„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1469-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 130040000.05.001.103028
1469-Vმს-XIმპ
01/04/2026
ვებგვერდი, 01/04/2026
130040000.05.001.103028
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:      

ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით:

ვ.ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით გამოსცემს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;

ვ.ბ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ვ.გ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს;

ვ.დ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას;

ვ.ე) აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების გაცემის შესახებ;

ვ.ვ) წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებში;

ზ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ამ პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“−„მ“ ქვეპუნქტები:

„თ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ამტკიცებს სადაზვერვო დავალებებს;

ი) დადგენილი წესით წაახალისებს სააგენტოს მოსამსახურეებს ან სააგენტოს მოსამსახურეებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;

ლ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

მ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით.“.

4. მე-11 მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოში სამუშაოდ მიღებული პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით. იგი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსი. პირის სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და ამ კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხი შეიძლება განისაზღვროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ეს უფლებამოსილებები უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით შეიძლება სააგენტოს უფროსს გადაეცეს.

5. სააგენტოს სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სადაზვერვო დაწესებულების ან/და უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. პირი, რომელსაც ასეთი სამუშაო გამოცდილება არ აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში.

6. სააგენტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება მივლენილ იქნეს პირი, რომელსაც აქვს სააგენტოში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის, სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის ან/და ტექნიკური დაზვერვის ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1469-Vმს-XIმპ