დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1453-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.05.001.103049 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ან ფაქტორინგის რეესტრიდან;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, სამისამართო რეესტრის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და ფაქტორინგის რეესტრის ერთობლიობა.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ფაქტორინგის რეესტრი არის „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების რეგისტრაციის, მათში ცვლილების შეტანისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“. 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი: „24. ფაქტორინგის რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ფაქტორინგის რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის ამ რეესტრებსა და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ/აღრიცხულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV4 თავი:
„თავი IV4 ფაქტორინგის რეესტრი მუხლი 204. ფაქტორინგის რეესტრის წარმოების პრინციპები 1. მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება, სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული განცხადება ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების წარმოშობა, შეწყვეტა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ინსტრუქციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია. 2. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და ამ დოკუმენტით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანების მთლიანი ოდენობა. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე დებიტორული დავალიანებისა და აღნიშნული მთლიანი ოდენობიდან ერთი ფაქტორინგის ფარგლებში გამოყენებული ის ოდენობა, რომელზედაც საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ფაქტორს საკუთრების უფლება წარმოეშობა. ფაქტორინგი ძალაში შედის მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ თანხმობის ელექტრონული ფორმით განცხადების მომენტიდან. მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ თანხმობის განცხადების ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით. 3. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის დასახელება, მოთხოვნის დამთმობი მხარის დასახელება, ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღი. ფაქტორი ვალდებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიერ ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მოითხოვოს ფაქტორინგის რეესტრში შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტა. 4. სააგენტო ერთსა და იმავე დებიტორულ დავალიანებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების რამდენიმე ფაქტორის მიერ ერთდროულად რეგისტრაციის გამოსარიცხად ფაქტორინგის რეგისტრაციამდე ამოწმებს, ხომ არ მეორდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციები. 5. შემოსავლების სამსახური სააგენტოს ფაქტორინგის რეესტრის წარმოების მიზნებისთვის, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონული ფორმით აწვდის მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესახებ შემდეგ მონაცემებს: ა) საგადასახადო ანგარიშფაქტურის ნომერს; ბ) საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების ღირებულებას; გ) საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული მოვალის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების მდგომარეობას; დ) საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული ოპერაციის განმახორციელებელი პირების დასახელებებს. 6. სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღების შემდეგ ფაქტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არეგისტრირებს შემდეგ მონაცემებს: ა) საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის დასახელებას; ბ) მოთხოვნის დამთმობი მხარის დასახელებას, ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღს; გ) საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების იმ ფულად ოდენობას, რომელზედაც რეგისტრირდება ფაქტორის საკუთრების უფლება; დ) სხვა საჭირო ინფორმაციას. 7. მარეგისტრირებელი ორგანო არ არის პასუხისმგებელი ფაქტორის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტორინგის რეგისტრაცია, ან/და ფაქტორის მიერ ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული და დამატებით წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე. მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ ამოწმებს ფაქტორის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შესაბამისობას. 8. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფაქტორინგი ძალაში შედის „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ფაქტორინგი ძალას კარგავს „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან. 9. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება საკუთრების უფლების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლება შეწყვეტილად ითვლება საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან. 10. ფაქტორის მიერ „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძვლები დგინდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1453-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები