დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070030000.22.027.017684 |
|
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 118 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შესარჩევად კონკურსის ჩატარების თანდართული წესი. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (შემდგომ – მოსამსახურე) შესარჩევად კონკურსის ჩატარების, კანდიდატის შერჩევის წესებსა და ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას (დანართი №1). 2. მოსამსახურის შესარჩევად კონკურსის ჩატარების, კანდიდატის შერჩევისა და ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, თუ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2. სამსახურში მიღებისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები 1. მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წლის ასაკს; გ) აქვს უმაღლესი განათლება; დ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება; ე) აკმაყოფილებს ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სააგენტოში მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას (საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია კანდიდატის ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა). 3. მოსამსახურედ არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა; თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტს (გარდა მოსამსახურის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა); ი) პირი, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო; კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო და მისი გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა, აგრეთვე პირი, რომელიც სხვა სამსახურიდან გათავისუფლდა ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის გამო, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ.
მუხლი 3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საქმიანობის სპეციფიკისა და შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, ადგენს სააგენტოს უფროსი.
მუხლი 4. კონკურსი 1. კონკურსი არის სააგენტოს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით. 2. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა. სააგენტო, მისი შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური. 3. კონკურსის ამოცანაა სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და თანამდებობაზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად და, ასევე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.
მუხლი 5. კონკურსის პრინციპები კონკურსი ეფუძნება: კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს.
მუხლი 6. პირის კონკურსის წესით დანიშვნა 1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირი სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე. 2. პირი სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე: ა) დახურული კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით. დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოსამსახურეს, სხვა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეს, მოხელეთა რეზერვში, კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურესა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; ბ) შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოსამსახურეებიდან, სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან და სტაჟიორებიდან. შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოსამსახურეს (მათ შორის, დროებით მოვალეობის შემსრულებელს), რომელსაც არ აქვს შეფარდებული მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
მუხლი 7. პირის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა 1. თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი; ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ კონკურსის/დაწინაურების წესით დასაკავებელი თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ტერიტორიული ორგანო) ხელძღვანელი და მისი მოადგილე თანამდებობაზე მიიღებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, როგორც წესი, კონკურსის გარეშე. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თანამდებობათა დასაკავებლად შესაძლოა გამოცხადდეს კონკურსი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით შესაბამისი დასაბუთებით წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა/დაწინაურება. 4. პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკონკურსოდ დანიშნულ პირზე არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
მუხლი 8. კონკურსის შესახებ შეტყობინება და განაცხადის წარდგენა 1. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი შიდა კონკურსს აცხადებს მოსამსახურეთა, სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე შეტყობინების გაგზავნის გზით. 2. კანდიდატი ამ წესით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო შიდა კონკურსში მონაწილეობისთვის – განაცხადის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით. 3. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება შეიძლება ასევე გამოქვეყნდეს პრესის, ტელევიზიის, დასაქმებასთან/შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე და ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით. 4. კანდიდატი ვალდებულია სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 5. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებასთან, კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენასთან, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შექმნასა და მათ საქმიანობასთან, კონკურსის ეტაპებთან, კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასა და შეწყვეტასთან, კონკურსის შედეგებთან და გასაჩივრებასთან, აგრეთვე, კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 9. სპეციალური ვადები წარდგენილი განაცხადების სამსახურში მიღებისთვის დადგენილ ძირითად და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენის შედეგების დამტკიცებიდან არანაკლებ 3 დღისა ტარდება კონკურსის მომდევნო ეტაპი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-6–მე-9 პუნქტები.
მუხლი 10. გამოსაცდელი ვადა 1. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია სააგენტოში მიღებული მოხელე თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. 2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოსამსახურის საქმიანობის შეფასება, რომელსაც მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით წარუდგენს სააგენტოს უფროსსა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს. 3. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე პირს შეუმციროს გამოსაცდელი ვადა და განუსაზღვროს არანაკლებ 3 თვისა. 4. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირი სამსახურიდან თავისუფლდება. 5. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. 6. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე, მისთვის სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულების დაკისრება. 7. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.
მუხლი 11. თანამდებობაზე დანიშვნა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება 1. კონკურსის წესით შერჩეულ პირს შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად სააგენტოს უფროსს წარუდგენს საკონკურსო კომისია. პირს თანამდებობაზე ნიშნავს სააგენტოს უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოსამსახურის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის შემთხვევაში პირს ამ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის დანიშვნა. 2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სააგენტოს უფროსი საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 3. თუ საკონკურსო კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილი კანდიდატი უარს აცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან 30 კალენდარული დღის ვადაში არ წარადგენს თანამდებობაზე დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტაციას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კონკურსში მონაწილე იმ კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე, რომელსაც მიღებული აქვს მომდევნო ყველაზე მაღალი ქულა/შეფასება, ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ. 4. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელისა და მისი მოადგილის კონკურსის წესით შერჩევის შემთხვევაში კონკურსის წესით შერჩეულ პირს მასთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დასადებად წარადგენს საკონკურსო კომისია. |
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინება შემდეგი დოკუმენტები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) Curriculum Vitae (CV); დ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; ე) ცნობა სამხედრო აღრიცხვის შესახებ ან სამხედრო ბილეთი (ასლი) – მამაკაცი კანდიდატის შემთხვევაში; ვ) ფერადი ფოტოსურათი 3X4 ფორმატით – 2 ცალი და ელექტრონული ვერსია; ზ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; თ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ი) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; კ) კანდიდატის საბანკო რეკვიზიტები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები