დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025644 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2015, 040030000.10.003.018446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) საველე აქტი − ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ინსპექტირების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიები, ნებართვები, გადაწყვეტილებები, აგრეთვე სააგენტოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმებული გეგმები, დოკუმენტები, დამტკიცებული კვოტები და ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია, მათი გადაცემის, ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ.“; ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. სამინისტროს მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის გეგმები და ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია, მათი დამტკიცების, გადაცემის ან ცვლილების შეტანის შესახებ.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − ეროვნული სააგენტო) მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები, ათვისების გეგმები და ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათი გაცემის, გადაცემის, ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სსიპ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს შეთანხმებული რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია ნიადაგის კონსერვაციის ან/და ნამეტი ნიადაგის განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.“. 3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა, მეყსეული და უშუალო საფრთხე შეუქმნას დარღვევების შესახებ შესაბამის მტკიცებულებებს, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ახორციელებს ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის საჭირო ღონისძიებებსა (მათ შორის, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, მტკიცებულებების დალუქვა, სინჯების აღება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების გატარებას.“. 4. მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია, ჩატარდეს მიზნობრივად, გარემოს ან ბუნებრივი რესურსების ცალკეული კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით, ხოლო დიდი ფართობის მქონე რეგულირების ობიექტის შემოწმება შესაძლებელია, განხორციელდეს შესამოწმებელი ფართობ(ებ)ის შერჩევით.“. 5. მე-10 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ − „ნ“ ქვეპუნქტები: „ე) ტყითსარგებლობის წესების დარღვევით გამოყოფილ ტყეკაფში სარგებლობა; ვ) საქართველოს ტყეში გზის უკანონოდ მოწყობის სამუშაოების წარმოება; ზ) ექსტენსიური აკვაკულტურის ობიექტზე თევზის რესურსით სარგებლობა თევზების მასობრივი დახოცვის/მოწამვლის ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სხვა მავნე ფაქტორების იდენტიფიცირების შემთხვევაში; თ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი კვოტის გადაჭარბებისას რესურსით სარგებლობა; ი) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციისას სასოფლო-სამეურნეო გენმოდიფიცირებული კულტურ(ებ)ის ბაზარზე განთავსება/გამოყენება; კ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადამეტება; ლ) ინოვაციური ტექნიკის გამოყენება/გამოცდა კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ემისიის დონეების დაკმაყოფილების გარეშე; მ) „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არსებითი ცვლილება, რამაც გამოიწვია ამავე კანონის I დანართში მითითებული ზღვრების, სულ მცირე, გაორმაგება; ნ) „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების შედეგად ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების საბაზისო ანგარიშით დადგენილი მდგომარეობის გაუარესება.“. 6. მე-20 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების დამთავრების შემდეგ, თუ დათვალიერების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა ან ადგილზე არ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, შეადგინოს სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების აქტი (დანართი №8), რომელშიც აისახება დათვალიერებისას მოპოვებული ინფორმაცია და განხორციელებული ქმედებები. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ შედგენილი სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების აქტი დადგენილი წესით წარედგინება შესაბამისი სამსახურის/სამმართველოს უფროსს. 3. რეგულირების ობიექტის შემოწმება დასრულებულად მიიჩნევა ინსპექტირების შესახებ შემოწმების აქტის (დანართი №4) შედგენით, რომელსაც უზრუნველყოფს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი. ინსპექტირების შესახებ შემოწმების აქტში აისახება შემოწმებისას განხორციელებული ქმედებები, შემოწმების შედეგები და გამოვლენილი დარღვევები. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება ან შემოწმების აქტის შედგენამდე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შემოწმების აქტის შედგენას უზრუნველყოფს შემოწმების ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ინსპექტირების განმახორციელებელი ნებისმიერი პირი.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. რეგულირების ობიექტის შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოამზადოს შემოწმების ანგარიში, რომელიც, დადგენილი წესით, წარედგინება დეპარტამენტის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება ან შემოწმების ანგარიშის შედგენამდე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შემოწმების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს შემოწმების ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ინსპექტირების განმახორციელებელი ნებისმიერი პირი.“; გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ დეპარტამენტის მიერ რეგულირების ობიექტისთვის ან რეგულირების ობიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის დეპარტამენტის წერილის, შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარება (გაცნობა) ვერ ხერხდება ან იგი უარს აცხადებს ჩაბარებაზე, ჩაბარებად (გაცნობად) ჩაითვლება აღნიშნული დოკუმენტების გაგზავნა რეგულირების ობიექტის ან მისი უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე, აგრეთვე ჩაბარებად (გაცნობად) ჩაითვლება დოკუმენტების განთავსება დეპარტამენტის წერილში, შესაბამის სამართლებრივ აქტში, ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე ან ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაზე (https://nam.rs.ge/) რეგულირების ობიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე. ამ პუნქტის მიზნებისათვის, თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა: ა) რეგულირების ობიექტის იურიდიული მისამართი; ბ) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა; გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა; დ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი ღობე.“. 7. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები: „12. შემოწმების შესახებ ინსპექტირების ანგარიში საქმიანობის განმახორციელებელს წარედგინება ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში. 13. რეგულირების ობიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ ანგარიშის კამერალური შესწავლა/ანალიზი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ან დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად.“. 8. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობაში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. რეგულირების ობიექტის ინსპექტირებისას, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნის შესრულების შემოწმება დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა ხორციელდება საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ.“. 9. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. რეგულირების ობიექტი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარების შემდგომ, სათანადო დასაბუთებით ერთჯერადად მიმართოს დეპარტამენტს მიწერილობით განსაზღვრული გონივრული ვადების გადავადების თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის „ლ“ − „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტით განსაზღვრული მე-20 მუხლის მე-12 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის „ლ“ − „ნ“ ქვეპუნქტები და მე-7 პუნქტით განსაზღვრული მე-20 მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები