დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფაქტორინგის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1451-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.05.001.103044 |
|
ფაქტორინგის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს ფაქტორინგის ცნებასა და საგანს, ფაქტორინგის მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ფაქტორინგის სახეებს, ფაქტორინგის განხორციელების პირობებსა და წესს. 2. ეს კანონი ვრცელდება ფაქტორინგზე, რომლის ერთ-ერთი მხარეა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სუბიექტი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი; ბ) მიკრობანკი − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი − მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) მნიშვნელოვანი წილი − პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული საწარმოს განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ საწარმოზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა; ვ) მნიშვნელოვანი გავლენა − საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ზ) განცხადებული კაპიტალი − საწარმოს პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და საწარმოს წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; თ) განაღდებული კაპიტალი − განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ი) საკუთარი კაპიტალი − საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ; კ) კონტროლი − საწარმოს ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა პარტნიორებთან/აქციონერებთან შეთანხმების საფუძველზე მიღებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორების უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ლ) დებიტორული დავალიანება − ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის (ამ კანონის მიზნებისთვის მომსახურების გაწევა არ მოიცავს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს), მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პროდუქტის ან/და მომსახურების მიწოდების, შედეგად წარმოშობილი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნებისმიერი არსებული მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ, გარდა ჩეკის, თამასუქის, ფასიანი ქაღალდის, აკრედიტივის ან სადეპოზიტო ანგარიშიდან გამომდინარე გადახდის მოთხოვნის უფლებისა; მ) მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება − დებიტორული დავალიანება, რომლის გადახდის ვადა მისი წარმოშობიდან 1 წელს არ აღემატება; ნ) მოთხოვნის დამთმობი მხარე − ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულებისა და ძირითადი ხელშეკრულების მხარეა და ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად ფაქტორს გადასცემს; ო) მოვალე − იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების მხარეა და რომლის მიმართაც არსებობს დებიტორული დავალიანება; პ) საგადასახადო ანგარიშფაქტურა − საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ელექტრონული ფორმითაა გამოწერილი; ჟ) საჯარო რეესტრი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; რ) ფაქტორინგის რეესტრი − საჯარო რეესტრის მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელიც არის ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ინვოისის, შესაბამისი ფაქტორის, მოთხოვნის დამთმობი მხარისა და მოვალის დასახელებების, ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადის, ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობისა და ამ ანაზღაურების გადახდის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ერთობლიობა; ს) ფაქტორი − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სუბიექტი, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულების მხარეა და რომელსაც მოთხოვნის დამთმობი მხარე დებიტორულ დავალიანებას გადასცემს; ტ) ფაქტორინგული კომპანია − შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისა და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ ფაქტორინგის განხორციელების უფლება); უ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი − ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო; ფ) ფაქტორინგული პლატფორმა − შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას; ქ) ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორი − ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭო; ღ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება − მომსახურება, რომელიც ფაქტორინგიდან გამომდინარე ხორციელდება და მოიცავს ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას: ღ.ა) დებიტორული დავალიანების ფარგლებში მოთხოვნის დამთმობი მხარის დაფინანსებას, მათ შორის, ავანსის გადახდას; ღ.ბ) დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული ანგარიშების (აღრიცხვიანობის) წარმოებას; ღ.გ) დებიტორული დავალიანების ამოღებას; ღ.დ) ფაქტორინგის განსახორციელებლად აუცილებელ სხვა საქმიანობას; ყ) ძირითადი ხელშეკრულება − მოვალესა და მოთხოვნის დამთმობ მხარეს/კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შესახებ, მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლების გადაცემის თაობაზე; შ) რეზიდენტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი; ჩ) არარეზიდენტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული არარეზიდენტი; ც) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან ინვოისი, რომელიც სათანადო ფორმითაა გამოწერილი და მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობას ადასტურებს; ძ) დებიტორული დავალიანების გადაცემა − მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის საკუთრებაში გადაცემა; წ) ინვოისი − ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ფორმდება საქონლის ან/და მომსახურების მყიდველსა და გამყიდველს შორის, ადასტურებს მყიდველის მიმართ დებიტორული დავალიანების არსებობას და რომელშიც აღრიცხულია სულ მცირე ინვოისის გამომწერისა და მიმღების დასახელებები, პირადი ნომრები ან/და საიდენტიფიკაციო ნომრები, გაყიდული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების დასახელება, ჩამონათვალი და რაოდენობა, ინვოისის გამოწერის თარიღი, ასანაზღაურებელი ფულადი თანხის ოდენობა და ვალუტა; ჭ) ურთიერთდამოკიდებული პირები − „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები. მუხლი 3. ფაქტორინგის ცნება 1. ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა. 2. ფაქტორინგის მხარეები არიან მოთხოვნის დამთმობი მხარე და ფაქტორი. 3. ფაქტორინგის განხორციელებისა და ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს. მუხლი 4. ფაქტორინგის საგანი 1. ფაქტორინგის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ დებიტორული დავალიანების გადაცემა. 2. დაუშვებელია, ფაქტორინგის საგანი იყოს იმ დებიტორული დავალიანების გადაცემა, რომელიც გამომდინარეობს პირადი ან საოჯახო მეურნეობის საჭიროებებისთვის საქონლის მიწოდებიდან ან მომსახურების გაწევიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლით ვაჭრობა ან მომსახურების გაწევა მოთხოვნის დამთმობი მხარის სამეწარმეო საქმიანობის ნაწილია. 3. ფაქტორინგის მიზნებისთვის მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დადგენილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ გამოიწერება, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად ინვოისი ჩაითვლება. ინვოისის იდენტიფიცირება მარტივი უნდა იყოს, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს ინვოისის გამომწერის მიერ მინიჭებული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. მუხლი 5. ფაქტორინგის მხარეები 1. მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის. 2. ფაქტორი შეიძლება იყოს: ა) კომერციული ბანკი; ბ) მიკრობანკი; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; დ) ფაქტორინგული კომპანია. 3. ფაქტორინგის მხარეები ვალდებული არიან ფაქტორინგი ამ კანონის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ. მუხლი 6. ფაქტორინგული კომპანია 1. ფაქტორინგული კომპანია შეიძლება არსებობდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. 2. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია შექმნას სამეთვალყურეო საბჭო. ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთვის დადგენილი წესები. 3. ფაქტორინგულ კომპანიაში წილობრივი მონაწილეობა ეკრძალებათ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. 4. არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ფაქტორი“ ან „ფაქტორინგული კომპანია“ ან ამ ტერმინის შემცველი სხვა სიტყვათწყობა ამ კანონის შესაბამისად ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე, ამავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ტერმინის ან სიტყვათწყობის გამოყენება დადგენილია ან აღიარებულია კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან როდესაც იმ კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ფაქტორი“ ან „ფაქტორინგული კომპანია“, ჩანს, რომ შესაბამისი სუბიექტი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. 5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სუბიექტების გარდა, არავის არ აქვს უფლება, განახორციელოს ფაქტორინგი და ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე. 6. ფაქტორინგული კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი სანქცია თავის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 7. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა 1. ფაქტორინგულ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) ფაქტორინგი; ბ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება. 2. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან. 3. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დაბრუნებადი ფულადი სახსრების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან, გარდა თავად ფაქტორინგული კომპანიის პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისა (მათ შორის, უცხო ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტისა). ამ პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას ნორმატიული აქტით დაუდგინოს მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები დაუდგინოს. მუხლი 8. ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალი 1. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის მისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000 (სამასი ათას) ლარს. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია თავისი საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა. 2. ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000 (სამასი ათას) ლარს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი. მუხლი 9. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია 1. პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად, თუ მას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში აქვს მოთხოვნის უფლება ერთდროულად სულ მცირე 5 დებიტორულ დავალიანებაზე. 2. პირს უფლება აქვს, განახორციელოს ფაქტორინგი მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის შემდეგ. 3. ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრირებული ფაქტორინგული კომპანიების შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საწარმოთა რეორგანიზაციასთან, შერწყმასთან ან/და დებიტორული დავალიანების „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გარიგების სპეციფიკისა და შინაარსის გათვალისწინებით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულებიდან გამონაკლისი შემთხვევები. მუხლი 10. შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან გამოიწვია მათი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა; გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ; დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ე) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება. 2. ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს ეკრძალება იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს. 3. ფაქტორინგული კომპანიის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი. 4. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის. 5. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას ახორციელებს. 6. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. 7. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა 10 პროცენტს ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე, აგრეთვე წილის შეძენისთვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია. 8. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 9. ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის, ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები და შეფასების წესი. მუხლი 11. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს და არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 12. ფაქტორინგის ხელშეკრულების რეგისტრაცია 1. მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება, მიმართოს საჯარო რეესტრს ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად. 2. დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლება ძალაშია მისი ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. წერილობითი შეთანხმება ბათილია, თუ ამ შეთანხმების შედეგად მყიდველის საკუთრებაში გადადის ის დებიტორული დავალიანება, რომელზეც ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. მუხლი 13. ფაქტორინგის სახეები 1. ფაქტორინგი შეიძლება გაფორმდეს რეგრესის უფლებით ან რეგრესის უფლების გარეშე. 2. ერთი და იმავე დებიტორული დავალიანების სხვადასხვა ნაწილზე შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს. 3. ფაქტორინგი შეიძლება მოიცავდეს: ა) ერთფაქტორიან სისტემას, სადაც ფაქტორი მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი ფაქტორია; ბ) ორფაქტორიან სისტემას, სადაც ფაქტორინგის მხარეები არიან საქართველოს რეზიდენტი ფაქტორი და საქართველოს არარეზიდენტი ფაქტორი. 4. ფაქტორინგის ერთ-ერთი სახეა რევერსიული ფაქტორინგი. მუხლი 14. ფაქტორინგი რეგრესის უფლების გარეშე რეგრესის უფლების გარეშე გაფორმებული ფაქტორინგის ფარგლებში ფაქტორს არ აქვს მოთხოვნის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება. მუხლი 15. ფაქტორინგი რეგრესის უფლებით 1. რეგრესის უფლებით გაფორმებული ფაქტორინგის ფარგლებში ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება. ამ შემთხვევაში ფაქტორს უფლება აქვს, გადაცემული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალეს ან მოთხოვნის დამთმობ მხარეს მოსთხოვოს. მოთხოვნის დამთმობ მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ფაქტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ ფაქტორი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას არ შეეცდება. 2. მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ რეგრესის უფლების გამოყენების შემდეგ ფაქტორი ვალდებულია დებიტორული დავალიანება მოთხოვნის დამთმობ მხარეს დაუბრუნოს, თუ ფაქტორი და მოთხოვნის დამთმობი მხარე სხვაგვარად არ შეთანხმებულან. მუხლი 16. ფაქტორინგის სახის დადგენა თუ შეუძლებელია იმის დადგენა, ფაქტორინგი მხარეთა შორის რეგრესის უფლებით გაფორმდა თუ რეგრესის უფლების გარეშე, ფაქტორინგი რეგრესის უფლების გარეშე გაფორმებულად მიიჩნევა. მუხლი 17. რევერსიული ფაქტორინგი 1. რევერსიული ფაქტორინგი არის ფაქტორინგის ერთ-ერთი სახე, რომლის ინიციატორია მოვალე. რევერსიული ფაქტორინგის განსახორციელებლად კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობაა საჭირო. 2. რევერსიული ფაქტორინგის განხორციელების შედეგად ფაქტორს წარმოეშობა დებიტორული დავალიანების დაფარვის ვალდებულება მოვალის კრედიტორის მიმართ. ფაქტორი დებიტორულ დავალიანებას მოვალესა და კრედიტორს შორის დადებული წერილობითი გარიგებით განსაზღვრულ ვადაში ან ამ ვადის დადგომამდე ფარავს. 3. ამ კანონის დებულებები, რომლებიც ფაქტორინგს ეხება, ვრცელდება აგრეთვე რევერსიულ ფაქტორინგზე, თუ ეს დებულებები არ ეწინააღმდეგება რევერსიული ფაქტორინგის არსს. მუხლი 18. ფაქტორინგის განხორციელების ფორმა და ფარგლები 1. ფაქტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების) საფუძველზე. ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულება გულისხმობს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტს. 2. დაუშვებელია, ფაქტორინგი კრედიტის ან სესხის ხელშეკრულებად იქნეს მიჩნეული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. მუხლი 19. ფაქტორინგის განხორციელების პირობები 1. ფაქტორინგის ხელშეკრულებაში (მათ შორის, ფაქტორინგის ხელშეკრულების მხარეთა მიერ წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) გაფორმებულ/შეთანხმებულ დამატებით პირობებსა და ამ ხელშეკრულების დანართებში, რომლებიც მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია) მითითებული უნდა იყოს: ა) ფაქტორინგის მხარეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი სუბიექტების დასახელებები, საიდენტიფიკაციო ნომრები, იურიდიული მისამართები, აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირების თაობაზე ინფორმაცია; ბ) ფაქტორინგის სახე; გ) იმ დებიტორული დავალიანების სამართლებრივი საფუძვლები და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულების საგანია, მათ შორის, გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობა, მისი გამოთვლისა და ამ დავალიანების უფლებამოსილი მხარის მიმართ გადახდის წესი და პირობები; დ) ფაქტორის კუთვნილი სარგებლის თანხა, მისი გამოთვლისა და გადახდის წესი; ე) ძირითადი ხელშეკრულებისა და ფაქტორინგის ხელშეკრულების დადების თარიღები, აგრეთვე ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ვ) ფაქტორინგის ხელშეკრულების თითოეული მხარისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა; ზ) მოთხოვნის უზრუნველყოფის შემთხვევაში − უზრუნველყოფის თითოეული საგნის შესახებ ინფორმაცია. 2. ფაქტორინგის ხელშეკრულებას დანართის სახით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) უნდა დაერთოს სულ მცირე შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია: ა) ძირითადი ხელშეკრულება; ბ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული თანხის შესახებ ინფორმაცია; დ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული გადახდის თარიღის შესახებ ინფორმაცია; ე) რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − აგრეთვე კრედიტორის წერილობითი თანხმობა. 3. ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის რეგისტრაციის თარიღად ითვლება დებიტორული დავალიანების გაყიდვის თარიღი. მუხლი 20. ფაქტორინგის ხელშეკრულების ბათილობა 1. დაუშვებელია, ერთი და იგივე დებიტორული დავალიანება რამდენიმე ფაქტორს გადაეცეს, გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ფაქტორინგის საფუძველზე გადაცემულ დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ მისი გადაცემის შემდეგ დადებული ნებისმიერი ფაქტორინგის ხელშეკრულება ბათილია. მუხლი 21. ფაქტორინგული პლატფორმა 1. ფაქტორინგული პლატფორმა არის ელექტრონული პლატფორმა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ფაქტორინგული გარიგებების ავტომატიზება, ფაქტორინგისა და მისგან გამომდინარე, მხარეთა შორის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებების ელექტრონულად განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა გულისხმობს მოთხოვნის დამთმობი მხარის, ხოლო რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − მოვალის მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორინგის პლატფორმაზე განთავსებას ფაქტორინგულ პლატფორმაში მონაწილე ფაქტორებისგან დაფინანსების მისაღებად და არ გულისხმობს ფაქტორის მიერ მოთხოვნის დამთმობი მხარისთვის, ხოლო რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − მოვალისთვის მომსახურების იმ ელექტრონული არხით გაწევას, რომლის ოპერირებასაც ეს ფაქტორი ინდივიდუალურად ახორციელებს. 3. ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს ისეთი წესები და პროცედურები, რომლებითაც იგი უზრუნველყოფს ფაქტორინგული გარიგებების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ფაქტორინგის აღრიცხვასთან, შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. 4. ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს მის სისტემაში მონაწილეობის საჯაროდ გამჟღავნებული, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს ფაქტორინგული პლატფორმის ღია და სამართლიან ხელმისაწვდომობას მასში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირებისთვის. 5. ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს ისეთი მართვისა და კონტროლის სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლებითაც იგი უზრუნველყოფს მის საქმიანობასა და ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა და გარე გარემოებებით განპირობებული რისკების მონიტორინგს, იდენტიფიცირებასა და მართვას და ამ რისკებით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას. 6. ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებულია თავისი საქმიანობის ყოველ ეტაპზე ჰქონდეს კაპიტალის მინიმალური ოდენობა. ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის მინიმალური ოდენობა და ამ კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული პლატფორმის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი, დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. 7. დაუშვებელია, ფაქტორინგული პლატფორმის მფლობელი იმავდროულად იყოს ფაქტორი. 8. არავის არ აქვს უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ პლატფორმად რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს. 9. ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი დგინდება, აგრეთვე ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. მუხლი 22. ფაქტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ფაქტორინგის საფუძველზე მოთხოვნის დამთმობი მხარის ან მოვალის მიერ თითოეული დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემისას მოთხოვნის დამთმობი მხარე ან/და მოვალე ფაქტორს მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის ფაქტორინგთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, კერძოდ: ა) დებიტორული დავალიანების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს; ბ) მოვალის მიმართ, ხოლო რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − კრედიტორის მიმართ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) გაგზავნილი შეტყობინების ასლს. მუხლი 23. შეტყობინება დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ 1. ფაქტორის მიერ შეძენილ, საგადასახადო ანგარიშფაქტურით ან ინვოისით გათვალისწინებულ დებიტორულ დავალიანებას იმავე ანგარიშფაქტურით ან ინვოისით განსაზღვრული მოვალე იხდის. მოთხოვნის დამთმობი მხარე ვალდებულია დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მოვალეს წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) შეატყობინოს ამის შესახებ და მიაწოდოს აღნიშნული დებიტორული დავალიანების გადახდისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან ინვოისი, ფაქტორისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობის შესახებ ინფორმაცია, მისი გადახდის პირობები და საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის საბანკო რეკვიზიტები. 2. დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინება მოვალისთვის ჩაბარებულად ითვლება ფაქტორინგის ხელშეკრულების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 3. ფაქტორი ვალდებულია მოვალის მიერ ფაქტორის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ფაქტორინგის რეესტრში დაარეგისტრიროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტა. მუხლი 24. ფაქტორინგთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანების დაფარვა 1. ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ მოვალე ვალდებულია ფაქტორს აუნაზღაუროს მისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანება შესაბამისი ოდენობით, ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. 2. მოვალის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის მოთხოვნის დამთმობი მხარისთვის გადახდა არ აუქმებს მოვალის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის ფაქტორისთვის გადახდის ვალდებულებას, თუ ამ დავალიანების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ შეტყობინება მოვალეს აღნიშნული დავალიანების თანხის გადახდამდე ჩაჰბარდა. მუხლი 25. ფაქტორის მიერ ფაქტორინგთან დაკავშირებული, ვადამოსული დებიტორული დავალიანების ამოღება ფაქტორი ფაქტორინგთან დაკავშირებული, ვადამოსული დებიტორული დავალიანების ამოღების შემთხვევაში საკუთარი სახელით მოქმედებს. მუხლი 26. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან: ა) აწარმოონ გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვან საჯაროობის პრინციპი; ბ) შეიმუშაონ და განახორციელონ შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისობის კონტროლის სისტემა; გ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) პასუხისმგებელი იყვნენ ანგარიშგების უტყუარობისთვის, აგრეთვე ანგარიშგებისა და ინფორმაციის სრულად წარდგენისთვის; ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშგება. ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, აგრეთვე მისი წარდგენის ვადა და წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით; ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგება შესაბამისი ფორმატით, დადგენილ ვადებში. 2. თუ ფაქტორინგული კომპანია ან ფაქტორინგული პლატფორმა ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აღნიშნულ ფაქტორინგულ კომპანიას ან ფაქტორინგულ პლატფორმას გაუუქმოს რეგისტრაცია. 3. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან 6 წლის განმავლობაში შეინახონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები; ბ) საბუღალტრო წიგნებში არსებული ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები. მუხლი 27. მოთხოვნის დამთმობი მხარის პასუხისმგებლობა 1. მოთხოვნის დამთმობი მხარე პასუხისმგებელია ფაქტორინგის საფუძველზე ფაქტორისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანების სიზუსტისა და ნამდვილობისთვის, მათ შორის, დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის მომენტისთვის აღნიშნული დავალიანების მოცულობის სიზუსტისთვის, იმ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება მოთხოვნის დამთმობ მხარესა და მოვალეს შორის არსებობდეს. 2. თუ მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ ფაქტორისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანება სადავო გახდა (მათ შორის, თუ ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი ნაკლის მქონეა), მოთხოვნის დამთმობი მხარე ვალდებულია ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანება დაფაროს ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, იმავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეები შეთანხმებული იყვნენ ფაქტორინგზე რეგრესის უფლების გარეშე. მუხლი 28. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება 1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ იმ დებიტორული დავალიანების ურთიერთგაქვითვას, რომელიც ფაქტორს გადაეცემა, მოვალეს უფლება აქვს, აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება გამოიყენოს ფაქტორის მიმართაც. 2. მოვალეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთგაქვითვის უფლება გამოიყენოს მხოლოდ იმ დებიტორული დავალიანების მიმართ, რომელიც ურთიერთგაქვითვის შეთანხმებით უშუალოდ არის გათვალისწინებული, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება ძალაში იყო ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინების მოვალისთვის ჩაბარების მომენტში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ურთიერთგაქვითვა შესაძლებელია მხოლოდ ფაქტორის თანხმობით. მუხლი 29. დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული უფლებების გადასვლა 1. დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემისას მასზე გადადის ამ დავალიანების უზრუნველყოფის საშუალებები და შესაბამის მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები. 2. მოვალეს უფლება აქვს, ფაქტორს წარუდგინოს ყველა შესაგებელი, რომლებიც მას ჰქონდა მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ შეტყობინების მიღებისას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ ძირითადი ხელშეკრულების მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ. მუხლი 30. დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის უფლების შეზღუდვის დაუშვებლობა დაუშვებელია, მოვალემ ან მოგირავნემ შეზღუდოს კრედიტორის მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის უფლება. ასევე დაუშვებელია, მოვალემ კრედიტორს დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადასაცემად დამატებითი პირობა დაუწესოს. ასეთი შეზღუდვის ან/და დამატებითი პირობის არსებობა იმთავითვე ბათილია. მუხლი 31. ფაქტორის მიერ დებიტორული დავალიანების სხვა ფაქტორისთვის გადაცემა თუ ფაქტორინგის ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ფაქტორის მიერ დებიტორული დავალიანების სხვა ფაქტორისთვის გადაცემა დასაშვებია ამ კანონის დებულებების დაცვის პირობით. მუხლი 32. დარღვევები და სანქციები 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფაქტორინგულმა კომპანიამ/ფაქტორინგულმა პლატფორმამ ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორმა/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის რომელიმე დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან/და არასწორი ანგარიშგება ან/და სხვა არაზუსტი ინფორმაცია წარადგინა; დ) დაარღვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები; ე) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ფაქტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ვ) განახორციელა არაჯანსაღი ან საფრთხის შემცველი/შემქმნელი სამეწარმეო პრაქტიკა ან ასეთ პრაქტიკას ახორციელებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დარღვევის პროპორციულად და თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული ან შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად, ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია/მითითება იმ მოთხოვნით, რომ ფაქტორინგულმა კომპანიამ/ ფაქტორინგულმა პლატფორმამ შეწყვიტოს და აღარ დაუშვას დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; გ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა; ვ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები; ზ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას გაუუქმოს რეგისტრაცია. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის, ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი. 4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 33. გარდამავალი დებულებები 1. პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებს ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), ვალდებულია ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, გააგრძელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს პირი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება დებიტორული დავალიანების ამავე კანონის ამოქმედებამდე გადაცემის შემთხვევაზე. 3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისი ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი; ბ) ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი; გ) ფაქტორინგული კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; დ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის, ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები და შეფასების წესი; ე) ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, აგრეთვე მისი წარდგენის ვადა და წესი; ვ) ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი, აგრეთვე ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის მინიმალური ოდენობა და ამ კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული პლატფორმის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი; ზ) ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის, ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი. მუხლი 34. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−32-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−32-ე მუხლები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1451-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები