„პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.025679
130
31/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
430060000.10.003.025679
„პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №130

2026 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

 

„პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №205 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2023, 430060000.10.003.024038) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დარგობრივ რუკას, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, დარგის წარმომადგენლების ჩართულობით (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის), შეიმუშავებს სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში − ცენტრი).“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროფესიის სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილება

1. პროფესიის სტანდარტის შემუშავებას, ასევე მასში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას უზრუნველყოფს ცენტრი შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის) თანამშრომლობით ამ წესისა და ცენტრის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2. ცენტრი მიმართავს შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებას ან/და შესაბამისი დარგის წარმომადგენლებს და წარუდგენს ინფორმაციას პროფესიის სტანდარტის/სტანდარტების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ.

3. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრის მიმართვიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით გამოხატოს მზაობა შესაბამის დარგში დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება 30 კალენდარული დღის ვადაში ცენტრს წარუდგენს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

5. გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დარგობრივ სამუშაო ჯგუფს ქმნის და მისი მუშაობის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ჯგუფში უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები.

6. ცენტრის დირექტორი ამტკიცებს პროფესიის სტანდარტის შემუშავების პროცესში დარგობრივი სამუშაო ჯგუფისთვის/ჯგუფებისთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სახელმძღვანელოს. ცენტრის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა მოიცავს:

ა) პროფესიის სტანდარტის ჩანაწერების სტანდარტიზაციას, რაც გულისხმობს პროფესიის სტანდარტის პროექტის ჩანაწერების თანაბარი სიღრმისა და დეტალიზაციის უზრუნველყოფას;

ბ) პროფესიის სტანდარტის ჩანაწერების ვალიდაციას, რაც გულისხმობს პროფესიის სტანდარტის პროექტზე დაინტერესებული მხარეების (მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ცალკეული დამსაქმებლების, საჯარო დაწესებულებებისა და სხვა) უკუკავშირის მიღებასა და ანალიზს.

7. ცენტრის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა არ გულისხმობს დარგობრივ ექსპერტიზას.“.

4. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიის სტანდარტის პროექტის ჩანაწერების ვალიდაციის საფუძველზე, ცენტრი ადგენს ვალიდაციის ანგარიშს, რომელიც შემდგომი განხილვის მიზნით წარედგინება შესაბამის დარგობრივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ვალიდაციის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების პროფესიის სტანდარტის პროექტში ასახვაზე/ასახვაზე უარის თქმაზე და უზრუნველყოფს აღნიშნულის შესაბამისად პროფესიის სტანდარტის პროექტის გადამუშავებას.

4. პროფესიის სტანდარტის პროექტი, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესითა და შემთხვევაში, შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების შემდგომ, პროფესიის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, წარედგინება ცენტრის დირექტორს შესაბამისი დარგობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ.“.

5. მე-5 − მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროფესიის სტანდარტის შეთანხმება დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან

1. ცენტრის მიერ შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან უნდა შეთანხმდეს პროფესიის სტანდარტის პროექტი, რომელიც შემუშავებულია:

ა) რეგულირებად პროფესიასთან დაკავშირებით;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო საქმიანობის, თეატრის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით.

2. დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმება არ არის სავალდებულო, თუ პროფესიის სტანდარტის პროექტი შემუშავდა შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან არსებული დარგობრივი სამუშაო ჯგუფის საშუალებით.

3. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება მიმართვიდან 14 სამუშაო დღეში განიხილავს და წერილობითი ფორმით აძლევს დასაბუთებულ უკუკავშირს ცენტრს. აღნიშნულ ვადაში ცენტრის მიერ დასაბუთებული უკუკავშირის მიუღებლობის შემთხვევაში პროფესიის სტანდარტის პროექტი მიიჩნევა შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმებულად.

4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების უკუკავშირს განიხილავს და მის შესაბამისად პროფესიის სტანდარტის გადამუშავებას უზრუნველყოფს ცენტრის მიერ შექმნილი დარგობრივი ჯგუფი. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის პროფესიის სტანდარტის პროექტში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დარგობრივი ჯგუფი ვალდებულია, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ცენტრი აცნობებს შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებთან დაკავშირებით შემუშავებულ პროფესიის სტანდარტის პროექტში შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის გათვალისწინება სავალდებულოა.

მუხლი 6. პროფესიის სტანდარტის დამტკიცების წესი

1. პროფესიის სტანდარტი დამტკიცებულად მიიჩნევა პროფესიის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

2. პროფესიის სტანდარტის პროფესიის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/საჯარო დაწესებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, ცენტრის დირექტორისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

ა) პროფესიის სტანდარტს;

ბ) პროფესიის სტანდარტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი დარგობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველ დოკუმენტაციას;

გ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიის სტანდარტის შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების დამადასტურებელ დოკუმენტს ან იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

4. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს წარუდგინოს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის სხდომების ოქმები.

5. ცენტრი განიხილავს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას პროფესიის სტანდარტების რეესტრში პროფესიის სტანდარტის რეგისტრაციაზე, იმ შემთხვევაში, თუ პროფესიის სტანდარტი შემუშავებულია ამ წესისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

6. თუ პროფესიის სტანდარტი არ არის შემუშავებული ამ წესისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, ცენტრი უფლებამოსილია, დასაბუთებული შენიშვნებით დაუბრუნოს პროფესიის სტანდარტის პროექტი დარგობრივ საჯარო დაწესებულებას/ დარგობრივ სამუშაო ჯგუფს.

7. პროფესიის სტანდარტი აისახება პროფესიის სტანდარტების რეესტრში.

8. პროფესიის სტანდარტი ძალაში შედის პროფესიის სტანდარტში მითითებული ამოქმედების თარიღიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პროფესიის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

მუხლი 7. დამტკიცებული პროფესიის სტანდარტის გადახედვა

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ცენტრი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პროფესიის სტანდარტის ვადის გაგრძელების, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების აუცილებლობის შესახებ.

2. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიის სტანდარტის ვადის გაგრძელების, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ დასაბუთებული ინიციატივით მიმართოს ცენტრს, რომელიც განიხილება ამ წესის მე-3 – მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

3. ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პროფესიის სტანდარტის ვადის გასვლამდე მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების აუცილებლობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან (საჯარო ან/და კერძო) კონსულტაციის გზით.

4. პროფესიის სტანდარტში ცვლილების შეტანის/გაუქმების საჭიროებაზე ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, პროფესიის სტანდარტში შესატანი ცვლილების პროექტი მუშავდება და ცვლილება ხორციელდება ამ წესის მე-3 – მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

5. პროფესიის სტანდარტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება მისი გაუქმების თარიღი.

6. პროფესიის სტანდარტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცენტრის მიერ რეგისტრირდება პროფესიის სტანდარტების რეესტრში.

მუხლი 8. პროფესიის სტანდარტში ტექნიკური უზუსტობის გასწორება

1. ცენტრი უფლებამოსილია, პროფესიის სტანდარტში ცვლილების შეტანის გზით გაასწოროს პროფესიის სტანდარტში არსებული ტექნიკური უზუსტობა (პროფესიის სტანდარტის დასახელების ცვლილება, რომელიც არ იწვევს პროფესიის სტანდარტის შინაარსობრივ ცვლილებას, ენობრივი სისწორე, ტექსტური წყობა, გამოთვლასთან დაკავშირებული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა) ამ წესის მე-3 – მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე.

2. პროფესიის სტანდარტში ტექნიკური უზუსტობის გასწორება ცენტრის მიერ რეგისტრირდება პროფესიის სტანდარტების რეესტრში.“.

6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლის:

ა) პირველი − მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2026 წლის პირველ აპრილამდე დამტკიცებულ პროფესიის სტანდარტებში ცვლილების შეტანასა და მათ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს ცენტრი.“.

მუხლი 2
დაევალოს ცენტრს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 (სამი) თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე