ლუკა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ლუკა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/3/1905
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.043969
3/3/1905
26/03/2026
ვებგვერდი, 14/04/2026
000000000.00.000.043969
ლუკა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №3/3/1905 

2026 წლის 26 მარტი

ქ. ბათუმი

 

   

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ლუკა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1905) მომართა ლუკა ხატიაშვილმა. №1905 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 28 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2026 წლის 26 მარტს.

2. №1905 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამავე პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი კი განამტკიცებს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობის კონსტიტუციურ უფლებას.

5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოს მიერ მიღებული აქტის ტექსტი სრულად დეპერსონალიზდება, მათ შორის, დაფარვას ექვემდებარება პირის ვინაობაც. მოსარჩელე სადავოდ ხდის სადავო რეგულაციის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის შესაბამისად, ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული საჯარო გადაწყვეტილების ტექსტში პირის ვინაობა დაფარულია და მითითებულია ინიციალებით. მოსარჩელეს გაუმართლებლად მიაჩნია ამგვარი ინფორმაციის დაფარვა, მაშინ როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე პირის ვინაობა ხელმისაწვდომია მესამე პირებისთვის.

6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენება ზღუდავს ინფორმაციის თავისუფლების უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობის თანახმად, აღნიშნულ უფლებას უპირისპირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თითოეული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. კერძოდ, კანონმდებლობა უნდა ქმნიდეს დისკრეციული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ან დეტალურ რეგულირებას, თუ რა შემთხვევაში არის სავალდებულო სასამართლო აქტებში პერსონალური მონაცემების დაფარვა.

7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფლად მიღება და გავრცელება. აღნიშნული სახელმწიფოს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას უდგენს, არამედ პოზიტიურსაც, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების საქვეყნოობა და საჯაროობა გულისხმობს როგორც სხდომაზე ფიზიკურად დასწრების უფლებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების მატერიალური სახით სრულ და ჯეროვან ხელმისაწვდომობას. მოსარჩელის მითითებით, გადაწყვეტილების საჯაროობა და სრულად ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს მართლმსაჯულების გამჭვირვალობას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი ნაწილია.

8. მოსარჩელე, აგრეთვე, მიუთითებს საერთაშორისო მიდგომაზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტზე ინფორმაციის მიღების უფლება იმდენად ფართოა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იმავდროულად, მოსარჩელე განმარტავს, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გააჩნია საზღვრები და დამოკიდებულია ინტერესთა შეპირისპირების პრინციპზე. აღნიშნული გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება დააზიანებს კონკრეტულ საჯარო ან კერძო ინტერესს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად, დადგენილი შეზღუდვა კი უნდა იყოს დროებითი და მოქმედებდეს იმ დრომდე, სანამ ეს გამართლებულია.

9. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკაზე.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1905 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფლად მიღება და გავრცელება. აღნიშნული სახელმწიფოს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას უდგენს, არამედ პოზიტიურსაც, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ღია სასამართლო სხდომაზეა მიღებული, არ უნდა გაიცემოდეს დეპერსონალიზებული სახით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირის ვინაობის დაფარვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ყველა ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებით, რომლითაც გარანტირებულია ინფორმაციის „თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-398 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-14), საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი არ აწესრიგებს ინფორმაციის მოპოვებას საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. სახელმწიფო დაწესებულებები არ წარმოადგენენ ამგვარ წყაროებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ყურადღების ცენტრში მოქცეულია, სწორედ, სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურსამართლებრივი რეჟიმი, რა თქმა უნდა, განსხვავდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების სამართლებრივი რეჟიმისაგან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

4. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ინფორმაციის სრულად და ჯეროვნად მიღება არა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებიდან, კერძოდ, საერთო სასამართლოებიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელის უფლება, გამოითხოვოს ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებიდან, არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტისგან, არამედ აღნიშნულ საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტითაა დაცული. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას შორის.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1905 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1905 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1905 კონსტიტუციური სარჩელი („ლუკა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1905 კონსტიტუციური სარჩელი („ლუკა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში