გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმით შეცვლის შესახებ

გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმით შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11877-25
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/03/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2026
სარეგისტრაციო კოდი
2/11877-25
23/03/2026
ვებგვერდი, 02/04/2026
გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმით შეცვლის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმით შეცვლის  შესახებ

საქმე №2/11877-25 / 330210325011438340

 2026 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ლიანა კაჟაშვილი

განმცხადებელი   შპს „TRANSPORTER“ (ს/კ: 406081190)

წარმომადგენელი – თეონა კუპრეიშვილი

გაკოტრების მმართველი  ლაშა ნოდია

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსია

სასამართლომ ზეპირი მოსმენით  განიხილა შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმით შეცვლის  საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ  ვ ი ა :

2024 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „TRANSPORTER-ის“ წარმომადგენელმა თეონა კუპრეიშვილმა შპს „TRANSPORTER-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და შპს „TRANSPORTER-ის“ მართვაში მისი დირექტორის ლუხუმ ქართლოსიშვილის დატოვების მოთხოვნით.

ვინაიდან განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვდა შპს „TRANSPORTER-ის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას, სასამართლომ შეამოწმა განცხადების და წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით) და მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდნენ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მისი აქტივებისა და პასივების სრულყოფილ სურათს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „TRANSPORTER-ის“ განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, რომლითაც  განმცხადებელი შპს „TRANSPORTER“ (ს/კ: 406081190) განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვროს განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2025 წლის 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „TRANSPORTER-ის“ წარმომადგენელმა თეონა კუპრეიშვილმა. განმცხადებელმა წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით, შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) წარმომადგენელ თეონა კუპრეიშვილის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) დირექტორი, ლუხუმ ქართლოსიშვილი (პ/ნ: 01027005959; ტელ: 599 78 44 11) დარჩა მართვაში. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ლაშა ნოდია (პ/ნ: 19001001627), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.

შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ  2025 წლის 20 მაისის განჩინების გამოტანიდან სასამართლოში კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში არ მომხდარა კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება; არც კრედიტორთა კრებას მიუღია გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოხდა კონვერსია და  რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალა გაკოტრების რეჟიმით. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი. რეაბილიტაციის ზედამხედველს ლაშა ნოდიას (პ/ნ: 19001001627), შეუწყდა უფლებამოსილება. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი  თინათინ შუღაროვა (პ/ნ: 01031003634), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

2026 წლის 11 თებერვალს შპს „TRANSPORTER“-ის კრედიტორ სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას  აცნობა შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების მმართველად ლაშა ნოდიას დანიშვნის შესახებ.

ვინაიდან,+ მოვალე შპს „TRANSPORTER“-ის კრედიტორთა ჯამური ხმების 80%-ზე მეტი ხმის მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „თიბის ბანკის“ მიერ მოხდა შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2026 წლის 13 თებერვალს მიიღო განჩინება, მოხდეს შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) გაკოტრების მმართველის ცვლილების შესახებ და შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მმართველად განისაზღვრა უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „თიბისი ბანკის“ მიერ დანიშნული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ლაშა ნოდია.

2026 წლის 20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მომართა შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების მმართველმა: ლაშა ნოდიამ, შპს „TRANSPORTER“-ის  მიმართ გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმით ჩანაცვლების მოთხოვნით.  განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოვალის მიერ 2026 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი შპს „TRANSPORTER“-ის  რეაბილიტაციის გეგმა მოწონებული იყო კრედიტორთა უმრავლესობით, როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ; შესაბამისად, როგორც გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, კრედიტორთა ინტერესია არ გაკოტრდეს საწარმო და არსებობს რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების რეალური პოტენციალი.

სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაეცნო საქმეში არსებულ  მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „TRANSPORTER“-ის მიმართ გაკოტრების რეჟიმი შეცვლილი უნდა იქნეს რეაბილიტაციის რეჟიმით შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება  რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონის პრიორიტეტია საწარმოს სიცოცხლისუნარიანობის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ხელი შეეწყოს მის რეაბილიტაციას, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია საწარმოს გადარჩენა,  გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის თანხა უნდა წარიმართოს კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ერთ-ერთ სიახლედ მიიჩნევა კონვერსია, რაც თავის მხრივ, დაწყებული რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს, კერძოდ, რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლას, რა დროსაც უწყვეტად გრძელდება დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის განცხადებით მიმართოს სასამართლოს, თუ არსებობს საწარმოს რეაბილიტაციის გონივრული ალბათობა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნის შესახებ გაკოტრების მმართველის განცხადებასთან ერთად, ამ კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, აგრეთვე წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადების შეტანის თარიღის მდგომარეობით გაკოტრების რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გაკოტრების მმართველის დანიშვნის თარიღი, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების შეტანა;

გ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც, გაკოტრების მმართველის აზრით, სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსიის საკითხის გადაწყვეტაში ხელს შეუწყობს.

მოცემულ შემთხვევაში შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ გახსნილი იყო რეაბილიტაციის რეჟიმი, დანიშნული იყო რეაბილიტაციის ზედამხედველი, ხოლო საწარმოს მართვაში დატოვებული იყო კომპანიის დირექტორი, მხოლოდ რეაბილიტაციის მოწონებული გეგმის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა დაედო საფუძვლად რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლას. რეჟიმის ცვლილება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით.

გაკოტრების მმართველი შპს „TRANSPORTER-ის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის კვლავ რეაბილიტაციის რეჟიმის მოთხოვნას აფუძნებს ძირითადად იმ გარემოებას, რომ საწარმოს გააჩნია რეაბილიტაციის რესურსი, არსებობს რეაბილიტაციის გეგმა, რომელსაც ეთანხმებიან კრედიტორები;  საწარმოს კრიზისული მდგომაროებიდან გამოსვლის და კრედიტორთა  მოთხოვნების დაკმაყოფილების საუკეთესო გზაა საწარმოს ისევ რეაბილიტაციის რეჟიმში დაბრუნება.

საქმეზე წარმოდგენილია შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) კრედიტორთა ხმების 80%-ის მფლობელი სს „თიბისი ბანკის“ განცხადება, რომლითაც იგი მხარს უჭერს გაკოტრების მმართველის მოთხოვნას რეჟიმის კონვერსიასთან დაკავშირებით, აღნიშნული პოზიციას მხარი დაუჭირა სასამართლო სხდომაზე სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა. ამდენად, როგორც გაკოტრების მმართველის, ასევე მოვალის სხვა კრედიტორთა უმრავლესობა ეთანხმება გაკოტრების რეჟიმის ისევ რეაბილიტაციის რეჟიმით შეცვლას; როგორც სხდომამდე წარმოდგენილი განცხადებებიდან, ასევე სხდომაზე გაჟღერებული კრედიტორთა და გაკოტრების მმართველის პოზიციების მიხედვით რეალურად არსებობს რეაბილიტაციის გონივრული ალბათობა; საწარმო ფუნქციონირებს, არსებობს რესურსი გადარჩეს და რეაბილიტაციის გზით მოხდეს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. კრედიტორთა უმრავლესობა, მ.შ.  მოთხოვნათა 80%-ის მფლობელი კრედიტორი სს „თიბის ბანკი“ ეთანხმება და იწონებს არა მხოლოდ რეჟიმის შეცვლას, ასევე ეთანხმება რეაბილიტაციის ზედამხედველად შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) გაკოტრების მმართველის ლაშა ნოდიას დანიშვნასთან  და საწარმოს მართვაში დირექტორის დატოვებას. ლაშა ნოდიას განცხადებით, იგი უარს აცხადებს გაკოტრების მმართველის ანაზღაურებაზე.

ვინაიდან, საწარმოს ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით მისი ქონების ლიკვიდაციასა და რეალიზაციასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება საწარმოს რეაბილიტაციას, ამასთან, რეაბილიტაცია არა მიზანი, არამედ მიზნის მიღწევის უპირატესი გზაა. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირატეს მიზანთან შედარებით და კრედიტორები თანახმანი არიან საწარმოს რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლისა. შესაბამისად, რეაბილიტაცია უპრიანია საწარმოს გაკოტრებასთან შედარებით და რეაბილიტაცია/გადარჩენით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, ხოლო ეფექტიანი რეაბილიტაციის ერთ-ერთი კარგად აპრობირებული გზაა ‒ მოვალის მართაში დატოვება. როგორც გაკოტრების მმართველი, ასევე საწარმოს დირექტორი თანახმა არიან დარჩეს ისევ საწარმოს მართვაში.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისთვის ამ კანონით დადგენილი პროცედურებით, მათ შორის, წყვეტს მორატორიუმთან დაკავშირებულ საკითხებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ უნდა განხორციელდეს რეჟიმის კონვერსია და გაკოტრების რეჟიმი უნდა შეიცვალოს რეაბილიტაციის რეჟიმით, ამასთან, მხარეთა მოსაზრებების, ასევე რეაბილიტაციის რეჟიმის შედეგიანად წარმართვის მიზნით შენარჩუნებული უნდა იქნეს მორატორიუმის ღონისძიებები.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ არსებული გაკოტრების რეჟიმი უნდა შეიცვალოს რეაბილიტაციის რეჟიმით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11, მე-14, მე-19, 43-ე, 63-ე, 107-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოხდეს კონვერსია და  შპს „TRANSPORTER“-ის მიმართ გაკოტრების რეჟიმი შეიცვალოს რეაბილიტაციის  რეჟიმით.

2. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

3. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) დირექტორი, ლუხუმ ქართლოსიშვილი  (პ/ნ: 01027005959; ტელ: 599 78 44 11)  დარჩეს მართვაში.

4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დარჩეს გაკოტრების მმართველი,  გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ლაშა ნოდია (პ/ნ: 19001001627, ტელ ნომერი: 599 30 43 02, სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, ოფისი 28, ელ. ფოსტა lasha@nplaw.ge, ავტორიზაციის სახე - მუდმივი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: P2109113), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.

5. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:

ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;

ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.

7. განემარტოს  მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი  

ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:

ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;

ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;

ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;

ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;

გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;

დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;

ე) უფლებამოსილია მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;

ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;

ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;

თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება:

თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;

თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.

მმართველის მიერ ზ/ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.

9. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

10. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

12. განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი  უფლებამოსილია: ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად; ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;

ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად;

ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით; გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე; დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს; ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია; ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით; თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება,  ინფორმაცია ან/და  ანგარიში ნებისმიერ  საკითხზე; ი) განახორციელოს  ამ კანონით  გათვალისწინებული  სხვა  უფლებამოსილებები.

13.  განჩინება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე  გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                           ლიანა კაჟაშვილი