დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/503-26 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 17/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმის № 080210326012310651
საქმე N2/503-26
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა
და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2026 წლის 17 მარტი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ჯემალ გელოვანი
განმცხადებელი – შპს „ლაუნდრიჰაბი“; (ს/ნ 448420575)
დირექტორი – ბექა ჯორთმენაძე;
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ლაუნდრიჰაბის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.
განმცხადებელი მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე: განმცხადებელი, შპს ,,ლაუნდრიჰაბი" (საიდენტიფიკაციო კოდით: 448420575; იურიდიული მისამართი: ხელვაჩაური, ს. წინსვლა 1-ლი, ქ. №32; შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,მოვალე“: ,,ლაუნდრიჰაბი“) წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ და მოქმედ მეწარმე სუბიექტს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. ,,ლაუნდრიჰაბი" დაფუძნებულია 2022 წლის 12 დეკემბერს და წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ახორციელებდა. ,,ლაუნდრიჰაბის“ საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ქიმწმენდისა და ინდუსტრიული სამრეცხაო დანადგარების, ისევე როგორც სხვადასხვა ხსნარების, უცხოეთში შესყიდვა და შემდგომ საქართველოში რეალიზაცია. აგრეთვე, საოფისე ფართში მოწყობილი ოფისიდან, აღნიშნული დანადგარების საშუალებით კლიენტთა საცალო მომსახურება.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ წინამდებარე განცხადების შემოტანის საფუძველია საქართველოს ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. მათ შორის სახეზეა, კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, კერძოდ ,,მოვალეს“ შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა და მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება. კრედიტორთა ინტერესების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, წინამდებარე განცხადების შემოტანით, განმცხადებელი – ,,მოვალე“ ითხოვს გადახდისუუნარობის საქმის, კერძოდ კი გაკოტრების რეჟიმის გახსნას (მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 2026 წლის 27 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს გაუგრძელდა 2 026 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ვადა, რაც შევსებულ იქნა 2026 წლის 06 მარტს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლაუნდრიჰაბის“; (ს/ნ 448420575) განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად.
2. შპს „ლაუნდრიჰაბის“ (ს/ნ 448420575) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
3. შპს „ლაუნდრიჰაბის“ (ს/ნ 448420575) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – დავით ბასილაია, ტელ.: 593529495; ელფოსტა – basssad@gmail.com), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება უზრუნველყოფის საგნიდან კრედიტორის დაკმაყოფილება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება საპროცესო უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების სასამართლოში, არბიტრაჟში ან ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვა, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას, ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დენა ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად.
5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ჯემალ გელოვანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები