსინდისიერი განზრახვის პირობებში განმცხადებელმა მითითებული შესაძლებლობის გამოყენებით შეიძლება ზიანი მიაყენოს მოვალეს. არაკეთილსინდისიერ მიზნებს შორის შეიძლება იყოს, მოვალის საქმიანობის შეჩერება, მისი ხელოვნურად გადახდისუუნარობამდე მიყვანა და ა.შ., ამიტომ ნიშანდობლივია, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესი მასზედ, რომ თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, განმცხადებელს დააკისროს განცხადების შეტანით მოვალის ან/და კრედიტორებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად; ბ) მოვალის მიერ განცხადების წარდგენა მიზნად ისახავს კრედიტორისათვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელშეშლას; გ) განცხადების წარდგენის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირთა უფლებების სხვაგვარი დარღვევა. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განმხილველი სასამართლო. ამდენად, თუ დადასტურდება, რომ განმცხადებელი გადახდისუუნარობის განცხადებით მოვალისათვის ან/და კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად, ასეთ შემთხვევაში, ამავე პროცესში სასამართლო, მოვალის ანდა კრედიტორს მოთხოვნით, განმცხადებელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, რაც ამავე წარმოების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, საერთო წესით, კერძო საჩივრით საჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, რთულად სამტკიცებელი კატეგორიაა, თუმცა, მოვალის ანდა კრედიტორის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთი განმცხადებლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე რეალიზებულად ჩაითვლება, თუ ის შეძლებს დადასტურებას, რომ იგი (მოვალე) გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი თავიდანვე არ ყოფილა და განმცხადებელმა ეს ინფორმაცია იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, ამასთან, გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი შედეგები (გადახდების შეწყვეტა, ქონების დაყადაღება და ა.შ.) განმცხადებლის ინტერესებში შედიოდა. მოვალის მტკიცების საგანში შემავალი კატეგორიაა, ასევე, იმ ზიანის ოდენობაც, რომელიც მის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვამ გამოიწვია. შესაბამისად, თუ განმცხადებელს ზიანის მიყენების განზრახვა დაუდასტურდა, მას ამავე წარმოების ფარგლებში, როგორც საპროცესო ხარჯები, ასევე, ზიანის ანაზღაურება დაეკისრება. საიდან შეიძლება წარმოიშვას ზიანი? ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ ზიანი, ძირითადად, მორატორიუმის თანმდევი შედეგი შეიძლება იყოს. მორატორიუმი კი ამუშავებას გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად იწყებს. გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობა მხარემ (ანდა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა) შეიძლება კერძო საჩივრით გაასაჩივროს. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინებით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას ანდა ამავე განჩინებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. იმ შემთხვევაში, თუ განჩინების აღსრულებით შეუქცევადი სამართლებრივი შედეგები დადგება ანდა ასეთი შედეგების დადგომის სამართლებრივი საფრთხე შეიქმნება, მეტად სავარაუდოა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული განჩინების მოქმედება შეაჩეროს. აღნიშნული საპროცესო ქმედების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლი იქნება, მით უფრო, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება დასაშვებია, თუ სპეციალური კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი განჩინების მოქმედების შეჩერება დასაშვები უნდა იყოს, თუ შეჩერება არ ეწინააღმდეგება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, თუ პირი ფიქრობს, რომ გადახდისუუნარობის განცხადება მისთვის განზრახ ზიანის მოტანას ემსახურებოდა, ასეთ შემთხვევაში, მისთვის ზიანი მას შემდეგ დადგება, თუ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად მორატორიუმის ღონისძიებები ამუშავდება, შესაბამისად, პირს, რომელიც გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებობას კერძო საჩივრით სადავოდ ხდის, ამავდროულად, უფლება აქვს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და ამგვარი ზიანის დადგომის ამსახველი მტკიცებულებების წარდგენის გზით, გადახდისუუნარობის განცხადების თანმდევი სამართლებრივი შედეგების ამოქმედების შეჩერება მოითხოვოს. ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო პროცესის ფარგლებში, უსაფუძვლო სარჩელით ზიანის მიყენების განზრახვის დადასტურება სავალდებულო არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია უსაფუძვლო სარჩელისა და ამ სარჩელის მიზნებისათვის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანი, ხოლო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უსაფუძვლო გადახდისუუნარობის განცხადების აღძვრის პირობებში, უნდა დასტურდებოდეს, ასევე, განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“საქართველოს კანონის მიხედვით) მართალია სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ შედის ზ/ხსენებული გარემოებების კვლევაში, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების უსაფუძვლო გახსნამ შეიძლება ორივე მხარის მიმართ წარმოშვას გარკვეული ზიანის მომტანი გარემოებები იმთავითვე არსებობს. შესაბამისად, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მიხედვით გადახდისუუნარობის გახსნის კანონით დადგენილი საფუძვლები არსებობს, კერძოდ, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს და შეაჩერა საქმიანობა, რასაც შპს „მულტინეტის“ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება, ეჭვი იმისა, რომ საწარმო შეიძლება გადახდისუუნარო გახდეს არსებობს ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ, გონივრული საფუძვლის არსებობა რასაც წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე მიუთითებს „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული და არც არსებობს. ასევე აღნიშნული კანონის ერთ-ერთი მთავარი განმარტება, გადახდისუუნარობის გახსნისა არის ის, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობა იმთავითვე არ მოიაზრებს გადახდისუუნარობის გახსნის საფუძვლებს. მის საპირისპიროდ მოვალის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომ იგი არ არის გადახდისუუნარო და მას შესწევს უნარი დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, თუნდაც აღნიშნული პოზიციის წარმოდგენა იმთავითვე აჩერებს სასამართლოს უფლებას ზეპირი მოსმენის გარეშე წარმოებაში მიიღოს საქმე და მხოლოდ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდგომ იღებს გადაწყევტილებას გადახდისუუნარობის გახსნის ან არ გახსნის შესახებ. შესაბამისად ის გარემოება, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის არსებობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძველია, სასამართლოს არ მიაჩნია სწორად. სასამართლო თვლის, რომ შპს „მულტინეტი“ არ არის გადახდისუუნარო, მას არ შეუჩერებია ფუნქციონირება, შესაბამისად „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) უარი უნდა ეთქვას შპს „მულტინეტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის თანახმად გადახდისუუნრობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას კრედიტორი სახელმწიფო ბაჟს იხდის მისი მოთხოვნის ღირებულების 3 პროცენტის ოდენობთ, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ გადახდისუუნაობის საქმის წამოების დაწყების შესახებ კრდიტორის განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი, მას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხის 70% პროცენტი დაუბრუნდება. განცხადება სასამართლოში წარმოადგენილია 2025 წლის 15 მაისს. საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსი 2025 წლის 15 მაისის მდგომარეობით 1 - ევრო არის 3.0822 ლარი. განმცხადებლის კრედიტორულ მოთხოვნას შეადგენს 81 033.33 ევრო, რაც 2025 წლის 15 მაისის მდგომარეობით შეადგენს 249 760.93 ლარს, აღნიშნული თანხის 3% პროცენტი არის 7492.83. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდოს ზედმეტად გადახდილი თანხა 46.16 ლარის ოდენობით და ასევე, სახელმწიფო ბაჟის 7492.83 ლარის 70% (5244.98 ლარი). სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 47-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და დაადგინა: 1. „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) უარი ეთქვას შპს „მულტინეტის“ (ს/ნ 405338674) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე; 2. „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) (FN99090x) დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედემტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 7538.99 ლარიდან - 46.16 ლარი, რომელიც გადახდილია 2025 წლის 13 მაისს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი – 300 773 150 (საგადახდო დავალება N200). 3. „თურკ ტელეკომ ინთერნეიშნალ ათ გმბჰ“-ს (Turk Telekom International AT GmbH) (FN99090x) დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7538.99 ლარიდან - 5244.98 ლარი, რომელიც გადახდილია 2025 წლის 13 მაისს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი - 300 773 150 (საგადახდო დავალება N200). 4. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; 5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია. 6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. მოსამართლე ზვიად ესებუა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები