ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016485
07
27/03/2026
ვებგვერდი, 02/04/2026
010250050.35.144.016485
ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №07

2026 წლის 27 მარტი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცირა ინდუაშვილი



 დანართი №1

 

ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი მიმოხილვა

ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს, გარდა „ქარელის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის პროგრამისა“.

მუხლი 2. სოციალური დახმარების დასახელება, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. გაჭირვებული მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა

1. უფასო კვების პროგრამით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

2. პროგრამით ისარგებლებენ უკვე რეგისტრირებული ბენეფიციარები, ხოლო ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში (გარდაცვალება, უარის თქმა პროგრამაზე, სარეიტინგო ქულის მომატება, ზედიზედ (14 დღე) არ გამოცხადება, რეგისტრაციის ადგილის შეცვლა (სხვა მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად გადასვლა) და სხვა), ბენეფიციართა ჩანაცვლება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულის, მრავალშვილიანი ოჯახის ან/და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

3. კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ყოველდღიურად, დღეში ერთხელ, დასვენების დღეების გარეშე.

4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებელის პირადობის მოწმობის ასლი:

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულათა ამონაწერი;

დ) სხვა დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში.

2. მოსახლეობის მკურნალობა

1. მოსახლეობის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს მკურნალობის, ოპერაციის ან გამოკვლევის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის თანადაფინანსებას 40%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა, წლის განმავლობაში ერთჯერადად.

2. პროგრამით არ დაფინანსდება კოსმეტიკური პროცედურები (გარდა ფაკიური ლინზის გადანერგვისა; რეფრაქციული ანომალიის კორექციისა ექსიმერული ლაზერით – LASIK მეთოდი) და ექიმის ჰონორარი.

3. დახმარებით, წლის განმავლობაში ერთჯერადად, ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულაა 0 - დან 150 000 ქულის ჩათვლით.

4. იმ ბენეფიციარებისათვის, რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულაა 0-დან 150 000-ის ჩათვლით და, რომელთა მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი არ აღემატება 300 ლარს, დაფინანსება განხორციელდება 100%-ით, ხოლო, თუ დასაფინანსებელი თანხა აღემატება 300 ლარს, ასანაზღაურებელ 300 ლარს დაემატება დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის 40%.

5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

გ) ანგარიშფაქტურა:

დ) წინასწარი კალკულაცია (რომელიც უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის რეკვიზიტებს);

ე) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი, ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებელის პირადობის მოწმობის ასლი

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულათა ამონაწერი;

თ) სხვა დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში“.

6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

7. 2025 წლის დეკემბრის თვეში გაცემული მკურნალობის დაფინანსების საგარანტიო წერილების მიხედვით ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში.

3. მრავალშვილიან ოჯახებში ახალშობილთა დახმარება

1. მრავალშვილიან ოჯახებში ახალშობილთა დახმარების პროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, რომელთაც ოჯახებში შეეძინათ მესამე და ყოველი მომდევნო შვილი;

ა) მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახს გაეწევა დახმარება 600 ლარის ოდენობით;

ბ) მეოთხე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახს გაეწევა დახმარება 800 ლარის ოდენობით;

გ) მეხუთე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახს გაეწევა დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე, 1000 ლარზე, 200-200 ლარის დამატებით;

დ) ტყუპების შემთხვევაში ინდივიდუალურად, რიგითობის გათვალისწინებით.

2. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები(დევნილები).

3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება,

ბ) ბავშვის(ბავშვების) დაბადების მოწმობები;

გ) მშობლების/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის (მშობელი) საბანკო რეკვიზიტები;

ე) საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე:

5. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არ ექვემდებარება ოჯახი, სადაც ერთ-ერთ მშობელს, ამ ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით, მიღებული აქვს სხვა მუნიციპალიტეტიდან ანალოგიური/მსგავსი ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

4. ცელიაკიით დაავადებულ და თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე (დიალიზი) მყოფ პირთა დახმარება

1. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ცელიაკიით, აგრეთვე ფენილკეტონურიით დაავადებული ბენეფიციარები.

2. ცელიაკიით დაავადებული პირების დახმარების პროგრამა ითვალისწინებს საკვებით დახმარებას, წლის განმავლობაში, თითოეულზე, არაუმეტეს 2000 ლარის ღირებულებით, რომელიც საჭიროა შესაბამისი სახეობის საკვების შესაძენად.

3. თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფ პირთათვის ფინანსურ დახმარებას – წელიწადში ერთჯერადად 1200 ლარის ოდენობით – გადაადგილებისათვის.

4. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები(დევნილები).

5. ცელიაკიით დაავადებულ პირთა დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) საკვების შესაძენად - წინასწარი ინვოისი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

6. თირკმლის ჩანაცვლებითი მკურნალობის (ჰემოდიალიზის) შემთხვევაში:

ა) განცხადება,

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

გ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) საბანკო რეკვიზიტები;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტები.

7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

5. სტუდენტების სოციალური დახმარება

1. დახმარებას მიიღებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:

ა) მარჩენალდაკარგული სტუდენტები;

ბ) პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;

გ) პირველი ჯგუფის შშმ პირთა სტუდენტი შვილები;

დ) მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტი შვილები;

ე) სოციალურად დაუცელი ოჯახების ბაზაში რეგისტრირებული სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 50 000-ის ჩათვლით;

2. დახმარებით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში რეგისტრირებულ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი) – ბაკალავრიატის, რეზიდენტურის ან მაგისტრატურის საფეხურებზე.

3. დახმარება ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებზე წლიურად სწავლის გადასახადის ერთჯერადად დაფინანსებას, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

4. სტუდენტების სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) სწავლის დამადასტურებელი ცნობა აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

გ) განმცხადებლის/სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) სასწავლებლიდან შესაბამისი დოკუმენტი რეკვიზიტებით, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სტუდენტის მიერ დარჩენილი გადასახადის შესახებ;

ე) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი;

ვ) განმცხადებლის/სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულათა ამონაწერი;

 ი) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტები.

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

6. შშმ პირების დახმარება

1. დახმარება ითვალისწინებს 30 წლამდე ასაკის შშმ პირების რეაბილიტაციას, რესოციალიზაციას და ინტეგრაციას ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დღის ცენტრში.

2. დახმარების გაწევა ხორციელდება თანადაფინანსებით თითოეულ შშმ პირზე, წლის განმავლობაში ერთჯერადად, 1800 ლარის ოდენობით.

3. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები(დევნილები).

4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს ორგანიზაციის მიერ, შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანხმობა;

ბ) შშმ პირის მშობლის, მეურვის/მზრუნველის განცხადება;

გ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მეურვის,მზრუნველის/მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) თანდართული ხარჯთაღრიცხვით ორგანიზაციის რეკვიზიტები;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დღის ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

7. მკვეთრად გამოხატული უსინათლოების დახმარება

1. დახმარება გაეწევათ ბენეფიციარებს წელიწადში ერთჯერადად – 600 ლარის ოდენობით.

2. დახმარებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, აგრეთვე ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (მეურვის/მზრუნველის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მკვეთრად გამოხატული უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა / 50; ფორმა / 100 – ოკულისტისგან, რომელშიც იქნება ჩანაწერი პირის მხედველობის მდგომარეობისა და ხარისხის შესახებ (მარჯვენა და მარცხენა თვალში: vod da vos 0.00 - დან – 0.04 - მდე);

დ) მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტები.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო ანგარიშზე.

8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ ვეტერანების დახმარება

1. დახმარებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ ვეტერანები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან (26 მაისი) დაკავშირებით, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ რეგისტრირებულ (კოდი 945) თითოეულ ვეტერანზე 500 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობა და ინვალიდობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) საბანკო რეკვიზიტები;

ე) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

 9. 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა დახმარება

1. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წელს გადაცილებული უხუცესები და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ უხუცესზე .

3. წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

დ) საბანკო რეკვიზიტები;

ე) საჭიროების შემთხვევაში – სხვა დოკუმენტაცია.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

10. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება

1. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მეურვის/მზრუნველის განცხადება;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ბავშვის რეგისტრაციის შესახებ;

დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობები;

ე) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) მეურვის/მზრუნველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საბანკო რეკვიზიტები;

თ) სხვა დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

11. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების დაფინანსება

1. ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის დახმარებით ისარგებლებენ 400 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად, პირის გარდაცვალებიდან 10 დღის ვადაში, გარდაცვლილის ახლობლის ან სხვა იმ პირის მიერ, ვინც ორგანიზებას უწევს გარდაცვლილის დაკრძალვას, წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

გ) დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო რეკვიზიტები;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული არანაკლებ სამი მეზობლის ან ოჯახის წევრის მიერ ხელმოწერილი აქტი;

ვ) გარდაცვალების მოწმობა;

ზ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი საბანკო ანგარიშზე.

12. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება

1. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 250 ლარის ოდენობით, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ რეგისტრირებულ (კოდი 945) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ პერიოდში გარდაცვლილ მეომართა იმ ოჯახის წევრებზე ან სხვა პირზე, რომელიც ორგანიზებას უწევს დაკრძალვას.

2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) გარდაცვალების მოწმობა;

დ)დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია;

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

13. სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება

1. დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული, მოქალაქეების პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსი-ნაგებობების სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას 40%-ით. თუ ზარალის ოდენობა აღემატება 10 000 ლარს, ბენეფიციარი დაფინანსდება 10 000 ლარის 40%-ის ოდენობით.

2. დახმარება გაიცემა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების (ხარჯთაღრიცხვის) და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა სტიქიის შესახებ - ხანძრის შემთხვევაში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და პოლიციიდან;

გ) საბანკო რეკვიზიტები;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სხვა დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

14. ცერებრალური დამბლის მქონე პირთა დახმარება

1. ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერადად ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება (მეურვის/მზრუნველის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტები.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

15. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება

1. დახმარებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლნი წელიწადში ერთჯერადად, ფულადი დახმარებით - 500 ლარის ოდენობით.

2. დახმარებით აგრეთვე ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები(დევნილები).

3. ძალადობის მსხვერპლმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირი ცნობილ იქნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლად;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტები.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო ანგარიშზე.

16. ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა

1. დახმარება ითვალისწინებს 16 წლამდე ასაკის ბავშვის და მისი ოჯახის დახმარებას წელიწადში თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, ოჯახზე არაუმეტეს 2400 ლარისა.

2. დახმარებით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვები, რომლებზეც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებენ მის შესაძლებლობებს, სათანადო მხარდაჭერის გარეშე გაიაზრონ სხვადასხვა გამოწვევები, ასევე, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დანაშაულის მსხვერპლი ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი (ბავშვები), რომელთაც ესაჭიროებათ ფინანსური დახმარება.

3. დახმარებით ისარგებლებენ აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები(დევნილები).

4. დახმარება გაიცემა საქართველოს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შიდა ქართლის რეგიონული ცენტრიდან, ან/და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან შემოსული მომართვების საფუძველზე.

5. შემოსულ მომართვებს სწავლობს და ამოწმებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც ადგენს დასკვნას ბავშვის მდგომარეობის და დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ.

6. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) ბავშვის(ბავშვების) დაბადების მოწმობები;

გ) მშობლების/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მეურვის/მზრუნველის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის (მშობელი, მეურვე და სხვა) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

17. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ფულადი დახმარება

1. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი (რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულაა 65 000 ქულის ჩათვლით) და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები.

2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ბენეფიციარისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში საბიუჯეტო წლის განმავლობაში ფულადი დახმარების გზით, თვეში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ქირის გადახდას.

3. დახმარების ფარგლებში ბენეფიციარის შესწავლა მოხდება მოქალაქის განცხადების და ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი;

დ) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის მონაცემები;

ე) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის (იმ თვეების ოდენობაზე, რაზეც მოხდება დახმარების გაწევა);

ვ) ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, განმცხადებლის და მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ;

თ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრების სახელზე არსებული შემოსავლების შესახებ;

ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

კ) შშმ პირის შემთხვევაში, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი;

ლ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ცნობა პოლიციიდან;

მ) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი და აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

6. დახმარებით ისარგებლებს მხოლოდ ის ბენეფიციარი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია და ცხოვრობს.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნის თაობაზე განცხადება არ განიხილება, ან დახმარების გაწევა შეწყდება პირის/ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო, ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით, ან მის მიმართ გავრცელდება მესამე პირის ვალდებულება, საცხოვრისით უზრუნველყოფაზე.

8. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარი არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში არ ცხოვრობს დაქირავებულ ფართში, დახმარების გაწევა შეწყდება.

მუხლი 3. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და მონიტორინგი

1. ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამებით გათვალისწინებულ სოციალური დახმარების გაცემას და ამ პროცესებზე მონიტორინგს (გარდა მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის“ პროგრამისა), უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური.

2. ,,ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას და მონიტორინგს უზრუნველყოფს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული -ადმინისტრაციული სამსახური.

3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს მერისთვის წარსადგენად, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად.