„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 19-94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016850
19-94
21/11/2025
ვებგვერდი, 17/04/2026
480610000.03.030.016850
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის

თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“,

აღნიშნავენ რა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ასევე, უკანონო ქმედებებისგან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვის მნიშვნელობას,

აღიარებენ რა, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში,

მიზნად ისახავენ რა, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ურთიერთობებისა და ეფექტური თანამშრომლობის განვითარებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1
შეთანხმების მოქმედების სფერო

1.1. მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებით, ითანამშრომლებენ წინამდებარე შეთანხმების დებულებების და იმ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესაბამისად, რომელთა მხარეებიც მათი სახელმწიფოები არიან.

1.2. წინამდებარე შეთანხმება არ მოიცავს პროფესიული ან სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის გადაცემას, პირების ექსტრადიციას ან სისხლის სამართლის საკითხებში სამართლებრივი დახმარების გაწევას.

მუხლი 2
თანამშრომლობის სფეროები

2.1. მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების სფეროებში, მათ შორის, შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით:

ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები;

ბ) საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ქურდობა და მასთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობა;

გ) ადამიანის ორგანოებით ან ქსოვილებით ვაჭრობა და მათი იძულებით ამოღება ტრანსპლანტაციის მიზნით;

დ) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), იძულებითი შრომა და უკანონო მიგრაცია;

ე) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების უკანონო ბრუნვა;

ვ) კიბერდანაშაული, აგრეთვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები;

ზ) ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეები.

2.2. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:

ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) იმ პირთა ძებნა, ადგილსამყოფლის დადგენა და იდენტიფიკაცია, რომლებიც თავს არიდებენ გამოძიებას ან სასამართლო პროცესს, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს, ალიმენტის გადახდას და სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულებას; ასევე, დაკარგული პირების ადგილსამყოფლის დადგენა და იდენტიფიცირება;

დ) ამოუცნობი გვამების, აგრეთვე იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ასაკის გამო არ შეუძლიათ საკუთარი ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ე) მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ ან მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ან ყალბი დოკუმენტებით მცხოვრები პირების იდენტიფიცირება;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების გამოყენება და განვითარება, საკომუნიკაციო ინსტრუმენტების და სისტემების, სპეციალური საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენება;

ზ) პერსონალის მომზადება და პროფესიული განვითარება.

მუხლი 3
თანამშრომლობის ფორმები

3.1 მხარეებმა უნდა განახორციელონ თანამშრომლობა წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებული ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ სფეროებში შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-საგამოძიებო ინფორმაციის გაცვლა;

ბ) ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ მოთხოვნების შესრულება, რომელიც არ საჭიროებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ან პროკურორის სანქციას;

გ) ინფორმაციის გაცვლა უკანონო ბრუნვაში აღმოჩენილი ახლად გამოვლენილი სახეობის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან პრეკურსორების, მათი დამზადებისას გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მასალების, აგრეთვე ასეთი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების გამოკვლევისა და იდენტიფიკაციის ახლად შემუშავებული მეთოდების შესახებ;

დ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა ახალი სახეობის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების, მათი წარმოებისა და კულტივირების ადგილების, მათ ფასებში ცვლილებების შესახებ;

ე) ახალი სახეობის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების კონტრაბანდაში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების, მათი გადატანისა და დამალვის მეთოდების, მათი წარმოშობისა და დანიშნულების ადგილების, მათი მარშრუტებისა და უკანონო ბრუნვის მეთოდების შესახებ;

ვ) იმ დანაშაულებრივი ჯგუფების სტრუქტურის, პერსონალის, საქმიანობის სფეროს, მართვის ორგანიზებისა და კონტაქტების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების უკანონო ბრუნვაში და რომელთა საქმიანობასაც ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს;

ზ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების უკანონო ბრუნვიდან მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციისკენ მიმართული საქმიანობის შესახებ;

თ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა კიბერდანაშაულთან ბრძოლის, აგრეთვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის შესახებ;

ი) ინფორმაციის გაცვლა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, საფრთხეების გამოვლენას, კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის გარდა;

კ) ნომრიანი ან სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების მქონე საგნების (ნივთების), მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესის შესაბამისად მოძიება და დაბრუნება;

ლ) დანაშაულების პრევენციისა და იმ პირთა ქმედებების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობის კოორდინაცია, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლისსამართლებრივი დანაშაული ან ემზადებიან მის ჩასადენად;

მ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა იმ დანაშაულებრივი ჯგუფების შესახებ, რომლებიც თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ახორციელებენ საქმიანობას, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა დანაშაულის სუბიექტის, გამოყენებული იარაღებისა და ხერხების, ტექნოლოგიის, მეთოდების, დამყარებული კავშირებისა და ამ კავშირების განვითარების შესახებ;

ნ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა დანაშაულის გახსნასა და მასთან ბრძოლაში გამოყენებული ახალი პროცედურების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ;

ო) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი დამნაშავეების შესახებ, მათი საცხოვრებელი ან დროებითი ყოფნის ადგილზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით;

პ) დანაშაულთან ბრძოლის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე სამართლებრივი და სხვა ნორმატიული აქტების, ბროშურების, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო კვლევების შედეგების, სამაუწყებლო მასალების, მათ შორის, ციფრული სამაუწყებლო მასალების, გაცვლა;

ჟ) პროფესიული გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობა მხარეთა სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, მათ შორის, კადრების მომზადებისა და პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების, კონსულტაციების, სემინარებისა და კურსების ორგანიზება და ჩატარება;

რ) გამოცდილების გაზიარება მხარეთა კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

3.2. მხარეები ასევე თანამშრომლობენ ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელზეც ისინი ორმხრივად შეთანხმდებიან.

მუხლი 4
მოთხოვნები

4.1. მხარეებს შორის თანამშრომლობა ხორციელდება წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, რომლებიც უნდა იყოს აღნიშნულ მუხლთან შესაბამისობაში.

4.2. გადაუდებელ შემთხვევებში, ასეთი მოთხოვნები შეიძლება წარდგენილ იქნეს ზეპირად, თუმცა არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, ისინი უნდა დადასტურდეს წერილობით, მათ შორის, ტექსტის გადაცემის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

მოთხოვნის ავთენტურობის ან შინაარსის შესახებ რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დასტური.

4.3. წერილობითი მოთხოვნები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მოთხოვნის წარმდგენი და, თუ ცნობილია მოთხოვნის მიმღები მხარეების სახელები და სხვა საიდენტიფიკაციო რეკვიზიტები;

ბ) იმ საკითხების მოკლე შინაარსი, რომელზეც მოთხოვნა არის გაგზავნილი;

გ) მოთხოვნის მიზანი და დასაბუთება;

დ) მოთხოვნის შესრულებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები);

ე) მოთხოვნის შესრულებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტები ან მასალები.

4.4. მოთხოვნა ან მასზე პასუხი წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, შესაბამისი მხარის ოფიციალურ ბლანკზე. მოთხოვნა ან მოთხოვნაზე პასუხი ხელმოწერილი ან ბეჭედდასმული უნდა იყოს იმ მხარის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც ის გაგზავნა, ან მის მიერ უფლებამოსილი ოფიციალური პირის მიერ.

4.5. მოთხოვნების შესრულებისას გამოიყენება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა.

მუხლი 5
მოთხოვნის აღსრულება

5.1. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა მოთხოვნის მყისიერი და ზედმიწევნითი აღსრულებისთვის.

მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შეტყობინება ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც აბრკოლებს ან მნიშვნელოვნად აყოვნებს მოთხოვნის აღსრულებას.

5.2. თუ მოთხოვნის აღსრულება არ შედის მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენციაში, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს და მოთხოვნის მიმღები მხარის თხოვნით გადაუგზავნოს მოთხოვნა კომპეტენტურ ორგანოს.

5.3. მოთხოვნის მიმღებ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის ჯეროვანი აღსრულებისათვის.

5.4. თუ მოთხოვნის მიმღები მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დაუყოვნებლივ აღსრულებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მის სახელმწიფოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნას ან სხვა სახის სამართალწარმოებას, მას შეუძლია გადადოს მოთხოვნის აღსრულება ან მისი აღსრულება დამოკიდებული გახადოს მითითებული წერილობითი პირობების შესრულებაზე.

5.5. მოთხოვნის წარმდგენი მხარის თხოვნით, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მოთხოვნის მიღების ფაქტის, მისი შინაარსისა და ნებისმიერი თანდართული დოკუმენტის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

თუ მოთხოვნის აღსრულება შეუძლებელია კონფიდენციალურობის დაცვით, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შესაბამისად უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღებ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გააგრძელოს თუ არა მოთხოვნის აღსრულება ასეთ პირობებში.

5.6. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს მოთხოვნის აღსრულების შედეგების შესახებ.

5.7. მოთხოვნის აღსრულებისას გამოიყენება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა.

მუხლი 6
მოთხოვნის აღსრულებაზე უარი

6.1. თუ მოთხოვნის მიმღები მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის აღსრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის სახელმწიფო სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ან ეწინააღმდეგება მის ტერიტორიაზე მოქმედ, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას ან განაჩენს, ან კონფლიქტშია მის ეროვნულ კანონმდებლობასთან ან საერთაშორისო შეთანხმებებიდან წარმოშობილ ვალდებულებებთან, რომლის მონაწილეც არის მისი სახელმწიფო, იგი მთლიანად ან ნაწილობრივ უარს ამბობს მოთხოვნის აღსრულებაზე.

6.2. თუ ეს შესაძლებელია, 6.1 მუხლის შესაბამისად მოთხოვნის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოთხოვნის მიმღები მხარე კონსულტაციას გაივლის მოთხოვნის წარმდგენ მხარესთან მოთხოვნის იმ პირობებით აღსრულების შესაძლებლობის შესახებ, რომლებსაც მოთხოვნის მიმღები მხარე აუცილებლად მიიჩნევს. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე წერილობით თანხმობას განაცხადებს შემოთავაზებული პირობებით მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობაზე, იგი ვალდებული იქნება დაიცვას ეს პირობები.

6.3. მოთხოვნის წარმდგენ მხარეს წერილობით ეცნობება მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, მთლიანად ან ნაწილობრივ, უარის თქმის მიზეზების მითითებით.

მუხლი 7
პერსონალური მონაცემების დაცვა

7.1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემები ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

7.2. მხარეებს შორის პერსონალური მონაცემების გაცვლა უნდა განხორციელდეს მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ განსაზღვრული პირობებისა და შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) მხარეები პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებენ მხოლოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამართლებრივი მიზნებისთვის, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ისინი მოთხოვნილია მათი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მოთხოვნები უნდა იყოს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული და არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რისთვისაც ისინი შეგროვდა;

ბ) მოთხოვნის წარმდგენი მხარე, მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღებ მხარეს აცნობებს, თუ როგორ იქნა გამოყენებული გადაცემული მონაცემები;

გ) მოთხოვნის მიმღები მხარე უზრუნველყოფს მონაცემების სისწორესა და განახლებას;

დ) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული მონაცემები არასწორია ან არ უნდა გადაცემულიყო, ან კანონიერად გადაცემული მონაცემები მათი გამოყენების შემდეგ უნდა განადგურდეს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ მოთხოვნის წარმდგენი მხარე ვალდებულია შეასწოროს ისინი მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ან გაანადგუროს ისინი და ამის შესახებ მოთხოვნის მიმღებ მხარეს დაუყოვნებლივ აცნობოს;

ე) გამოყენებული გადაცემული მონაცემები უნდა განადგურდეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ;

ვ) თუ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ გადაცემული მონაცემები არაზუსტია ან უნდა წაიშალოს, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მოთხოვნის მიმღებ მხარეს;

ზ) მოთხოვნის წარმდგენი მხარე ეფექტურად იცავს მიღებულ ინფორმაციას არაავტორიზებული წვდომის, შეცვლის ან გამჟღავნებისგან;

თ) მხარეები ვალდებულნი არიან შეინახონ გადაცემული ინფორმაციის ჩანაწერები.

7.3. შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

7.4. უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების გადაცემის ან მიღების, მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების (მათ შორის, განადგურების) რეგისტრაციას. რეგისტრაციის ჩანაწერში უნდა აღინიშნოს მონაცემთა გადაცემის მიზანი, მონაცემთა შინაარსი და კატეგორია, გადაცემაში ჩართული ორგანოები და მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების (მათ შორის, განადგურების) მიზეზები.

7.5. მიღებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია. მიღებული პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა ან მასზე წვდომა დასაშვებია მხოლოდ გადამცემი უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობით.

7.6. გადაცემული პერსონალური მონაცემები მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა წაიშალოს/განადგურდეს მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და მიიღწევა მიზანი, რისთვისაც მოხდა მონაცემთა გადაცემა. ამისათვის მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ პერიოდულად უნდა გადახედოს მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველ მასალას. გადამცემ უფლებამოსილ ორგანოს ეცნობება პერსონალურ მონაცემთა წაშლის/განადგურების შესახებ.

7.7. ამ შეთანხმების საფუძველზე გადაცემული პერსონალური მონაცემების შემდგომ სხვა ორგანოსთვის გადაცემის ან/და ამ შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ შეთანხმებით გარანტირებული მონაცემთა დაცვის სტანდარტი.

7.8. ამ მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს.

მუხლი 8
მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

8.1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცემული მოთხოვნის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია ან დოკუმენტები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომელთათვისაც მოთხოვნა იქნა შედგენილი და დაკმაყოფილებული, მათი მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასევე, არ უნდა მოხდეს ასეთი ინფორმაციის ან დოკუმენტების წარდგენა, მათზე დაყრდნობა ან სხვაგვარად გამოყენება მტკიცებულების სახით სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებზე, ასეთი ინფორმაციის ან დოკუმენტების მიმწოდებელი მხარის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ცენტრალური ორგანოს წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

8.2. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებული მონაცემების ნებისმიერი მესამე მხარისთვის გადაცემა მოითხოვს ასეთი ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის წინასწარ წერილობით თანხმობას.

მუხლი 9
ხარჯები

თუ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში წერილობითი ფორმით სხვა რამ არ არის შეთანხმებული, წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას წარმოშობილ ხარჯებს მხარეები დაფარავენ თავად, თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში.

მუხლი 10
ენები

წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის განხორციელებისას მხარეები იყენებენ ინგლისურ ენას. ქართული და აზერბაიჯანული ენების გამოყენების შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ შესაბამის ზეპირ ან წერილობით თარგმანს ინგლისურ ენაზე.

მუხლი 11
თანამშრომლობის კოორდინაცია

11.1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მხარეთა შორის თანამშრომლობის კოორდინაცია საქართველოს მხრიდან ეკისრება  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან  აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტს.

11.2. საჭიროების შემთხვევაში, მხარეები განსაზღვრავენ თავიანთ სპეციალიზებულ ოპერატიულ სამსახურებს, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირი კონტაქტების დამყარება წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, კომუნიკაციის არხების განსაზღვრა.

11.3. ამ შეთანხმების 11.1 მუხლში მითითებული დანაყოფების სახელწოდების ან ფუნქციების შეცვლის შემთხვევაში, მხარეები ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხების საშუალებით.

მუხლი 12
ერთობლივი სამუშაო ჯგუფი

12.1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

12.2. ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იღებს ვალდებულებას, თვალყური ადევნოს და შეაფასოს წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელება, ასევე, წარმოადგინოს წინადადებები თანამშრომლობის განვითარების მოწინავე მეთოდების შესახებ.

12.3. ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შეუძლია გამართოს შეხვედრა წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით, თითოეული მხარის სახელმწიფოში. დამატებითი შეხვედრები შესაძლოა ჩატარდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 13
სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართება

წინამდებარე შეთანხმება არ იმოქმედებს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშობა სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებიც არიან მათი სახელმწიფოები.

მუხლი 14
უთანხმოებების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელების ან ინტერპრეტაციის შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის მეგობრული კონსულტაციების გზით.

მუხლი 15
შეჩერება

15.1. მხარეები იტოვებენ უფლებას, დროებით, ნაწილობრივ ან სრულად შეაჩერონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელება ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზეზებით.

15.2. მხარეები დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების შეჩერების და შეჩერების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

მუხლი 16
დამატებები და შესწორებები

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 17.1 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 17
ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა

17.1. წინამდებარე შეთანხმება დადებულია 5 (ხუთი) წლის ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ ერთ-ერთი მხარე, დიპლომატიური არხებით, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი (6) თვით ადრე, წინამდებარე შეთანხმება ავტომატურად განაგრძობს მოქმედებას ხუთი (5) წლით, თანმიმდევრული ვადით.

17.2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე მხარის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.

17.3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს შეთანხმების ძალაში ყოფნის პერიოდში წარდგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.

17.4. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ძალას კარგავს 1993 წლის 10 მაისს ბაქოში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2025 წლის 21 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.

საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
სახელით

 

 

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით