საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.025675
126
27/03/2026
ვებგვერდი, 27/03/2026
010220030.10.003.025675
საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126 

2026 წლის 27 მარტი

   ქ. თბილისი

 

საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის შესაბამისად:

1. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირების ხელშეწყობის, ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − კომისიის წევრი;

გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტის მოადგილე − კომისიის წევრი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ი) საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე  −  კომისიის წევრი;

კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  − კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

მ) საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ო) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  − კომისიის წევრი;

პ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.

2. დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 

საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) არის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი. იგი იქმნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირების ხელშეწყობის, ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის კოორდინაციის მიზნით.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის სტრატეგიული დაგეგმვის საერთო კოორდინაცია;

ბ) საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების ხელშეწყობა/მონიტორინგი;

დ) საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის კალენდრის (დანართი №1) შედგენისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ე) საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ფინანსური და ორგანიზაციული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორებთან, მასპინძელი ქვეყნის შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ზ) საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურისტული და კულტურული პოტენციალის წარმოჩენის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა;

თ) საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის შედეგების შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ი) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა, საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) მიიღოს გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სხდომებზე მიიწვიოს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კერძო სექტორის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები;

გ) განიხილოს საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებული წინადადებები და წარმოუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) ქმნის უწყებათაშორის სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფებს;

ე) წარმოადგენს კომისიას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე;

ვ) პირადად ან კომისიის წევრზე უფლებამოსილების დელეგირებით აწარმოებს კონსულტაციებს შესაბამის ექსპერტებთან, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

ზ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო გამოფენის შინაარსიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად განსაზღვროს  კომისიის იმ წევრების შემადგენლობა, რომლებიც სარგებლობენ ხმის უფლებით;

თ) უფლებამოსილია, წარადგინოს საქართველოს პოზიცია საზოგადოების წინაშე კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომისა და შეხვედრების გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენასა და სხდომათა მასალების შენახვაზე.

მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში − თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის დავალებით − კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება:

ა) დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედის თანხმობით;

ბ) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ  საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უცხო პირზე.

7. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

მუხლი 6. ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები

კომისიის საქმიანობის კოორდინაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

დანართი №1

საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის კალენდრის ფორმა  

ქვეყანა/ ქალაქი

ღონისძიების დასახელება

თარიღი

მონაწილე უწყება

საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს წარმომადგენლობის შინაარსობრივი ჩარჩო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:

კალენდრის განახლება ხდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე.