„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016614
13
06/03/2026
ვებგვერდი, 09/03/2026
190040000.35.138.016614
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 6 მარტი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილებაში  (matsne. gov. ge; 25/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016599) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ახალციხის მუნიციპალიტეტის  2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი):
1.

მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის

1. 2026 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე ყოველი ახალშობილისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია/დროებით რეგისტრაციის მქონეა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 300 (სამასი) ლარი;

ბ) მეორე ახალშობილისთვის – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;

გ) მესამე ახალშობილისთვის – 400 (ოთხასი) ლარი;

დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი;

ე) მეხუთე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის, წინა ახალშობილისთვის დახმარებით გათვალისწინებულ თანხის ოდენობას დაემატოს 200 (ორასი) ლარი.

3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 700 (შვიდასი) ლარი;

ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 800 (რვაასი) ლარი;

გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 900 (ცხრაასი) ლარი;

დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 1600 (ერთი ათას ექვსასი) ლარი.

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილის  რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ) ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში;

ზ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ 2025 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად ან არ მიუღიათ.

9. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

10. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

11. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ 2025 წლის  ნოემბრის და დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად ან არ მიუღიათ.“.

2.

მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები (ამ მუხლის მიზნებისათვის მრავალშვილიან ოჯახს განეკუთვნება 0-დან 18 წლამდე 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და გერი), რომელთა ერთ-ერთი მშობელი და ყველა არასრულწლოვანი შვილი/გერი რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული სოციალური დახმარების ოდენობა განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახისთვის, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი – 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში აღნიშნული დახმარება გაიზრდება 100 (ასი) ლარით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ყველა ბავშვის/არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლების რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან არასრულწლოვანის ოჯახის შესახებ;

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ზ)  ყველა ბავშვის/არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი საჭიროების შემთხვევაში.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების   ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“.

3. 21-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები,  რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას (გარდა ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახებისა), კერძოდ:

ა) ოჯახი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით;

ბ) ოჯახი, რომლის არცერთი წევრი არ არის დასაქმებული ან არ გააჩნია რაიმე შემოსავალი;

გ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირები;

დ) მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ან მარჩენალდაკარგული/მარჩენალგარდაცვლილი/ობოლი ბავშვიანი ოჯახები (ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე შვილი/შვილები);

ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ღარიბი/ღატაკი, ბავშვიანი ოჯახი;

ვ)ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტუბერკულოზით დაავადებული (ტუბერკულოზის რეზისტენტული და სენსიტიური ფორმა) მოქალაქეები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს წელიწადში ორჯერ, წლის პირველ ნახევარში და წლის მეორე ნახევარში, გადაეცემათ – 300 (სამასი) ლარიანი სასურსათო ვაუჩერი.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ;

ბ) განმცხადებლის/ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა შემოსავლების შესახებ (ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი დოკუმენტი რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის/სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირის შესახებ (ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი დოკუმენტი მარტოხელა დედის სტატუსის შესახებ (ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ზ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

თ) დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

4. 2026 წელს წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილების „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ 22-ე მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობდნენ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.“.

4.

23-ე  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23. იძულებით გადაადგილებულ პირთა  დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები და ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ოჯახები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს წელიწადში ორჯერ, წლის პირველ ნახევარში და წლის მეორე ნახევარში, გადაეცემათ 150 (ას ორმოცდაათი)-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა (ოჯახების) მონაცემების შესახებ;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ჰუმანიტარული სტატუსით მოსარგებლის დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა/დამადასტურებელი დოკუმენტი ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობის შესახებ საქართველოში.

4. 2026 წელს წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბერის №26 დადგენილების „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ 24-ე მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობდნენ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.“.

5. 25-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25.  გარდამავალი დებულებანი

1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან.

2. ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ღარიბი ოჯახი არის – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.

3. წინამდებარე წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-11, მე-12, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ნახევარზე მეტი.

4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.

5. 2025 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შესაძლოა განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან.

6. ამ წესის წინამდებარე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა მინიჭებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

7. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, გარდა მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად რეკომენდირებული რეფრაქციული ქირურგიისა (მხედველობის ლაზერული კორექცია);

დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), გარდა ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით (გარდა მუხლი 8-ით, მუხლი 9-ით, მუხლი 17-ით, მუხლი 20-ით, მუხლი 21-ით, მუხლი 22-ით, მუხლი 23-ით და მუხლი 24-ით მოსარგებლე ბენეფიციარებისა და 2026 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვების შემთხვევისა) მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესის ძალაში შესვლის დღემდე რეგისტრირებული მოქალაქეები.

9. 0-18 წლამდე ასაკის ბენეფიციართათვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული ბენეფიციარის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში.

10. ამ წესის მიზნებისათვის ბენეფიციარებად, გარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისა, განისაზღვრებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები (ოჯახები).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა კბილაშვილი