აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე

აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016473
11
26/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
010330000.32.061.016473
აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2026 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დაწესდეს აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და დამტკიცდეს აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე



დანართი
აკაკი ჩხენკელის   სახელობის   სტიპენდიის   დანიშვნის   წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის (შემდეგში – სტიპენდია) დანიშვნის პირობებს და პროცედურებს.

2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

მუხლი 2.  სტიპენდია

1. სტიპენდია ენიჭებათ სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

2. სტიპენდია წესდება ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ასევე მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 1 სტუდენტისა, სტიპენდიატებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე). 

მუხლი 3. კომისია

1. სტიპენდიის დანიშვნის ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღების, კანდიდატთა განხილვისა და სტიპედიატის გამოვლენის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდეგში – სამინისტრო) იქმნება კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის (შემდეგში – მინისტრი) ბრძანებით.

2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიას  7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ამტკიცებს  მინისტრი.

4. საჭიროების შემთხვევაში კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ წესის შესაბამისად, სტიპენდიატის გამოვლენის შემდეგ.

6. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

7. კომისია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

მუხლი 4. კომისიის მუშაობისა და სტიპენდიის დანიშვნის წესი

1. სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვთ  აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

2. ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერტიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ).

3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდეგ.

4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.

5. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატის განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.

9. კომისია სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.

10. კომისიის მიერ სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს.

11. სტიპენდიის  დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

12. სტიპენდიატს გადაეცემა დიპლომი.

13. მინისტრს უფლება აქვს სტიპენდიატს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება. მინისტრი ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.