დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული – „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024 − 2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360110000.10.003.025671 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული – „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024 − 2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №167 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2021, 360110000.10.003.022723) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული, საქართველოს განახლებული „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“ (დანართი 1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული, საქართველოს განახლებული „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“
|
1. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (მესამე ციკლი) აღწერა
1.1. მიზნები საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიზანია ქვეყნის მდგრადი, დაბალანსებული, დაბალემისიიანი და კლიმატმედეგი განვითარების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის „პარიზის შეთანხმების“ (შემდგომ – პარიზის შეთანხმება) ფარგლებში, ტემპერატურის მატების 1.5°C-მდე შეზღუდვის გლობალურ მცდელობათა შესაბამისად, საქართველო აღიარებს დაუყოვნებელი და ამბიციური მოქმედების საჭიროებას კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით. საზოგადოების მონაწილეობითი მიდგომის გათვალისწინებით და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მიხედვით: 1. საქართველო იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ნეტო ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 47%-ით შეზღუდოს, ხოლო 2035 წლის სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვროს 50%-იანი შემცირება.
გრაფიკი 1. ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ნეტო ემისიების ჯამური მაჩვენებლები 2030,2035 წწ.
2. 2035 წლისთვის საქართველო გეგმავს, კლიმატის სფეროს დაფინანსების გაზრდით და პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომების გამოყენებით, დაახლოებით, 26 მილიონი ტონა CO2 ეკვ.-ის წვლილი შეიტანოს გლობალური ემისიების შემცირებაში. 3. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესასრულებლად მზადდება კლიმატის ცვლილების შერბილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა განისაზღვროს კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ ამ მხრივ აღებული ვალდებულებების შესრულებას და სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას. ამასთან, წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებელი თანხვედრაშია კლიმატისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული გეგმით განსაზღვრულ შესაბამის სამიზნე მაჩვენებელთან. 4. საქართველო იღებს ვალდებულებას, ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების მობილიზებით განაგრძოს ადაპტაციის ხარვეზებისა და შეზღუდვების შესწავლა და კვლავაც შეაფასოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები, ასევე, თავისი მოსახლეობის, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ჯგუფების1, ეკონომიკური სექტორებისა და ეკოსისტემების ადაპტირების შესაძლებლობები. 5. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მე-5 თავში აღწერილი საადაპტაციო საკითხები აისახება ადაპტაციის პირველ ეროვნულ გეგმაში, რათა განისაზღვროს ტრანსფორმაციული საადაპტაციო ზომები და ინოვაციური მიდგომები კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გასაზრდელად. 6. საქართველო ისწრაფვის კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და ქმედებების შემუშავება-განხორციელებისას გამოიყენოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა (HRBA). ეს უზრუნველყოფს, რომ კლიმატთან დაკავშირებული ღონისძიებები აღიარებდეს და იცავდეს ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების, რომლებიც არაპროპორციულად განიცდიან კლიმატის ცვლილების ზეგავლენას; ასევე, აწარმოოს მოწყვლადი ჯგუფების სეგრეგირებული მონაცემები, პერიოდულად ჩაატაროს ანალიზი სპეციფიკური საჭიროებების გამოსავლენად და შეიმუშაოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად. 7. საქართველო ისწრაფვის სამართლიანი და ინკლუზიური გადასვლისკენ, ქალებისა და კაცების არსებითი თანასწორობის, სოციალური ჩართულობის2, გამჭვირვალობისა და სამართლიანი გადასვლის პრინციპების ინტეგრირებით კლიმატის ცვლილებისა და სექტორული პოლიტიკების შემუშავება-დაგეგმვის, ასევე, ქმედებათა განსაზღვრის პროცესებში.3 8. საქართველო ისწრაფვის, გამოავლინოს მაღალი ზეგავლენის ქვეშ მყოფი სექტორები, დარგები, ტერიტორიები და თემები, რათა განახორციელოს სამართლიანი გადასვლის ღონისძიებები და განსაზღვროს საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის: შეიმუშაოს დასაქმებულთა გადამზადებისა და უნარების გაუმჯობესების პროგრამები, ხელი შეუწყოს მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას, განახორციელოს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია ემისიაინტენსიურ აქტივობებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულ რეგიონებში და გააძლიეროს მოწყვლადი ჯგუფები, მათზე მორგებული განათლების, შესაძლებლობათა გასაუმჯობესებელი ინიციატივებისა და მწვანე ფინანსების უზრუნველყოფით. 9. საქართველო აღიარებს კლიმატტექნოლოგიების განვითარებისა და გადმოტანის, ასევე ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციულ პოტენციალს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად. იგი მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატურ ინოვაციას და წაახალისებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებათა გასატარებლად; ასევე, შეისწავლის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პოტენციალს კლიმატმედეგობის გაზრდის, დაბალნახშირბადიანი განვითარების წახალისებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების მობილიზებით. 1.2. მიზნების შესრულების ვადა 10. საქართველო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებას გეგმავს 2026 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 1.3. საბაზო წელი 11. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის პირველი პარაგრაფის თანახმად, საბაზისო მონაცემებად გამოყენებულია სათბურის აირების ანთროპოგენური ემისიებისა და მათი შთანთქმის დონე 1990 წლის მდგომარეობით. 12. 1990 წლის მთლიანი ეროვნული სათბურის აირების ემისიები და მათი შთანთქმა შეიძლება პერიოდულად გადაითვალოს ორწლიურ გამჭვირვალობის ანგარიშ(ებ)ში მეთოდოლოგიის გაუმჯობესების შემთხვევაში. 1.4. მოქმედების არეალი 13. ემისიების შეზღუდვა კონკრეტულ სამიზნე მაჩვენებლამდე მოიცავს და ეფუძნება ეკონომიკის შვიდი სექტორის ანალიზს, ესენია: ენერგიის წარმოება და მიწოდება, შენობები, ტრანსპორტი, მრეწველობა, ნარჩენების მართვა, სოფლის მეურნეობა და მიწათსარგებლობა, ცვლილება მიწათსარგებლობაში და სატყეო მეურნეობა (LULUCF). 14. საქართველო გეგმავს „სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის“ დოკუმენტში შეძლებისდაგვარად განაგრძოს სათბურის აირების აღრიცხვა, რომლებიც არ რეგულირდება მონრეალის ოქმით ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ. მათ შორისაა: ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), აზოტის ქვეჟანგი (N2O), პერფტორნახშირწყალბადები (PFC), ფტორნახშირწყალბადები (HFC)4, გოგირდის ჰექსაფტორიდი (SF6) და აზოტის ტრიფტორიდი (NF3). 15. საქართველო ასევე გეგმავს, შეძლებისდაგვარად განაგრძოს მართული ტყისა და ნიადაგის ნახშირბადის მარაგის აღრიცხვა შემდეგი წყაროებიდან: მიწისზედა (ცოცხალი) ბიომასა, მიწისქვეშა (ცოცხალი) ბიომასა, ძირნაყარი ბიომასა, მერქნული ხმელი ბიომასა და ნიადაგის ორგანული ნახშირბადი. 16. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია მოიცავს ყველაზე მოწყვლად ეკონომიკის სექტორებს, ეკოსისტემებსა და ბუნებრივ რესურსებს. მათ შორისაა (და არა მხოლოდ): ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ბიომრავალფეროვნება, მთები, მყინვარები, ტყეები, წყლის ეკოსისტემები, შავი ზღვის სანაპირო ზონა, ზედაპირული და გრუნტის წყლების რესურსები, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა. 17. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სტიქიურ მოვლენათა ზეგავლენაზე დაკვირვებით, გამოვლინდნენ მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც გადაუდებელ საადაპტაციო ღონისძიებებს საჭიროებენ. ესენი არიან: ქალები და გოგოები, ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, მიგრანტები, უმცირესობები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ფერმერები, დაბალშემოსავლიანი ოჯახები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, ამინდის ექსტრემალურ მოვლენათა საფრთხის მაღალი რისკის ზონებში მცხოვრები თემები და იქ დასაქმებულები. 18. საქართველო მხარს უჭერს მონაწილეობით მიდგომებს, რომლებიც ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სტრატეგიებისა და მოქმედებების დაგეგმვის, პროექტირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში. ეს უზრუნველყოფს მოწყვლადი ჯგუფების მრავალფეროვანი საჭიროებების ასახვას საადაპტაციო ქმედებებში. 2. ეროვნული გარემოებები და ინსტიტუციური მოწყობა 19. პარიზის შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული გამჭვირვალობის ჩარჩოს ასამოქმედებლად და მხარდასაჭერად მოდალობებზე, პროცედურებსა და სახელმძღვანელო მითითებების (MPG) შესახებ მიღებული 18/CMA.1 გადაწყვეტილების მეორე დანართის 59-ე - 63-ე პარაგრაფების თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას, თავის ორწლიურ გამჭვირვალობის ანგარიშში განახლებული ინფორმაცია წარადგინოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოებებსა და ინსტიტუციურ მოწყობაზე ქვეყანაში, განსაკუთრებული ყურადღებით მოწყვლადი ჯგუფებისა და სოფლად მცხოვრები პირების მიმართ. 20. საქართველო მიესალმება ქვეყნის მუნიციპალიტეტთა როლს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განვითარებაში, აღნიშნავს მერების შეთანხმების ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს შემდგომი აქტიურობისკენ. 3. საქართველოს კლიმატის ცვლილების გამჭვირვალობის ეროვნული ჩარჩოს შექმნა 21. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი აღიარებს ამ დოკუმენტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რომელიც აღწერილია პირველ ორწლიურ გამჭვირვალობის ანგარიშში. 22. მე-3 და მე-5 პარაგრაფების თანახმად, საქართველო გეგმავს შექმნას ადაპტაციისა და შერბილების პოლიტიკის საიმედო, განმეორებადი ციკლი, მათ შორის, შეიმუშაოს დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების ჩარჩოები. 23. საქართველო იღებს ვალდებულებას, გააუმჯობესოს კლიმატის ცვლილების გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოს დანერგვის ეროვნული პროცესი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირებით და კლიმატის ცვლილების ელექტრონულ მონაცემთა მართვის სისტემის გარდაქმნით გამჭვირვალობის ეროვნული პლატფორმის პორტალად. 4. შერბილება 24. საქართველო მიესალმება 1/CMA.5 გადაწყვეტილებას პირველი გლობალური საერთო ანგარიშის შედეგების შესახებ, განსაკუთრებით, 28-ე პარაგრაფში ჩამოთვლილ დებულებებს:
25. საქართველომ თითოეული სექტორისთვის სათბურის აირების ემისიების შემცირების პოტენციალის შეფასებით განსაზღვრა ემისიების შეზღუდვის სამიზნე მაჩვენებლები. 4.1 ენერგიის გენერაცია და მიწოდება 26. 2030 წლისთვის საქართველო გეგმავს ენერგიის გენერაციისა და მიწოდების სექტორიდან სათბურის აირების ემისიების 15%-ით შეზღუდვას „ღონისძიებების გარეშე“ (WOM) სცენართან შედარებით, რომელიც აღწერილია ქვეყნის ორწლიან გამჭვირვალობის ანგარიშში (BTR). ელექტროენერგიის გენერაციაში განახლებადი ენერგიის მაღალი წილის გათვალისწინებით საქართველო აპირებს ამავე სამიზნე მაჩვენებლის შენარჩუნებას 2035 წლისთვის. 27. საქართველო გეგმავს კვლევის ჩატარებას, რათა პროექტები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია სახელმწიფოს მხარდაჭერით, გამიჯნოს კლიმატთან დაკავშირებული საერთაშორისო, შეღავათიანი დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტებისგან; ასევე განსაზღვროს მაღალი ფასისა და მნიშვნელობის მქონე პროექტები, რომელთა განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნება პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომები. 4.2. ტრანსპორტი 28. 2030 წლისთვის საქართველო გეგმავს 20%-მდე გაზარდოს ტრანსპორტის სექტორიდან სათბურის აირების ემისიების შეზღუდვის სამიზნე მაჩვენებელი „ღონისძიებების გარეშე“ (WOM) სცენართან შედარებით. 2035 წლისთვის კი საქართველო აპირებს 25%-ით შეამციროს ტრანსპორტის სექტორის სათბურის აირების ემისიები ამავე სცენართან შედარებით; 29. საქართველო გეგმავს ხელი შეუწყოს ელექტრომობილობის განვითარებას საქართველოში წარმოებული დაბალნახშირბადიანი ელექტროენერგიის გამოყენებით. ეს მიიღწევა ფისკალური პოლიტიკის დახვეწით და კლიმატთან დაკავშირებულ საერთაშორისო დაფინანსებაზე წვდომით, რაც შესაძლებელს გახდის, დაკმაყოფილდეს მაღალი საინვესტიციო მოთხოვნები ელექტროტრანსპორტის დაჩქარებულად დანერგვასთან დაკავშირებით და თავიდან იქნეს აცილებული ხანგრძლივი დამოკიდებულება ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებებზე. 30. საქართველო ისწრაფვის, კვლავაც დაუჭიროს მხარი ალტერნატიული საწვავის ინფრასტრუქტურის განვითარებას თავისი კანონმდებლობის შემდგომი დახვეწით, რათა საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა შესაბამის ინფრასტრუქტურულ ქსელზე – საგზაო ტრანსპორტის დასამუხტად ან ალტერნატიული საწვავით შესავსებად. 31. საქართველო გეგმავს განაგრძოს მუშაობა ურბანული მობილობის გაუმჯობესებასა და ტრანსპორტით წარმოქმნილი გამონაბოლქვის შემცირებაზე მუნიციპალიტეტებში ისეთი ზომების გატარებით, რომელთა მიზანია კერძო ავტომობილებით მგზავრთა გადაადგილების მოთხოვნის შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხისა და მასშტაბის გაუმჯობესება; ასევე ყურადღება მიექცევა საქალაქთაშორისო რკინიგზის განვითარებას. 32. საქართველო აღიარებს მისი, როგორც სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს ლოგისტიკის სექტორის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებით, ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდით და ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებსა და ქსელებში ინტეგრირებით. ძირითადი პრიორიტეტია საქართველოს რკინიგზის სექტორის შემდგომი განვითარება, რომელიც წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვების, ისე მგზავრთა გადაყვანის ეფექტიან და დაბალნახშირბადიან შესაძლებლობას. 33. საქართველო აღიარებს მილსადენი ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარების სწრაფ ზრდას. ამ ენერგიის წილი შიდა ტრანსპორტის საწვავის მთლიან მოხმარებაში 2014 წელს არსებული 6%-დან 2022 წელს 18%-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ტრანზიტის ზრდის შედეგია. აქედან გამომდინარე, საქართველო აპირებს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობას, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ემისიები ამ ქვესექტორიდან. 34. საქართველო გეგმავს ყოვლისმომცველი კვლევების ჩატარებას ტრანსპორტის სექტორში სატრანსპორტო აქტივობებისა (სამგზავრო, სატვირთო და საკურიერო) და აქტიური სატრანსპორტო პარკის ამჟამინდელი დონის შესაფასებლად, რაც მნიშვნელოვანია შემარბილებელ ღონისძიებათა დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის. 35. საქართველო გეგმავს, ჩაატაროს კვლევები იმ პროექტების გამოსაკვეთად, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია სახელმწიფოს მხარდაჭერით და კლიმატთან დაკავშირებული საერთაშორისო, შეღავათიანი დაფინანსებით; ასევე განსაზღვროს მაღალი ფასისა და მნიშვნელობის მქონე პროექტები, რომელთა განხორციელებაც მოითხოვს პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომების გამოყენებას. 4.3. შენობები 36. 2030 წლისთვის საქართველო გეგმავს მხარი დაუჭიროს დაბალემისიიანი მიდგომების გამოყენებას შენობების სექტორში, შენობების ენერგოეფექტურობის რეგულაციების აღსრულებით, რაც ხელს შეუწყობს ახალი შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას. 37. საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის ენერგოეფექტური მიდგომებით, ყოველწლიურად განაახლოს ადმინისტრაციული შენობების ნაწილი, რათა შექმნას წარმატებული მაგალითი სამშენებლო სექტორის შემდგომი განახლებისთვის. 38. საქართველო გეგმავს კომერციულ შენობათა სექტორის დეტალურ ინვენტარიზაციას იმ პარამეტრების შესაფასებლად, რომლებიც მნიშვნელოვანია შემარბილებელი ზემოქმედების შეფასებისა და სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრისთვის (მაგ.: გათბობით უზრუნველყოფილი ფართები, ენერგოსერვისებზე მოთხოვნის ტენდენციები და ტექნოლოგიებზე მისაწვდომობის დონეები). 39. საქართველო აღიარებს, რომ გათბობით უზრუნველყოფილი ფართების ზრდისა და ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება ემისიები საცხოვრებელი შენობებიდან, რაც, როგორც წესი, თან სდევს ეკონომიკურ ზრდას. საქართველო აცნობიერებს ამ სექტორში შემარბილებელ ღონისძიებათა გატარების მაღალ მნიშვნელობასა და სოციალურ გავლენას და გეგმავს, სექტორის დეკარბონიზაციისთვის გამოიყენოს პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომები. 4.4. მრეწველობა 40. საქართველო მხარს უჭერს მრეწველობის სექტორის დაბალნახშირბადიან განვითარებას კლიმატმეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მომსახურებებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, რათა, „ღონისძიებების გარეშე“ სცენარით დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით, ემისიები არანაკლებ 5%-ით შეიზღუდოს 2030 წლისთვის და 8%-ით – 2035 წლისთვის. 41. აღიარებს რა სექტორში აზოტის ქვეჟანგისა და ფტორნახშირწყალბადების ემისიების ზრდის ტენდენციას, საქართველო განიხილავს ნაბიჯების გადადგმას, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს დაბალემისიიანი მიდგომების დანერგვას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. 42. საქართველო აგრძელებს ალტერნატიული, დაბალნახშირბადიანი საწვავის გამოყენების მხარდაჭერას მინერალების წარმოების პროცესში, მათ შორის, პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომებით, სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 43. მრეწველობის სექტორის დაბალემისიიანი განვითარების ხელშესაწყობად, საქართველო პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომებით გეგმავს გამოიკვლიოს ენერგიის ეფექტური მოხმარებისა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობები მეტალურგიასა და ქიმიურ მრეწველობაში (გარდა 41-ე პარაგრაფით განსაზღვრული აზოტის ქვეჟანგთან დაკავშირებული საქმიანობისა). 4.5. ნარჩენები 44. საქართველო გეგმავს დააჩქაროს მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვაში მიმდინარე რეფორმა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობის პროცესი, რათა ხელი შეუწყოს დაბალემისიიან განვითარებას, ასევე კლიმატმეგობრული პრაქტიკების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვას, მათ შორის, პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომების გამოყენებით. 45. საქართველო კვლავ მხარს უჭერს ძალისხმევას კლიმატის ცვლილების გავლენის შესარბილებლად, კერძოდ, ნარჩენების მართვის გაუმჯობესებით – ისეთი მოწინავე პრაქტიკების დანერგვით, როგორიცაა: მუნიციპალური მყარი ნარჩენების პრევენცია, ნარჩენების სეპარაცია, კომპოსტირება, რეციკლირება და მეთანის აღდგენა. ამ პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება შესაძლებლობათა განვითარების პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფებისა და ადგილობრივი თემების გასაძლიერებლად და საჭირო უნარებითა და ცოდნით აღსაჭურვად, რაც აუცილებელია ნარჩენების მართვის ინიციატივებში აქტიური მონაწილეობისა და შესაბამისი სარგებლის მიღებისათვის. 5. ადაპტაცია 46. საქართველომ განსაზღვრა ადაპტაციის მიზნები ადაპტაციის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, მეხუთე ეროვნულ შეტყობინებაზე დაყრდნობით. 47. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი ხაზს უსვამს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კრიტიკულ როლს სოციალურ დაცვაში, კლიმატის ცვლილების ზეგავლენისგან მოსახლეობის დაცვასა და მისი მედეგობის გაძლიერებაში. ეს მიიღწევა ამინდის ექსტრემალურ მოვლენებზე რეაგირების არსებული სისტემის გაუმჯობესებით, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვით; ასევე კონკრეტულ ექსტრემალურ მოვლენათა მოსალოდნელი ხდომილებების ლოკალიზაციითა და მათ მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი პირების/ოჯახების იდენტიფიცირებით ადგილობრივ დონეზე. კონკრეტულ ღონისძიებებს შორისაა: მიზნობრივი ფულადი დახმარების გაზრდა; ექსტრემალური მოვლენებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი პირებისა და ოჯახების ლოკალიზაცია; სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი საარსებო პირობების შექმნას და სოციალურ დაცვას აკავშირებს ამინდის ექსტრემალურ მოვლენათა შედეგების შერბილებასთან; სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის სქემები; გვალვაგამძლე კულტურების გავრცელება; და ყველა ოჯახის წვდომის უზრუნველყოფა კლიმატის ცვლილებისადმი მედეგ საცხოვრისზე. 48. საქართველო გეგმავს მიზნობრივი ღონისძიებების შემუშავებით გააძლიეროს ძალისხმევა, რათა გაუმჯობესდეს ამინდის ექსტრემალურ მოვლენათა საფრთხის მაღალი რისკის ზონებში მცხოვრები თემებისა და იქ დასაქმებულების მედეგობა და ადაპტირების უნარი კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მიმართ. 49. საქართველო გეგმავს საადაპტაციო ღონისძიებების გატარებას, რათა შეარბილოს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მთების, წყლისა და ტყის ეკოსისტემებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მედეგობის, საარსებო წყაროების, ჯანდაცვისა და ეკოსისტემური სერვისების გასაუმჯობესებლად. 50. საქართველო გეგმავს გააგრძელოს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასება მყინვარებზე და მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის რესურსების მისაწვდომობაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მდგრადი გამოყენებისათვის, სოფლის მეურნეობის (სარწყავი სისტემები), ენერგიის წარმოებისა და საყოფაცხოვრებო მიზნებით. 51. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი ითვალისწინებს წინა პერიოდის საადაპტაციო ძალისხმევებიდან მიღებულ გამოცდილებას და განიზრახავს ამინდის ექსტრემალური მოვლენებისადმი მედეგობის გაზრდას ადრეული გაფრთხილების სისტემების (EWS) დანერგვით (რომლებიც დაფარავს მაღალი რისკის ზონებს), ასევე სხვა ღონისძიებების გატარებას მოწყვლად ტერიტორიებზე მცხოვრები თემების დასაცავად. 52. საქართველო მიესალმება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების პერიოდში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მიგრაციის მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, შესაბამისი პოლიტიკისთვის საჭირო რეკომენდაციების შესამუშავებლად. 53. საქართველო იწვევს დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს, აქტიურად ჩაერთონ ადაპტაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ ტრანსფორმაციულ საადაპტაციო ღონისძიებებში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. 5.1 ჯანდაცვა 54. ითვალისწინებს რა მეხუთე ეროვნულ შეტყობინებას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ, ასევე, „თბურ ტალღებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მართვის 2024-2030 წლების სამოქმედო გეგმას“, საქართველო აპირებს, შექმნას თბურ ტალღებთან დაკავშირებული რისკების ადრეული გაფრთხილების, მონიტორინგისა და მართვის სისტემა. 55. საქართველო გეგმავს, შეაფასოს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მოწყვლადობა კლიმატის ცვლილების მიმართ და განახორციელოს „ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ადაპტაციის ღონისძიებები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, რაც ასევე პოვებს ასახვას ადაპტაციის პირველ ეროვნულ გეგმაში. 56. საქართველო განიხილავს მოწყვლადი ჯგუფების სხვადასხვაგვარ საჭიროებებს, რათა გააძლიეროს რეაგირება კლიმატის ცვლილების შედეგად ჯანმრთელობისთვის შექმნილ რისკებზე. აღნიშნული მოიცავს ჯანდაცვაზე თანასწორი წვდომის, მედეგობისა და საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ამ ჯგუფების აქტიურ ჩართულობას ჯანდაცვის ადაპტაციის სტრატეგიების დაგეგმვაში, გადაწყვეტილებათა მიღებასა და მათ განხორციელებაში. 57. საქართველო გეგმავს შეაფასოს კლიმატის ცვლილება, როგორც დამატებითი რისკფაქტორი მოწყვლადი ჯგუფებისთვის და ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. 58. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი იწვევს დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს, რომ მხარი დაუჭირონ ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით ინსტიტუციებს კლიმატის ცვლილებასა და ჯანმრთელობას შორის კავშირებისა და ჯანმრთელობის თანასარგებლის შემდგომ კვლევებში. 5.2. ტურიზმი 59. საქართველო გეგმავს შეარბილოს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ტურიზმზე ყველაზე მოწყვლადი კურორტებისა და ტურისტული ადგილების საადაპტაციო შესაძლებლობების გაზრდით. ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურის ადაპტირებას, ტრანსფორმაციულ ღონისძიებათა გატარებას, კლიმატმედეგი ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მათზე თანასწორი წვდომის უზრუნველყოფას და ტურიზმიდან მიღებული სარგებლის სამართლიან განაწილების ხელშეწყობას ყველა მოწყვლად ჯგუფსა და თემს შორის. 5.3. ბიომრავალფეროვნება 60. ბიომრავალფეროვნების კონვენციისა (CBD) და ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) შესაბამისად, საქართველო გეგმავს გაზარდოს ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების მედეგობა და საადაპტაციო პოტენციალი კლიმატის ცვლილების მიმართ, მის ტერიტორიაზე არსებული მოწყვლადი თუ ჯანსაღი ეკოსისტემების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობით, დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების ეკოლოგიური ქსელის გაფართოებით, ასევე კლიმატის ცვლილებისადმი სახეობებისა და ეკოსისტემების მოწყვლადობის შეფასების, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციის ღონისძიებებისა და პოტენციური რეფუგიუმების გათვალისწინებით. 6. ურთიერთგადამკვეთი საკითხები 61. საქართველომ განსაზღვრა ურთიერთგადამკვეთი სექტორები კლიმატის ცვლილების შერბილების სტრატეგიასა და ადაპტაციის ეროვნულ გეგმაში ჩასართავად, შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით და ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით. 6.1. სოფლის მეურნეობა 62. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას სოფლის მეურნეობის სექტორში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და აგროტურიზმის წახალისებით. 63. საქართველო განაგრძობს ფერმერების, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მომსახურებისა და საშუალებების მიმწოდებლების ხელშეწყობას მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში, როგორიცაა ნიადაგის ნულოვანი დამუშავება და კონსერვაციული მიდგომების გამოყენება, ქარსაცავი ზოლების აღდგენა და გაშენება, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავება. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს წვდომას შესაბამის მანქანა-დანადგარებზე, აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებზე, რაც გააჯანსაღებს ნიადაგს და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს გარდაქმნის ღირებულ სასუქად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების, ისე მასთან ადაპტაციის მიზნების მიღწევას. 64. საქართველო გეგმავს ფერმერთა დახმარებას ბიზნესმოდელების დივერსიფიცირებაში, რათა ამ მოდელებში ჩართონ დამატებითი ღირებულების შემქმნელი აქტივობები, ორგანული ფერმერობის სქემები და სერტიფიცირების სხვა სტანდარტები, ასევე, აგროკულტურული სერვისები. 65. საქართველო გეგმავს ნაწლავური (ენტერული) ფერმენტაციით წარმოქმნილი ემისიების შემცირებას ცხოველთა კეთილდღეობის ამაღლებით, ასევე, საკვების ხარისხისა და ცხოველთა კვების რაციონის გაუმჯობესებით. 66. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი ხელს უწყობს ნაკელის მართვის შემარბილებელ ღონისძიებათა გატარებას ისეთი კარგი პრაქტიკების წახალისებით და ფინანსური მხარდაჭერით, როგორიცაა ნაკელის სეპარაცია, შენახვა და ენერგიის წყაროდ აღდგენა ბიოგაზის სახით, ასევე, სასუქად ან ნიადაგის დანამატად გამოყენება. 67. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, ნიადაგებიდან პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიების შესამცირებლად, მხარს უჭერს სასუქის შეტანის ზუსტი ტექნიკების დანერგვას, საკვებ ნივთიერებათა გამოყენების ოპტიმიზაციას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების (მაგ.: აზოტის ნიადაგში ჩაჟონვისა და ჩარეცხვის) შემცირებას ისეთი პრაქტიკების ხელშეწყობით, როგორიცაა საფარი ან დამჭერი კულტურების გამოყენება თესლბრუნვაში, ასევე, მცენარეული ბუფერული ზოლების დატოვება სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და წყლის ობიექტებს შორის. 68. საქართველო თავის ვალდებულებებში პრიორიტეტს ანიჭებს მცირე ფერმერი ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების თანასწორ წვდომას სერვისებსა და რესურსებზე, მათ ტრენინგებს და ფინანსურ გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიური და თანასწორი განვითარების ხელშესაწყობად. 6.2. მიწათსარგებლობა, მიწათსარგებლობის ცვლილება და სატყეო მეურნეობა (LULUCF) 69. საქართველო ითვალისწინებს, რომ ტყეები მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის 44.5%-ს და მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების შენარჩუნება-მართვას იმგვარად, რომ გაზარდოს არსებული ტყეების კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ნახშირორჟანგის შთანთქმის პოტენციალი. მათ შორის, 2035 წლისთვის 15%-ით გაზარდოს სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის უნარი, 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით, მდგრადი მეტყევეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით, დეგრადირებული ტყის აღდგენით და დაცული თუ სხვა კონსერვაციული ტერიტორიების ეკოლოგიურ ქსელში მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტერიტორიათა ინტეგრირებით. 70. კლიმატის მიმდინარე ცვლილების პირობებში ქვეყნის ტყეების მდგრადი მართვისათვის, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ტყის რაოდენობრივი მაჩვენებლის გაზრდას და ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველო გეგმავს, შეაფასოს კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის მქონე ტყის მასივები (ეროვნულ დონეზე შეთანხმებული მოწყვლადობის კრიტერიუმების მიხედვით) და ადაპტაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში დაგეგმოს მოწყვლადი ტყეების კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებები. 71. კლიმატის ცვლილების გლობალური მიზნის მიღწევაში წვლილის შესატანად, ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებისა და ტყეების რაოდენობრივი მაჩვენებლების გაზრდის მიზნით, საქართველო გეგმავს, გააძლიეროს პარიზის შეთანხმების მხარეთა შორის თანამშრომლობის მიდგომები ტყის აღდგენა-გაშენებაში, ასევე, სწრაფად მზარდ სახეობათა პლანტაციების განვითარებაში. 72. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესარბილებლად, ტყის დეგრადაციით გამოწვეული ემისიების შემცირებისა და ნახშირბადის მარაგების გაზრდის მიზნით, საქართველო გეგმავს, დანერგოს REDD+ ჩარჩო და თავი მოუყაროს ეროვნულ და საერთაშორისო რესურსებს ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის ხელშეწყობისათვის. 73. საქართველო გეგმავს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 2035 წლისთვის აღადგინოს 70,000 ჰექტარი დეგრადირებული მიწის ფართობი და, დამატებით, გააუმჯობესოს სარწყავი სისტემები. 74. საქართველო გეგმავს შეამციროს სათბურის გაზების ემისიები საძოვრებიდან, მათი მდგრადი მართვის ხელშეწყობით, რაც ითვალისწინებს როტაციულ ძოვებას, დეგრადირებული საძოვრების აღდგენას, და საძოვრების ოპტიმალური დატვირთვის შენარჩუნებას ჭარბი ძოვების პრევენციისთვის, მათ შორის, დაცულ და სხვა კონსერვაციულ ტერიტორიებზე. 75. საქართველო გეგმავს შეისწავლოს ჭარბტენიანი ტერიტორიების პოტენციალი კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში, შეამციროს სათბურის აირების ემისია ასეთი ტერიტორიებიდან და გაზარდოს ნახშირბადის დაგროვების შესაძლებლობა, მათ შორის, დაცულ და სხვა კონსერვაციულ ტერიტორიებზე. 6.3. განათლება 76. კლიმატის ცვლილების შედეგებთან ბრძოლისას, საქართველო განათლებას განიხილავს ტრანსფორმაციულ ინსტრუმენტად და ხაზს უსვამს კლიმატის შესახებ ინკლუზიური და თანასწორი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ქვეყანა პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების, ახალგაზრდების, სტუდენტების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების აქტიურ მონაწილეობას ყველა საგანმანათლებლო-შემეცნებით ინიციატივაში, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებასა და მონაწილეობის გაძლიერებას, ისე, რომ არავინ დარჩეს პროცესებს მიღმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისას. 77. საქართველო გეგმავს გააუმჯობესოს კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნა და კლიმატ-გონივრული განათლების მნიშვნელობის აღქმადობა ფორმალური განათლების სისტემაში, როგორც სკოლამდელ, ისე დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, კლიმატთან დაკავშირებული საკითხების სხვადასხვა საგანში ინტეგრირებით. 78. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, განავითარონ კლიმატის ცვლილების შესახებ განათლება, მათ შორის კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების სწავლების ინტეგრირებით და ეს საკითხები, ასევე ჩართონ პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე, შესაბამის სექტორებში, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა მწვანე სამუშაო ადგილებზე და უპასუხონ კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებს. 79. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს კლიმატთან დაკავშირებული მეცნიერების წინსვლას, შესაბამისი კვლევების დაფინანსებითა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტიპენდიებზე წვდომის გაუმჯობესებით. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კვლევასა და პოლიტიკის შემუშავებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. 80. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს, სისტემატურად განახორციელონ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინიციატივები, განსაკუთრებით, მაღალემისიიან სექტორებში, და ხაზი გაუსვან მათ როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებასა და მათთან ადაპტაციაში, ასევე, დანაკარგისა და ზიანის შემთხვევებზე რეაგირებაში. 81. საქართველო მიესალმება კლიმატის ცვლილებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას არაოფიციალური და არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და არხების გამოყენებით. ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით, ქვეყანა გეგმავს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი, მათ შორის, ბავშვები, ახალგაზრდები, მასწავლებლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მედია, სათემო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები. 7. დანაკარგი და ზიანი 82. საქართველო აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილების დაჩქარება იწვევს გარდაუვალ დანაკარგსა და ზიანს, რაც არაპროპორციულად აისახება მოწყვლად ჯგუფებზე, ეკოსისტემებსა და საარსებო წყაროებზე. 83. აცნობიერებს რა, სასწრაფო და ერთობლივი ქმედებების აუცილებლობას, პარიზის შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული გამჭვირვალობის ჩარჩოს ასამოქმედებლად და მხარდასაჭერად მოდალობებზე, პროცედურებსა და სახელმძღვანელო მითითებებზე (MPG) მიღებული 18/CMA.1 გადაწყვეტილების 115b პარაგრაფის შესაბამისად, საქართველო გეგმავს იმ ღონისძიებათა მხარდაჭერას, რომელთა შედეგადაც ორწლიურ გამჭვირვალობის ანგარიშში წარადგენს ზუსტ, სრულყოფილ და გამჭვირვალე ინფორმაციას საქმიანობაზე, რომელიც მიემართება კლიმატის ცვლილების უარყოფით ეფექტებთან დაკავშირებული დანაკარგისა და ზიანის აცილებას, მინიმუმამდე შემცირებასა და აღმოფხვრას. 84. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, განიხილონ კონკრეტული შესაძლებლობები დანაკარგისა და ზიანის აცილებასთან, მინიმუმამდე შემცირებასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებული აქტივობების განსახორციელებლად.
1 კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ჯგუფები საქართველოში განისაზღვრა ეროვნული კანონმდებლობისა და ქვეყნის მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. ჩამონათვალი იხილეთ ამავე დოკუმენტის მე-17 პარაგრაფში. 2 სოციალური ჩართულობა გულისხმობს შესაძლებლობათა გაძლიერებას და რესურსებზე წვდომას ყველა ინდივიდისა და ჯგუფისთვის, მათი წარმომავლობისა და მახასიათებლების მიუხედავად, რათა აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ეს უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას, საჭიროებების გათვალისწინებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას. 3 აღნიშნული, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს: (1) თანაბარ წვდომას მდგრადი, დაბალემისიიანი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი განვითარების სარგებელზე; (2) მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, დასაქმებულებისა და სხვა დაზარალებული თემების დაცვასა და გაძლიერებას; (3) კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას; (4) კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის ხელშეწყობას. ამ ძალისხმევით, საქართველო მიზნად ისახავს კლიმატის მიზნების შესაბამისობაში მოყვანას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებთან, რათა არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა. 4 ფტორნახშირწყალბადების (HFCs) რეგულირება გათვალისწინებულია მონრეალის ოქმის F დანართით, რომელიც ოქმს დაემატა 2016 წელს კიგალის ცვლილების შედეგად. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები