„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1465-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018177
1465-Vმს-XIმპ
01/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
220010000.04.001.018177
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ფაქტორინგული კომპანია, ფაქტორინგული პლატფორმა;“;

ბ) „ჰ15“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ და „ჰ17“  ქვეპუნქტები:    

„ჰ16) ფაქტორინგული კომპანია − „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანია;

17) ფაქტორინგული პლატფორმა − „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული პლატფორმა.“.

2. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საპენსიო ფონდის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტების, ფაქტორინგული კომპანიების, ფაქტორინგული პლატფორმებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“.

3. 527 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობა“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 528 მუხლი:

„მუხლი 528. ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);

გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებსა და ფაქტორინგული პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს;

დ) შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია;

ე) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;

ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები;

ზ) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას დააკისროს ფულადი ჯარიმა, ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება;

თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალის  ფორმირების წესი და ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის ოდენობა და მისი ფორმირების წესი.

2. ეროვნული ბანკის მიერ ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და მისი დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

4. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

5. ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმაში პირების შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სხვა პირებს პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.

6. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1465-Vმს-XIმპ