„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.025676
127
27/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
390120000.10.003.025676
„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2026 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2021, 390120000.10.003.022938) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების“: 

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხმელი ხე − ზეზემდგომი გამხმარი ხე (ზეხმელი), რომელსაც შეწყვეტილი აქვს სასიცოცხლო ფუნქციები;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კარტოგრაფიული მასალა (ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის განუყოფელი  დოკუმენტი):

ი.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა – მასშტაბი: 1:5 000; 1:10 000 ან  1:25 000 შესაბამისი ლეგენდით;

ი.ბ) ტერიტორიის ორგანიზაციის სქემა − მასშტაბით: 1:5 000; 1:10 000 ან 1:25 000, დოკუმენტი, სადაც დატანილია ტყის აღდგენის პროექტით განსაზღვრული ყველა ძირითადი ღონისძიება (სათესი ან/და სარგავი ადგილები, ღობე, გზები და ბილიკები და სხვა);“;

გ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) ძლიერ ფაუტი − დამპალი ან მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე, რომელსაც თვალზომური შეფასებით გამოხატული აქვს დიდი ზომის დეფექტ(ებ)ი/დაზიანება (ღრუ, სიდამპლე), ფერის შეცვლა, რბილი უბნები, ფხვიერი ტექსტურა, ღრმა ბზარები ღეროს 50%-ზე ან მეტზე;“;

დ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ორი მესამედი გამხმარია, ასევე წვერხმელი ხე (ხე, რომლის კენწეროც გამხმარია);“;

ე) „ჰ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი:

„ჰ​6) ჰაბიტატი ხე − ხე, რომელსაც აღენიშნება ბუდე, დიდი ხვრელები და არის ძლიერ ფაუტი  (ფუღურო), ვარჯში გამოხატული ხმელი ტოტები, წყლის სიფონი (ფესვის ქვაბულში არსებული ღრუ, სადაც გროვდება წვიმის წყალი), ხავსიანი ღერო, ვარჯში გამოხატული ხმელი ტოტები, ღეროზე დიდი სოკო, ღეროზე სურო, ფითრი და სხვა მხვიარა მცენარეები, მწერებით დასახლებული ხე, კოდალის მიერ დატოვებული ნიშნები და ჩამოთვლილთაგან აღენიშნება არანაკლებ 4 მახასიათებელი ერთდროულად. ასევე ხე, რომელიც წარმოადგენს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საცხოვრებელ გარემოს.“.

2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვას, ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ შემუშავებული ან/და განსახორციელებელი პროექტის შემთხვევაში.“.

3. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მოვლითი ჭრა ხორციელდება 0°-დან 36°-მდე დაქანების ფერდობებზე.“.

4. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. სანიტარიული ჭრა

1. სანიტარიული ჭრა, რომელიც არ მიეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომლის მიზანია, სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი გულისხმობს განსაზღვრულ ადგილზე ხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და ტყის მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეების დადგენილ ვადებში მოჭრასა და გამოზიდვას, აგრეთვე სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გატანას.

2. სანიტარიული ჭრების დაგეგმვისას მხედველობაში მიიღება ტყის მართვის გეგმით გათვალისწინებული ჭრის განხორციელების რეკომენდებული პერიოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ტყის პათოლოგიური გამოკვლევის შედეგები.

3. სანიტარიული ჭრების ჩატარებისას, თუ მოსალოდნელია კორომის სიხშირის 0,3-ზე დაბლა დაყვანა, ჭრა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას − ტყის პათოლოგიური კვლევის საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამისი ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების შემთხვევაში.

4. ტყის გავრცელების ზედა საზღვრის 300-მეტრიან სუბალპურ ზოლში უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანიტარიული ჭრა.

5. სანიტარიული ჭრის ინტენსივობა შეიძლება შემცირდეს ჰაბიტატი ხეების ხარჯზე, რომელთაც აქვთ პათოლოგიური ნიშნები, მაგრამ არ წარმოადგენს საშიშროებას ხის ღეროს მავნებლებისა და ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით. აღნიშნული პირველ რიგში ეხება ხეებს, რომელთაც გააჩნია მცირე ზომის ფუღურო (ჩიტების დასახლებისათვის) ან/და ხავსიანი ღერო ან/და წყლის სიფონი ან/და ისეთი ხეები, რომელთა ღეროზეც ფიქსირდება სურო, ფითრი და სხვა მხვიარა მცენარეები.

6. სანიტარიული ტყეკაფის მონიშვნისას, თავდაპირველად უნდა მოინიშნოს მავნებლებით ან/და დაავადებით ძლიერ დაზიანებული ხეები,  შემდგომ ხმობადი, ხმელი  და ძლიერ ფაუტი ხეები, ამასთანავე, ჭრაში არ ინიშნება ტყეკაფში არსებული ძლიერ ფაუტი და ხმელი ხეების 10%-მდე რაოდენობა. 

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში არსებული დათქმები, გამონაკლისის სახით, შეიძლება, უგულვებელყოფილ იქნეს შესაბამისი ტყის პათოლოგიური კვლევის საფუძველზე, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაჯანსაღების ან/და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნებიდან გამომდინარე და ჭრას დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის ხეებიც, ასევე გაიზარდოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დასატოვებელი ხეების პროცენტის ოდენობა. ამასთან, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის  კონვენციით“ დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების სახეობებზე ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი ზიანს არ აყენებს ამ სახეობებს.

8. სანიტარიული ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყე სრულად უნდა გამოიზიდოს ტყიდან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რელიეფი არ იძლევა სრულად გამოზიდვის შესაძლებლობას).

9. სანიტარიული ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენის განთავსება ან/და გამოტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და ტყის პათოლოგიური დასკვნით რეკომენდებული მეთოდებით.

10. ტყის მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით, მავნებელ-დაავადების სპეციფიკიდან და მისი სახეობიდან გამომდინარე, მოჭრილი დაავადებული ხეების ბიოლოგიურად ან მექანიკურად დამუშავების საჭიროება და მეთოდები განისაზღვრება ტყის პათოლოგიური დასკვნით.

11. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია, განხორციელდეს კვარტალის ფარგლებში.

12. დაცულ ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრა ხორციელდება დაცული ტერიტორიების მართვისათვის დადგენილი წესების დაცვით.“.

5. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი №4

 


ტყის პათოლოგიური კვლევა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგი

აღნიშნული  აწესრიგებს საქართველოში ტყის პათოლოგიური კვლევისა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგის განხორციელების ზოგად წესს, საკითხთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით.

ტყის პათოლოგიური კვლევა:

ტყის პათოლოგიური კვლევის მიზანია დადგინდეს ტყის კორომებში სანიტარიული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი/წყარო და შეირჩეს შესაბამისი ღონისძიებები, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მიზნით.

ტყის პათოლოგიური კვლევა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის (არსებობის შემთხვევაში) მიერ  წარმოდგენილი ინფორმაციის (სასიგნალო ფორმა) ან/და ხმობის, დაზიანებისა და მავნებელ-დაავადებათა ნიშნების შესახებ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი სპეციალისტების ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ.

ტყის პათოლოგიური კვლევის შედეგები აისახება კვლევის ანგარიშში. ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კვლევის ჩატარების საფუძველი და მიზანი;

ბ) საკვლევი ობიექტის დეტალური დახასიათება (ადგილმდებარეობა, მ.შ, GPS კოორდინატები, ფართობი, კორომის სატაქსაციო მახასიათებლები და სხვ.);

გ) კვლევის ჩატარების მეთოდები/მეთოდოლოგია;

დ) ტყის პათოლოგიური მდგომარეობის კატეგორია;

ე) დაზიანების ხარისხი;

ვ) გამოვლენილი მავნებლები/დაავადებები, მათი გავრცელების თავისებურება;

ზ) სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის რეკომენდირებული ღონისძიებები;

თ) მავნებელ-დაავადების სპეციფიკის გათვალისწინებით სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებთან ან/და სანიტარიულ ჭრასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შორის: ჭრას დასაქვემდებარებელი ხეები, მათ შორის, სანიტარიული მდგომარეობის გათვალისწინებით კორომში არსებული ჰაბიტატი ხეების ჭრის ან/და ჭრის გარეშე დატოვების დასაბუთება შესაბამისი პროცენტულობით, ჭრის ნარჩენის განთავსების მეთოდები, ტყის მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით, მავნებელ-დაავადების სპეციფიკიდან და მის სახეობიდან გამომდინარე, მოჭრილი დაავადებული ხეების,  ბიოლოგიურად ან მექანიკურად დამუშავების საჭიროება და მეთოდები, სხვა ობიექტური და ფაქტობრივი გარემოებები;

ი) ფოტომასალა.

ტყის პათოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდები

ტყის პათოლოგიური კვლევა წარმოებს სამარშრუტო სვლით ან/და სანიმუშო ფართობის აღებით. ტყის პათოლოგიური კვლევის მეთოდები შეირჩევა შესასწავლი ტერიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

სანიმუშო ფართობი −  წინასწარ შერჩეული,  განსხვავებული ეკოლოგიური პირობების, მავნებელ დაავადებათა გავრცელების მიზნით დაყოფილი ტყე. ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლისათვის საშუალოდ 1000 ჰექტარზე საჭიროა აღებულ იქნეს არანაკლებ 3 სანიმუშო ფართობი.

სანიმუშო ფართობის ტიპები: კვადრატული, წრიული (სანიმუშო ფართობის ფართობი განისაზღვრება საჭიროების მიხედვით).

სამარშრუტო სვლა: მავნებელ-დაავადებების აღმოჩენისა და მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი მარშრუტისა და მონაცემების შეგროვების პუნქტების ერთობლიობა. სამარშრუტო სვლების მთლიანი სიგრძე საშუალოდ 1000 ჰექტარზე უნდა იყოს არანაკლებ 20 კილომეტრი.

სანიმუშო ფართობზე არსებული და მათ შორის შესასწავლი ხეების რაოდენობა დამოკიდებულია მავნებელ-დაავადებების გავრცელებაზე.

მავნებელ-დაავადებების მცირე გავრცელების, ხმელი ხეების მცირე რაოდენობის დროს (10%-მდე)  შესწავლილი უნდა იქნეს არანაკლებ 200 ხისა, 10%-დან 20%-მდე დაზიანების შემთხვევაში − 100 ხე, ხოლო 20%-დან 40%-მდე დაზიანების შემთხვევაში − 50 ხე, 40%-ზე მეტი დაზიანების შემთხვევაში − 20 ხე.

კორომის სანიტარიული მდგომარეობის კატეგორია დგინდება სანიმუშო ფართობის ან და მარშრუტული სვლის მონაცემებით.

სანიმუშო ფართობებისა და მარშრუტული სვლის დროს  მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანების ინტენსივობით და დაზიანებული ხეების გადათვლით სახეობების მიხედვით. დგინდება კორომის პათოლოგიური მდგომარეობის კატეგორია.

ტყის პათოლოგიური მდგომარეობის  კატეგორიები:

კორომის პათოლოგიური მდგომარეობა ფასდება სამი კატეგორიით, კორომში გაბატონებული სახეობისათვის. ყველა კორომი მიეკუთვნება ერთ-ერთს ამ სამი კატეგორიიდან:

I  – მდგრადი (პირობითად ჯანსაღი) − კორომები, რომლებსაც გააჩნიათ კორომის ბონიტეტიდან გამომდინარე ნორმალური ზრდა და  ვარჯის თანაბარი ფორმირება. მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანება უმნიშვნელოა (სუსტი დაზიანება) ან საერთოდ არ ფიქსირდება. ასევე, უმნიშვნელოა მიმდინარე და წინა წლის ქარქცეული, თოვლქცეული ან/და ქარტეხილი ხეების არსებობა.

II – დარღვეულია მდგრადობა (სიცოცხლისუნარიანობა) − კორომები, სადაც ფიქსირდება ხეების ჯგუფურ-კერობრივი ხმობა, ზრდაში ჩამორჩენა, წიწვების და ფოთლების ფერის შეცვლა. ვარჯის არათანაბარი ფორმირება. წარმოქმნილი ფანჯრები. სიცოცხლისუნარიანობის დარღვევა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მავნებლებით, დაავადებებით (საშუალო ან/და ძლიერი დაზიანება), სტიქიური და სხვა არასასურველი ფაქტორებით.

III – დაკარგულია მდგრადობა (სიცოცხლისუნარიანობა) − დაზიანებული კორომები, რომელთა შემადგენლობაში არსებული ხეების უმეტესი ნაწილი გახმა ან ხმობადია (ძლიერი დაზიანება).

კორომის სანიტარიული მდგომარეობის შეფასებისას დაზიანების ხარისხი ისაზღვრება ხეების საერთო რაოდენობიდან დაზიანებული ხეების პროცენტით:

სუსტი დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 1%-დან − 10%-ის ჩათვლით;

საშუალო დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 11%-დან − 20%-ის ჩათვლით;

ძლიერი  დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 21% და მეტი.

დაზიანებული ხეები ფასდება შემდეგი 5 კატეგორიით: (ცხრილი №1)

ცხრილი №1

ხის მდგომარეობის კატეგორიები

 

კატეგორია

წიწვოვანი

ფოთლოვანი

I − ჯანსაღი

დაზიანების (დასუსტების)    ნიშნების გარეშე

ვარჯი ხშირია (სავსეა), წიწვი (ფოთოლი) მწვანე, მბრწყინავი. მიმდინარე წლის ზრდა ნორმალურია და შეესაბამება მოცემულ სახეობას, ხნოვანებას, სეზონს, მცენარის ზრდა-განვითარებასა და გარემო პირობებს. ღეროს და გვერდით გამერქნიანებულ ფესვებს არ გააჩნია დაზიანების გარეგნული ნიშნები.

II − დაზიანებული

(დასუსტებული)

ვარჯი აჟურულია, წიწვი მწვანე, ღია-მწვანეა ან შეტრუსულია არაუმეტეს 1/3-ზე. ზრდა შემცირებულია ნახევრამდე, ხმება ზოგიერთი ტოტი.

ვარჯი აჟურულია, ფოთლები ადრე ცვივა, ზრდა შემცირებულია ნახევრამდე, ხმება ზოგიერთი ტოტი, აღინიშნება გამერქნებული ფესვების ნაწილობრივი დაზიანება. აღენიშნება ღეროს მავნებლების ერთეული დასახლება.

III − ძლიერ დაზიანებული (დასუსტებული)

ხე, რომლის ვარჯი ძლიერ აჟურულია, წიწვი მოყვითალო ან მოყვითალო-მოყავისფერო და ცვივა.

ხის ზრდა ძალიან სუსტი ან საერთოდ არაა. ხმობადი ხე, აღინიშნება ღეროს მავნებლების დასახლება,

სოკოების ნაყოფსხეულები და ხის დაზიანებული სოკოების სხვა დამახასიათებელი ნიშნების არსებობა ღეროზე.

 

ვარჯი ძლიერ აჟურულია, ფოთლები ძლიერ წვრილია,  ადრე ყვითლდება და ცვივა. ზრდა ძლიერ სუსტია ან საერთოდ არაა. ხმობადი ხე ან/და ხმება ვარჯის 2/3-მდე, ღეროს მავნებლების  დასახლების კერები ან/და სოკოების ნაყოფსხეულები ან/და ხის დამზიანებელი სოკოების სხვა დამახასიათებელი ნიშნების არსებობა ღეროზე. ღეროზე და ტოტებზე წვენის დენა

ხის გვერდითი გამერქნიანებული ფესვების გარშემო 2/3-ზე მეტი დაზიანებულია.

IV − ახალი ხმელი ხე (მიმდინარე წლის)

წიწვი ნაცრისფერია. ყვითელი ან მოწითალო-ყავისფერია, ნაწილობრივ ჩამოცვენილია, ქერქის ნაწილობრივი ცვენა (შემოცლა). დასახლებულია ან დამუშავებულია ღეროს მავნებლების მიერ.

ფოთლები გამხმარია, დამჭკნარი ან ჩამოცვენილი. ქერქის ნაწილობრივი ცვენა (შემოცლა). დასახლებულია ან დამუშავებულია ღეროს მავნებლების მიერ.

V − ძველი ხმელი ხე (წინა წლების)

არ აქვს ცოცხალი წიწვი (ფოთოლი). ქერქი და წვრილი ტოტები ჩამოცვენილია ნაწილობრივ ან მთლიანად. ფიქსირდება ღეროს მავნებლების გამოსაფრენი ხვრელები. ქერქის ქვეშ სოკოების მიცელიუმები.

 

ტყის მავნებელ-დაავადებების გამოვლენა და ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა

მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული ხმობის ან/და მავნებელ-დაავადებების გავრცელების ნიშნების შემთხვევაში ტყის მართვის ორგანოს ტერიტორიული ერთეული (არსებობის შემთხვევაში) ავსებს სასიგნალო ფორმას (ფორმა №1), რომელის საფუძველზეც ხორციელდება ტყის პათოლოგიური გამოკვლევა.

სასიგნალო ფორმა გამოიყენება ტყეების დაზიანებაზე ზოგადი ზედამხედველობის, ტყის პათოლოგიური კვლევის დაგეგმვის, მონიტორინგის წარმოების, ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვის შედგენისა და სტატისტიკური ანგარიშგებისას.

 

ფორმა  1

 

მავნე ორგანიზმების გამოვლენისა და აღრიცხვის

 

სასიგნალო ფორმა

 

1. რეგიონი --------------------------------- 

2. სატყეო უბანი -------------------------------------------------

3. სატყეო --------------------------- 4. კვარტალი--------------- 5. ლიტერი---------------------------------

6. მოკლე ტაქსაციური დახასიათება ( შემადგენლობა, ხნოვანება, ბონიტეტი, სიხშირე) --------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. რა არის დაფიქსირებული -----------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქარტეხილი, ქარქცეული, ნახანძრალი, ახლად დაზიანებული, წიწვის და ფოთლის ფერის შეცვლა, დიდი რაოდენობითაა მავნებლის სხვადასხვა ფაზების არსებობა ხეებზე, დაავადების არსებობა, სხვა და ა.შ.)

8. დაზიანებულია მერქნიანი სახეობა ------------------------------------------------------------------------

9. დაზიანების სავარაუდო ფართობი  (ჰა)-------------------------------------------------------------------

10. დააფიქსირა დაზიანება  (თანამდებობა, სახელი, გვარი)-----------------------------------------------

11. ადგილის GPS კოორდინატები:

____________________________________________________________

12. დაზიანებული კორომის ფერადი ფოტოსურათი

 

ხელმოწერა  ---------------------

თარიღი  ------------------------

 

ტყის პათოლოგიური მონიტორინგი (ტპმ)

ტყის პათოლოგიური მონიტორინგი (ტპმ) – ტყის სანიტარიულ მდგომარეობაზე (ტყის მდგრადობის, მავნე ორგანიზმებით დაზიანების, ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული ცვლილებებისა და ამ პროცესების დინამიკაზე) ოპერატიული და მუდმივი დაკვირვება.

აღნიშნული პროცესების დროული პროგნოზირება იძლევა ტყის დაზიანებული ფართობების დროულად გამოვლენის საშუალებას, ტყის მავნე ორგანიზმების გავრცელების შეფასება/პროგნოზირებასა და ტყის დაცვითი ღონისძიებების დროულად დაგეგმვის საშუალებას.

− ტყის პათოლოგიური მონიტორინგის  (ტპმ) ძირითადი მიზნები:

− ტყის შემქმნელ სახეობებზე, დინამიკასა და მდგრადობაზე მუდმივი დაკვირვება, ტყის მავნებელ-დაავადებების რიცხოვნობის ცვლილებასა და მათ მდგომარეობაზე მუდმივი კვლევა.

− განსაზღვრულ ვადებში ტყის პათოლოგიური მონიტორინგის განხორციელება (ტპმ) რაიონების, რეგიონების და ქვეყნის დონეზე.

− ტყის პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების პროგნოზირება.

− ტყის მავნე ორგანიზმებისგან ტყის დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა, ტყის მდგრადობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება. დანაკარგების თავიდან აცილება როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

− ტპმ-ის ერთ-ერთ ტყეზე ეკონომიკური საქმიანობის გავლენის შეფასება (მათ შორის მოვლითი ღონისძიებების გავლენა).

ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზების შერჩევა ხდება ბუნებრივი, ეკონომიკური და სანიტარიული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეგიონის მასშტაბით.

შესაბამისად მუდმივი დაკვირვების წერტილები სტანდარტულად  იმართება (ტარდება ჭრები და ა.შ), ისევე როგორც დანარჩენი ტყეები.

ტყის პათოლოგიური მონიტორინგი (ტპმ)2 დონეები:

ლოკალური მონიტორინგი − ხორციელდება თითოეულ სატყეო უბანში, სადაც სატყეო სექტორის წარმომადგენლების მიერ ხდება ტყის პათოლოგიური მონიტორინგის პირველადი მონაცემების შეგროვება, განისაზღვრება საფრთხეები და ფასდება როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური დანაკლისები.

რეგიონალური მონიტორინგი − ხორციელდება თითოეული სატყეო უბნისა და მთლიანად რეგიონის დონეზე ტყის პათოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და ინფორმაციის ანალიზით.

ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ობიექტები

ტპმ-ის ობიექტებს წარმოადგენენ როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური წარმოშობის კორომები;

მიწის ნაკვეთები, სადაც ბუნებრივად/ხელოვნურად ხდება ბუნებრივი განახლება (განახლების ხელშეწყობა), ტყის დროებითი სანერგეები;

− ტპმ-ის პრიორიტეტულ ობიექტებს წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტყეები. სტიქიებისაგან დაზიანებული,  ჭრაგავლილი, სარეკრეაციო, ნახანძრალი, მავნებელ-დაავადებებისგან დაზიანებული და სხვა ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ზეგავლენის ქვეშ მყოფი ტყეები;

− ტყის დაზიანების (დასუსტების) ბიოტური ფაქტორებიდან (დაზიანება და შესაძლო დაღუპვა), მონიტორინგს ექვემდებარება ქერქისა და ფოთლის მღრღნელები, მოზარდ-აღმონაცენის მავნებლები, განსაკუთრებით კი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, ტყის დაზიანება ჩლიქოსნებითა და სხვა ცხოველებით;

− მონიტორინგს ექვემდებარება ისეთი კორომები, რომლებიც  დასუსტებული ან დაზიანებულია ხანძრის, ქარის, დიდთოვლობის, გვალვის, წყალდიდობის ან სხვა ბიოტური ფაქტორების გავლენით.

ტყის პათოლოგიური მონიტორინგის მეთოდები და საშუალებები

ტპმ ხორციელდება შერჩევითად როგორც სახმელეთო, ისე დისტანციური მეთოდების გამოყენებით და განისაზღვრება მონიტორინგის ტიპით, ფინანსური  და სხვა შესაძლებლობებით.

დისტანციური კვლევების დროს გამოიყენება სატელიტური, აეროფოტო, აეროვიდეო და სხვა აეროვიზუალური გადაღების საშუალებების გამოყენება.

დისტანციური კვლევები გამოიყენება დიდი ფართობის სანიტარიული მდგომარეობის დასადგენად.

დისტანციური კვლევების დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დგინდება  სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობა სახმელეთო მეთოდების  გამოყენებით.

ტპმ-ის სახმელეთო კვლევების დროს, ტყის სანიტარიულ მდგომარეობაზე ხანგრძლივი დაკვირვებებისათვის,  ტყის სანიტარიულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით იქმნება მუდმივი დაკვირვების წერტილების ქსელი (მდწ).

მდწ გამოიყენება  მავნე ორგანიზმების დეტალური აღრიცხვისათვის და ასევე აბიოტური ფაქტორებით ტყის დაზიანების ხარისხის  განსაზღვრისათვის.

მუდმივი დაკვირვების წერტილების შეირჩევა 10 წლის ვადით, შემდგომ კი საჭიროების შემთხვევაში ხდება წერტილების ჩანაცვლება.

კორომის დაღუპვის შემთხვევაში მდწ-ს ჩანაცვლება ხდება 10 წლის ვადის გასვლამდე.

 ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება

 ტპმ-ის ორგანიზების ეტაპები:

− მოსამზადებელი სამუშაოები;

− საველე სამუშაოები – მუდმივი სანიმუშო ფართობების შერჩევა;

− სანიმუშო ფართობებზე მონაცემთა შეგროვება და დაკვირვება;

− შეგროვებული მონაცემების ანალიზი და ღონისძიებების დაგეგმვა.

მასშტაბებისა და სირთულეების გათვალისწინებით, ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება რეგიონულ დონეზე უნდა განხორციელდეს 2-3 წლის განმავლობაში.“.