გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/922-26
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/04/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2026
სარეგისტრაციო კოდი
2/922-26
07/04/2026
ვებგვერდი, 17/04/2026
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
  
  

საქმის № 080216926012447359

საქმე N2/922-26

 

ა ნ ჩ ი ნ ე ბა

 საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

 და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

2026 წლის 7 აპრილი 

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

 

განმცხადებელი - შპს „ფიშ“

დირექტორი - ბიქტორ გვარამია

მოთხოვნა - გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ფიშის“ დირექტორმა შპს „ფიშის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

განმცხადებელმა განცხადებაში მიუთითა, რომ შპს „ფიშ“, ს/კ 439867967, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე 25/04/2018 წელს შექმნილ სამეწარმეო საზოგადოებას. შპს „ფიშის“ ძირითად საქმიანობას, საკუთარ და იჯარით აღებულ ტბორებში, მდებარე სენაკის რ-ნი, სოფ გეჯეთი, თევზის მოშენება და რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა. საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე კომპანია იყო რენტაბელური, ხოლო გარკვეულ პერიოდებში საჭიროებდა ინვერსტირებას. 2024 წლის მარტის თვიდან შპს „ფიშმა“ წარმოება საბოლოოდ შეწყვიტა. მას ასევე ჰქონდა შემოსავალი იჯარიდან, რომელიც ასევე შეწყდა 2025 წლიდან. ამ მომენტიდან შპს „ფიშს“ შემოსავალი აღარ ჰქონია. იყო აქტიური მცდელობა ბიზნესის ერთიანი სახით გაყიდვისა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე ინვესტორთან. საბოლოოდ ვერცერთ მათგანათან შეთანხმება ვერ შედგა. კომპანიის ამუშავების ყველა რესურსი ამოწურულია, არ არსებობს არანაირი პერსპექტივა. შპს ფიში ვერ ასრულებდა თანამშრომლების სახელფასო ვალდებულებას. ბოლოს მას ჰყავდა 3 თანამშრომელი - 2 მეთევზე/ დაცვა და ბუღალტერი, რომელთა სახელფასო ვალდებულებებს ასევე ვერ ასრულებდა. საბოლოოდ 2025 წლის 18 ნოემბერს შეთანხმებით მოხდა მეთევზე/ დაცვის თანამშრომლების განთავისუფლება, ხოლო ბუღალტერი დღემდე მუშაობს შეზღუდული რესურსებით - RS და ბანკი. კომპანია შესაბამისი სახსრების არარსებობის გამო, დაახლოებით 2024 წლიდან ვერ სარგებლობს საბუღალტრო პროგრამებით. მოვალეს/შპს ფიშის ამ განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. 2026 წლის 15 იანვარს, შპს ფიშის დირექტორის ბიქტორ გვარამიას მიერ მოწვეულ იქნა პარტნიორთა კრება. მოსაწვევი მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩაჰბარდათ პარტნიორებს. კრება გაიმართა 2026 წლის 9 თებერვალს. კრებაზე არ გამოცხადდა 1 პარტნიორი, მანანა გუგუნავა 14%-ი წილის მესაკუთრე, რომელსაც მოსაწვევი ჩაბარებული ჰქონდა დადგენილი წესით. პარტნიორთა კრებამ ხმების 86%-ით მიიღო გადაწყვეტილება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანისა. შესაბამისად, დაცულია რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნატის „ი“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. მოვალის/შპს ფიშის მიერ უმსხვილეს კრედიტორებს: სს საქართველოს განვითარების ფონდი, სს თიბისი ბანკი, შპს საქართველოს მელიორაცია, შპს ოპიზარი - გაეგზავნათ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის შესახებ საინფორმაციო წერილები, თანახმად რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა.

მოვალეს/შპს ფიში შესასრულებელი აქვს ვალდებულებები, რომლის დაფარვის სახსრებიც არ არსებობს. კომპანიას აქვს მცირე აქტივი, რომელიც ვალებთან შედარებით არის დაახლოებით 2 %-ი. შპს ფიშს აქვს მოქმედი ანგარიშები სს საქართველოს ბანკში და სს თიბისი ბანკში. მოვალეს ანგარიშებზე თანხა არ გააჩნია. მოვალეს, შპს ფიშს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. განცხადების შემოტანის მომენტისათვის მოვალეს/შპს ფიშ-ს ჰყავს 2 თანამშრომელი. ბუღალტერი მაია ღამბაშიძე და დირექტორი ბიქტორ გვარამია. ჯამში მოვალის/შპს ფიშის სახელფასო, საიჯარო, მომსახურების და სასესხო დავალიანება შეადგენს 4 875 962.81 ლარს. უმსხვილესი არაუზრუნველყოფილი კრედიტორია სს საქართველოს განვითარების ფონდი, რომლის წინაშე არსებული საიჯარო დავალიანება შეადგენს 2,071,417.08 ლარს. მსხვილი არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ასევე შპს საქართველოს მელიორაცია, რომლის მომსახურების საფასური შეადგენს 93 956.35 ლარს. კომპანიის არაუზრუნველყოფილი, უმსხვილესი კრედიტორია შპს ოპიზარი, ეს უკანასკნელი ასევე არის თავდები უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისა სს თიბისი ბანკთან. მოვალეს ასევე არაუზრუნველყოფილი სესხები აღებული ჰქონდა სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, რომელთა დაბრუნება ვერ შეძლო. ისინი დღეს ხანდაზმულია. თუმცა შესაბამისი სახსრების არსებობის შემთხვევაში მას მოვალე დააბრუნებდა. ასეთი კრედიტორები არიან შპს სამგორი ტბორი, შპს ქარვა, შპს კერამიკა ელ ტორენტე, ფ/პ დიმიტრი გუსევი, ფ/პ იური სამოდელოვი, ფ/პ დიმიტრი კოზლოვი, ფ/პ ალ. სამადელოვი, CRITERION MANAGEMENT CORP. უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სს თიბისი ბანკი. მასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ არის დარღვეული, რადგან მას ასრულებს თავდები შპს ოპიზარი/გია ჯიქია. აღნიშნულ სესხზე გაფორმებულია სხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებებიც. მათ შორის უძრავი ქონება ს/კ 44.14.23.532 და 2 ავტომანქანა. საბანკო ანგარიშებზე თანხები არ ერიცხება. შპს ფიში არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში. შპს ფიშ-ის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება. განცხადებაში გადმოცემული ინფორმაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ მოვალეს ერიცხება ზედავალიანება. ყველა მცდელობა ბიზნესი გადარჩენილიყო უშედეგო აღმოჩნდა. არანაირი რესურსი კომპანიის ამუშავების არ არსებობს. არ არსებობს შესაძლებლობა მოვალემ თავად, სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორები. გაკოტრების რეჟიმის გახსნა არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს. წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის ნამდვილი. დირექტორი აცხადებს, რომ იგი მოამზადა მაქსიმალურად სრულად, მის ხელთ არსებული შეზღუდული რესურსების შესაბამისად. რადგან კომპანიის ვალდებულებები, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებები საგრძნობლად აღემატება კომპანიის აქტივებს. გარდა ამისა, არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და ვალდებულების მეტობის აღმოფხვრას; რადგან კომპანია არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რეალურად 2024 წლიდან, ხოლო ბოლო საიჯარო შემოსავლის მიღება ფიქსირდება 2025 წლის 5 აპრილს; რადგან ყველა მცდელობა მომხდარიყო ინვესტრის მოძიება უშედეგოდ დასრულდა; რადგან კომპანიას აქვს მცირე აქტივი, რომელიც ვალებთან შედარებით არის დაახლოებით 2%-ი. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე მოვალის, შპს „ფიშის“ (ს/კ 439867967) მიმართ მოხდეს გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 მარტის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რაც შევსებულ იქნა 2026 წლის 31 მარტს.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ფიშის“ (ს/ნ 439867967) წარმომადგენლის განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად.

2. შპს „ფიშის“ (ს/ნ 439867967) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „ფიშის“ (ს/ნ 439867967) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ლაშა ნოდია (პ/ნ 19001001627, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, ოფისი 28; ტელეფონი - 599304302), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება უზრუნველყოფის საგნიდან კრედიტორის დაკმაყოფილება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება საპროცესო უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების სასამართლოში, არბიტრაჟში ან ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვა, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას, ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დენა ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/ და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას; გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას.

12. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                                                  ციცინო მოსიძე