დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების და აუდიომონიტორინგის აღმწერი ინსტრუქცია | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/2026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016866 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, სხდომის დარბაზში შესაბამისი კომისიის სხდომის გახსნიდან სხდომის დახურვამდე, შეუძლია აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. |
| მუხლი 2 |
საარჩევნო კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
1. საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს: ა) თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოწმობა, რის გარეშეც არ დაიშვება კომისიის სხდომაზე; ბ) უფლება არ აქვს ჩაერიოს საარჩევნო პროცესში (კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა არჩევა, საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა, შემაჯამებელი ოქმის შედგენა და სხვა), კომისიის სხდომის მიმდინარეობაში ან/და ხელი შეუშალოს კომისიის მუშაობას; გ) უფლება აქვს საარჩევნო კომისიის სხდომაზე აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი, რისთვისაც ის ვალდებულია დაიკავოს მხოლოდ შესაბამისი კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილი და აღნიშნული ადგილიდან აწარმოოს სხდომის ფოტოვიდეოგადაღება ან/და აუდიომონიტორინგი. 2. საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია ინტერვიუები. ინტერვიუები დასაშვებია სხდომის დაწყებამდე ან სხდომის დასრულების შემდგომ, საარჩევნო კომისიებში ამისათვის კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე ისე, რომ არ შეფერხდეს საარჩევნო კომისიის საქმიანობა. 3. ცესკოს სხდომის მიმდინარეობის დროს სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის სახით გადაცემის წესი განისაზღვრება ცესკოს რეგლამენტით. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №33/2017 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები