დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/14213-20 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 22/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე სხდომის მდივანი – ანა ბახტაძე
|
მოვალე – შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო“
გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო გაკოტრების მმართველის წარმომადგენელი - სალომე ამნიაშვილი კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი – მანანა ნამგალაძე მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და გამოარკვია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ინგა გაბრიელიანმა და განმარტა, რომ მოვალე შპს ,,საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო’’ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაფუძნდა 2000 წელს. საზოგადოება ძირითადად ახორციელებდა საგანმანათლებლო საქმიანობას. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა. მოვალეს არ გააჩნია უნარი, გადაიხადოს კრედიტორების დავალიანება, რომელიც ჯამში შეადგენს 690 390,71 ლარს. შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოვალის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს ,,საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს’’ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით კრედიტორთ კრება მოწვეულ იქნა 2020 წლის 12 ოქტომბერს 12:00 საათზე, გაკოტრების მმართველის დანიშვნის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტობრის განჩინებით შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო“-ს (ს/კ 204931985) გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და შეუწყდა მეურვის უფლებამოსილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 15 აპრილის განჩინებით მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება 2026 წლის 22 აპრილს შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ გადახდისუუნარობის საქმეზე საბოლოო ანგარიშის მოსმენის, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით. 2026 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებებით მომართა გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მაია ბარათაშვილმა შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ გადახდისუუნარობის საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის განსაზღვრის თაობაზე და ასევე წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. 2026 წლის 22 აპრილს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სალომე ამნიაშვილმა წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმადაც: 2020 წლის 12 ოქტომბრის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მიხედვით, შპს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს" (ს/ნ 204931985) კრედიტორებს წარმოადგენენ: 1-ლი რიგი: 1. საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური (მეურვის/გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯი). მე-5 რიგი: 1. სსიპ შემოსავლების სამსახური - კრედიტორული მოთხოვნა 426 791.77 ლარის ოდენობით. მე-6 რიგი: 1. არაუზრუნველყოფილი კრედიტორთა მოთხოვნები - 7617.00 ლარი ოდენობით. მე-7 რიგი: 1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნები - 500 ლარის ოდენობით. ჯამში, შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო“ (ს/ნ 204931985) მე-5 , მე-6 და მე-7 რიგის მოთხოვნები შეადგენს 434 908.77 (ოთხას ოცდათოთხმეტი ათას ცხრას რვა ლარი და 77) ლარს . მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში, 2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე, მეურვისაგან კრედიტორებს ეცნობათ პირველადი ინფორმაცია (16.09.2020წ A20058291-011/001 მოხსენება), როგორც შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო“ (ს.ნ 204931985) ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, ისე მიმდინარე სასამართლო დავებისა და კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. კომპანიის გადახდისუუნარობის წარმოების ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მოვალე კომპანიის დირექტორის, მზია ქათამაძის მიერ 21.08.2020წ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ბიუროს მიერ მარეგისტრირებელი ორგანოებისა და საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოვალე საწარმო რეგისტრირებულია შემდეგ იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ი. ჭავჭავაძის გაშზ., II ჩიხი, №5ა მოვალე კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საზოგადოების პარტნიორად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოვალე კომპანისს სახელზე რეგისტრირებულია 1 (ერთი) ავტოსატრანსპორტო საშუალება - BMW X5; სახ. №BMX100. . კომპანიის ბალანსზე ირიცხება 24 (ოცდაოთხი) დასახელების სამედიცინო და საოფისე დანიშნულების მოძრავი ქონება. . კომპანიას არ გააჩნია მესამე პირთა მიმართ დებიტორული მოთხოვნები. „სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი საბანკო დაწესებულებების ინფორმაციის საფუძველზე, უნივერსიტეტს მიმდინარე ანგარიშები გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში" ნულოვანი ნაშთით და სს „თიბისი ბანკში“, 17 ლარის ნაშთით." მოვალე კომპანიის ქონების ინსპექტირება მეურვის მიერ განხორციელდა ქ.თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩა №50-ში, საწყობში. აქტივები დასურათდა და დარჩა მითითებულ მისამართზე. აღწერილი ქონების შენახვაზე პასუხისმგებელი პირად განისაზღვრა უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი გურამ ქათამაძე. (დირექტორის შვილი) ხოლო, მოვალე კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW X5; სახ. №BMX100 გადმოყვანილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარიმო სადგომზე. სსიპ აღსრულების ეროვნული შეფასების დეპარტამენტის 2020 წლის 20 ნოემბრის №01/35-0817 შეფასების დასკვნის და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი №:00059567-ის თანახმად, მოვალე კომპანიის აქტივების საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 48 888 (ორმოცდარვა ათას რვაას ოთხმოცდარვა) ლარი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ (ს/ნ 204931985) ქონების ერთიანი კომპლექსის სახით, ქონების რეალიზაციის მიზნით დაინიშნა პირველ საჯარო აუქციონი. კერძოდ, შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ (ს/ნ 204931985) ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით, რიგით პირველ აუქციონზე გატანილი იქნა მოვალე საწარმოს სრული ქონება (ლოტი №: 46236); ხსენებული აუქციონი დასრულდა უშედეგოდ; „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, ძირითადი კრედიტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილობითი გადაწყვეტილების თანახმად სამეურვეო მასის ლოტებად დაშლის თაობაზე, გაკოტრების მმართველმა მოვალე კომპანიის ქონება გაიტანა 3 (სამი) ლოტად. · ლოტი №: 46520-ით გატანილ იქნა სასწავლო სამედიცინო მულაჟები და სასწავლო სამედიცინო დანიშნულების წიგნები. · ლოტი №: 46521 -ით გატანილ იქნა ავტომანქანა და - ლოტი №: 46524 -ით - საოფისე ინვენტარი და საოფისე ტექნიკა. მეორე განმეორებით აუქციონზე რეალიზდა მხოლოდ ლოტი №46521 - ავტომანქანა, 14 200 ლარად. შემძენი გახდა გიორგი ბუცხრიკიძე (პ/ნ 20001021781). შემძენმა სრულად გადაიხადა თანხა და გაიცა განკარგულება. ხოლო, დანარჩენი ლოტები №: 46524 და №: 46520 დასრულდა უშედეგოდ; შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო“-ს (ს/ნ 204931985) სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარებული მეორე აუქციონის ("ლოტი 46520, №ლოტი 46524) უშედეგოდ დასრულების შემდეგ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა მესამე აუქციონი. (ლოტი №: 46641 და ლოტი №: 46642}. რიგით მესამე აუქციონის მიმდინარეობის დროს, 2020 წლის 28 დეკემბერს შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი - უნიჯეო“-ს დირექტორის წარმოდგენილი განცხადებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გახდა ცნობილი, რომ ქ. თბილისში, გაბრიელის ბერის ქ. №50-ში მდებარე საწყობში, სადაც ინახებოდა მოვალე კომპანიის კუთვნილი ქონება, მოხდა ქურდობა და დაკარგულია კომპანიის კუთვნილი ტექნიკა. ხსენებული ფაქტი ეცნობა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისნის-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს, რაზეც მიცემულია ჩვენება. მოვალე კომპანიის კუთვნილ ქონებასთან ერთად, აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი იყო მოპარული ქონებაც – კერძოდ, საოფისე ინვენტარი და ტექნიკა (ლოტი №46642-თ). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 31 დეკემბრის №3642 ბრძანების საფუძველზე, შეწყდა მიმდინარე აუქციონი (ლოტი №46642). ხოლო, 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულებულ აუქციონზე, ლოტი №:46641-ის (სასწავლო სამედიცინო მულაჟები და სასწავლო სამედიცინო დანიშნულების წიგნები 1512,40 ლარად) შემძენი გახდა შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი" (212677094). შემძენმა სრულად გადაიხდა თანხა და გაიცა განკარგულება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველოში 2020 წლის 25 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №004251220005, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. ქურდობის შედეგად დაკარგულია შემდეგი ქონება: · კომპიუტერის კომპლექტი (მაუსი, კლავიატურა, მონიტორი, სისტემური ბლოკი) – 11 ერთეული;· პროექტორი (შავი ფერის) – 2 ერთეული;· პრინტერი HP LaserJet M1132 – 1 ერთეული;· ნოუთბუქი – 3 ერთეული. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შეფასების მიხედვით, ქურდობის შედეგად დაკარგული ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 3 150 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ გაკოტრების მმართველის მიერ სრულად არ განხორციელებულა მოვალე კომპანიის აქტივების სრული რეალიზაცია, დარჩენილი მოძრავი ქონება: საოფისე სკამები, მაგიდები (მერხები) და ბილბორდები, კვლავ გატანილი იქნა მესამე ქუციონზე - ლოტი №: 46748. ლოტი №: 46748-ის 2021 წლის 05 თებერვალს დასრულებულ აუქციონზე, 823,50 ლარად, შემძენი გახდა ბაქარ ალადაშვილი (01027035548), შემძენმა სრულად გადაიხდა თანხა და გაიცა განკარგულება. თუმცა, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის 19 თებერვალს №11446 განცხადებით მომართა ბაქარ ალადაშვილმა, რომელმაც მოითხოვა A20098596 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოძრავ ნივთებზე (საოფისე სკამები, მაგიდები (მერხებს) და ბილბორდები) 2021 წლის 05 თებერვალს დასრულებული აუქციონის (ლოტი 46748) შედეგების გაუქმება და მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის დაბრუნება. მისი განმარტებით, ვებგვერდზე „www. eauction.ge"-ზე განთავსებული ინფორმაცია, სარეალიზაციო მოძრავი ნივთის აღწერილი მდგომარეობა არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულს. აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, 2021 წლის 26 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საწყობში ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ. №32) გაკოტრების მმართველის მიერ განხორცილდა გ. ბერის ქ. №50-ში მდებარე საწყობიდან გადმოტანილი მოვალე კომპანიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დათვალიერება, (მერხები, სკამები, ბილბორდები), რის შედეგადაც დადგინდა, რომ მერხებიდან (მაგიდებიდან) - 40 ცალიდან (მეორადი მდგომარეობიდან), დაშლილ მდგომრეობაშია მხოლოდ - 4 ცალი. ხოლო დანარჩენი მოძრავი ქონების მდგომარეობა ემთხვეოდა 2020 წლის 09 სექტემბერს აღწერილ ქონების მდგომარეობას. კერძოდ, ტრანსპორტირების დროს მოხდა რამდენიმე მეორადი მაგიდის დაზიანება/დაშლა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 მარტის №536 ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა აუქციონის შედეგი და თანხა დაუბრუნდა შემძენს. განმეორებითი გადაფასების შედეგად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2021 წლის 17 მარტის 01/35-0861 შეფასების დასკვნის შესაბამისად, მოძრავი აქტივების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2920 ლარი. გადაფასებული მოძრავი ქონება რეალიზაციის მიზნით (საოფისე სკამები, მაგიდები (მერხები) და ბილბორდები), კვლავ გატანილი იქნა მესამე აუქციონზე - ლოტი №: 47589. 2021 წლის 26 მარტს დასრულებულ აუქციონზე, ლოტი №:47589 შემძენი, 220,5 ლარად, გახდა ვეფხვია გელაშვილი (56001005425). შემძენმა სრულად გადაიხდა თანხა და გაიცა განკარგულება. აღნიშნული აუქციონით სრულად დასრულდა შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო“-ს სამეურვეო მასის რეალიზაცია, რის შედეგადაც გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული საჯარო აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ, დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით, შეადგინა 15 668.55 ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადის სახით ბიუჯეტში გადარიცხულია 264,35 ლარი ასევე, მოვალე საწარმოს კუთვნილი თანხა - 17 ლარი სს „თიბისი ბანკის“ საბანკო ანგარიშიდან გადმოტანილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯამში, კრედიტორთათვის გასანაწილებელი თანხა შეადგენს 15 685,55 (თხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი ლარი და 55) ლარს, აღნიშნულ გაკოტრების საქმისწარმოებაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურული მოქმედება შესრულებულია. დასრულებულია ყველა მიმდინარე დავა და საქმე მზად არის დასასრულებლად, თუმცა, მიმდინარე და ამ ეტაპზე უშედეგო გამოძიების გამო, აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულია კრედიტორთა უფლებების დაცვის დამატებითი მექანიზმი და გამოძიების შედეგად მომავალში აღმოჩენილი ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს მოვალე კომპანიის გაუქმების შემდეგაც. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე, გაკოტრების მმართველმა შეწყვიტა ქურდობის შედეგად დაკარგული ქონების მოძიება. გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესში ამოღებული თანხა, რომელიც თავის მხრივ კრედიტორთათვის გასანაწილებელი თანხა ჯამში, შეადგენს 15 685,55 (თხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი ლარი და 55) ლარს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვალისგან ამოღებული თანხა ნაწილდება კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად დადგენილი რიგითობით. ამავე კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს" მომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის {გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება: ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების - მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა; ხოლო ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუშეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე; ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს: 1. მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის - 5 000 ლარს. 2. გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისთვის - 5000 ლარს. ჯამში: 10 000 ლარს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას, გასანაწილებელი თანხა 15 685,55 ლარიდან, 10 000 ლარი ექვემდებარება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვას. შესაბამისად, დარჩენილი თანხა - 5 685,55 ლარი სრულად მიემართება მე-5 რიგში რეგისტრირებული კრედიტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის 426 791.77 ლარის ნაწილობრივ დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ხოლო, რაც შეეხება მომდევნო რიგის მე-6 და მე-7 რიგის მოთხოვნებს, აღნიშნული სრულად რჩება დაუკმაყოფილებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის შიერ – სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, გთხოვთ, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო”-ს (ს/ნ 204931985) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. კრედიტორთა კრებაზე კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მანანა ნამგალაძე დაეთანხმა შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების მოთხოვნას. სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს. მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოამდგენლის სალომე ამნიშვილის პოზიციას. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით დაადგინა 1. დასრულდეს შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ (ს/ნ 204931985) გაკოტრების საქმის წარმოება. 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეოს“ (ს/ნ 204931985) რეგისტრაცია გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე და განხორციელდეს სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა.
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge). 4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები