დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.104.016601 |
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი
დებულებები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
მუხლი 2. წესის მიზანი 1. წესის მიღების მიზანია ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. 2. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები.
მუხლი 3. ამ წესის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო ამ წესის განხორციელებაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მათი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, უფლებამოსილი და პასუხისმგებელია ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ ან/და ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“.
მუხლი 4. ცხოველთა სტატუსი და მათი რეგისტრაცია 1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი: ა) პატრონიანი; ბ) მიკედლებული; გ) უმეთვალყურეო; დ) უპატრონო. 2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ძაღლის რეგისტრაციის მომენტიდან. 3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც ფაქტობრივად ზედამხდველობს ფიზიკური ან იურიდიული პირი და რომელსაც მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო. 4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე მეპატრონის ან ცხოველის მიმკედლებლის მიერ მეთვალყურეობის გარეშე განზრახ მიტოვებული ცხოველი. 5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს ან არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედლებელი. 6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს, მისთვის მეპატრონის დასადგენად ან ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 7. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (თავშესაფრიდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით ცხოველი, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. 8. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის მეპატრონის საკუთრებას. 9. ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს. 10. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 11. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში. 12. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, გარდა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. 13. ცხოველთა მარეგისტრირებელი ორგანოა მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, რომელიც არეგისტრირებს ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი სტატუსის მქონე ცხოველს და ყველა ცვლილებას ამ სტატუსთან დაკავშირებით. 14. პირველადი რეგისტრაცია და ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული ცვლილებები მეპატრონის/მიმკედლებლის მიერ უნდა განხორცილდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. 15. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა. 16. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება. 17. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 18. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ. 19. მიმკედლებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება; ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს; გ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები; დ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ; ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა. 20. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/ მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში, 30 კალედარული დღის განმავლობაში. 21. მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით. 22. ცხოველის რეგისტრაციისას, გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში. 23. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.). 24. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. მეპატრონის უფლებები და მოვალეობები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით 1. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად. კერძოდ: ა) ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება; ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა,სათანადო ფიზიკური აქტივობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით; დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა; ე) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება; ვ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; თ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში; ი) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში; კ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის 24 საათის განმავლობაში შეტყობინება ; ლ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე; მ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში; ნ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში; ო) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია, ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. 4. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ცხოველი ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის ჩაბარებამდე, მეპატრონე ან მისი წარმომადგენილი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით. 5. აკრძალულია ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა. 6. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა. 7. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი. ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში ობიექტის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი. 8. დასაშვებია ცხოველის ლეშის: ა) დამარხვა, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე; ბ) კრემაცია; გ) მოთავსება ბიოთერმულ ორმოში. 9. ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით. 10. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის ასისტენტი ძაღლების მეპატრონეებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან ერთად დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა). 11. ცხოველის დაავადების შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს: ა) ამ წესის პირობებით დადგენილი ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/კრემაცია/მოთავსება ბიოთერმულ ორმოში; ბ) ცხოველის მეპატრონის მოთხოვნის და მკურნალობის საფასურის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, ცხოველის შესაბამისი მკურნალობა. 12. ცხოველის კვლევის, მკურნალობის, ევთანაზიის და დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის მეპატრონე. 13. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის მეპატრონის მიმართვის შემთხვევაში, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო. 14. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესის სათანადოდ და სრულად ჩატარების და მკურნალობის პროცესში ადამიანებისა და სხვა ცხოველებისათვის საშიში დაავადების გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გატარების ვალდებულება, კომპეტენციის ფარგლებში აკისრია როგორც ცხოველის მეპატრონს, ისე შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას. 15. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ცხოველის მეპატრონეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 16. ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ასევე ევთანაზიის თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის ყოველი ფაქტის შესახებ, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირება. 17. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხოველის მეპატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვეტერინარულ დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. ცხოველის მიკედლება 1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება. 2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. 3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ. 4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულებისა და მეტროპოლიტენის შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე. 5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის: ა) ვეტერინარული მომსახურება; ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა; გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება; ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს; გ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები; დ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ; ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი 1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით. 2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან. 3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე. 4. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას/აღრიცხვას, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე. 5. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო ტატუირებით და ყურის მცირედი (ვიზუალურად ფიქსირებადი) კუპირებით – კატის შემთხვევაში. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით. 6. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე. 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 8. ცხოველების მოკვდინება 1. ცხოველების მოკვდინება (ჰუმანური მეთოდებით) ტკივილის შეწყვეტის მიზნით ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში. 2. ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინება დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე. 3. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტური და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში. 4. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით. 5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა; ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. 3. მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები. 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. 6. სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი შეადგენს: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 100 (ასი) ლარს; ბ) დღიური მოვლა-პატრონობა: ბ.ა) ძაღლის – 15 (თხუთმეტი) ლარს; ბ.ბ) კატის – 10 (ათი) ლარს. 7. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის მეპატრონისდადგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა. 8. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს. 10. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 11. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ ადგილზე გადაყვანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია, თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება); ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები – მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება. 12. კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 13. ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები). 14. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფლის და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე. 15. სპეციალური ადგილიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე. 16. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ, ცხოველი 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს. 17. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.
დანართი №1
ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა N 0000001 ცხოველი:
.........................................................................................................................................
(მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ან ტატუირების N)
ცხოველის პატრონი:
................................................................................................................................................
რეგისტრატორი:
............................................................ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა)
„ ....... “ ............................................. 202 ... წ. (თარიღი)
ცხოველის პატრონი:
............................................................ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა)
„ ....... “ ............................................. 202 ... წ. (თარიღი)
(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის N 0000001 მეორე მხარე ან დანართი)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები