სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2026
დოკუმენტის ტიპი საჯარო გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2026
სარეგისტრაციო კოდი
142
14/05/2026
ვებგვერდი, 15/05/2026
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო

გადაწყვეტილება №142

2026 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46​1 მუხლის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის საჯარო გადაწყვეტილება, „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ“:

1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო

საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების პირობებს.

2. სუბსიდიით დაფინანსებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხს.

2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები

1. სსკ-ის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის მიზნისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;

ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.

სსკ-ის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას) იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი.

სსკ-ის 157-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენენ ორგანოები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ხელისუფლებას, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს.

საგულისხმოა, რომ კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს საჯარო სუბიექტის (სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) საქმიანობას არაეკონომიკურ საქმიანობად, თუ ის მოქმედებს როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), რაც ნიშნავს, რომ ის ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელსაც არეგულირებს სპეციალური საჯარო სამართალი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო სუბიექტის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობად, თუ იგი ახორციელებს საჯარო სამართლით შესაბამისი საჯარო უწყებისთვის სპეციალურად რეგულირებულ საქმიანობას და ფაქტობრივად მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო.

კანონი, ამ წესიდან გამონაკლის შემთხვევებს ითვალისწინებს, რაც გამოწვეულია სამართლიანი და თანასწორი კონკურენციის რაიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად.

კერძოდ, სსკ-ის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელება საჯარო სუბიექტის მიერ ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა, მათ შორის: ტელესაკომუნიკაციო მომსახურება; ენერგორესურსებისა და წყლის მიწოდება; საქონლისა და მგზავრთა ტრანსპორტირება; პორტისა და აეროპორტის მომსახურება; რეალიზაციის მიზნით წარმოებული საქონლის მიწოდება; სარეკლამო, ტურისტული, საზოგადოებრივი კვების, რადიო- და ტელემაუწყებლობის საქმიანობა და სხვა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, კონკურენციის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, განსაზღვროს სხვა საქმიანობის სახეებიც, რომელთა განხორციელებისას საჯარო უწყების საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად.

შესაბამისად, საჯარო სუბიექტი, თუ ის ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც კონკურენციაში შედის კერძო სამართლის სუბიექტებთან (ეს საქმიანობა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ორგანოს პრეროგატივა, იგი შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც და დაბეგვრისგან გათავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა), საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში დღგ-ით დაიბეგრება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ განიხილება დასაბეგრ პირად და, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციები არ დაიბეგრება დღგ-ით, თუ შესაბამისი ოპერაციები:

ა) ხორციელდება საჯარო სამართლით რეგულირებადი საქმიანობის ფარგლებში, რა დროსაც პირი მოქმედებს როგორც სახელმწიფო ორგანო, და

ბ) არ ხორციელდება სსკ-ის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ – „ბ.ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ან საქართველოს მთავრობის მიერ სსკ-ის 158-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში.

2. სუბსიდიით დაფინანსებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სუბსიდიის თანხა ანაზღაურებას საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან არის თუ არა მასთან პირდაპირ დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ სუბსიდია წარმოადგენს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მიზანია კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური, საჯარო ან სტრატეგიული ინტერესის ხელშეწყობა და იგი, როგორც წესი, არ წარმოადგენს კონკრეტული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადახდილ ანაზღაურებას.

სსკ-ის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სუბსიდიის (სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ფინანსური დახმარების) თანხა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში, თუ იგი საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირაა დაკავშირებული, რადგან ამ ტიპის სუბსიდია, საქონლის/მომსახურების შემძენისთვის, ცვლის საქონლის/მომსახურების რეალურ ფასს.

ამ შემთხვევაში სუბსიდიის თანხა შეიტანება დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში, ვინაიდან სუბსიდიის გაცემის მიზანია საქონლის ან მომსახურების საბოლოო ფასის შემცირება საბოლოო მომხმარებლისთვის, მისი ოდენობა, როგორც წესი, განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების მოცულობის მიხედვით, სუბსიდია წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ მიღებული საერთო ანაზღაურების ნაწილს და საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, სუბსიდიის გარეშე, განხორციელდებოდა უფრო მაღალი ფასით.

მაგალითად, თუ სახელმწიფო 200 ლარით ასუბსიდირებს კონკრეტულ საქონელს, რომლის ფასი, დღგ-ის გარეშე, 1200 ლარს შეადგენს, მიმწოდებლის მიერ დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება - 1200 ლარი (რაც მოიცავს როგორც მომხმარებლის მიერ გადასახდელ ფასს (1000 ლარი), ასევე სუბსიდიას (200 ლარი)), მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მომხმარებელი საქონელს იღებს შემცირებული ფასით.

ასეთ შემთხვევაში საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ითვლება განხორციელებულად საბოლოო მომხმარებლის მიმართ სრული ღირებულებით (სუბსიდიის თანხის ჩათვლით), და მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებელზე სრულ დასაბეგრ თანხაზე, მიუხედავად იმისა, რომ თანხის ნაწილი გადახდილია მესამე პირის მიერ. ამასთანავე, დასაბეგრ პირს უფლება აქვს, სრულად ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის.

ამგვარ სუბსიდიებს მიეკუთვნება, მათ შორის, ენერგომატარებლების, წყალმომარაგების, სატრანსპორტო მომსახურების ტარიფის სუბსიდირება და სხვა ანალოგიური შემთხვევები.

თუ სუბსიდია სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის მიერ გაიცემა საქმიანობის ზოგადი მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დაფარვის ან საჯარო ფუნქციის შესრულების მხარდაჭერისთვის, არ უკავშირდება კონკრეტული საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას, არ წარმოადგენს კონკრეტული მიწოდების/მომსახურების ანაზღაურების ნაწილს და, შესაბამისად, არ ახდენს გავლენას საქონლის/მომსახურების ფასზე, სუბსიდიის თანხა არ შეიტანება დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში.

ამგვარ სუბსიდიებს მიეკუთვნება, მათ შორის, სამეცნიერო კვლევისა და განვითარების, გარემოსდაცვითი პროექტების, დასაქმების ხელშეწყობის, ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების მიზნით გაცემული სუბსიდიები და სხვა ანალოგიური შემთხვევები.

მნიშვნელოვანია, რომ სუბსიდია არ უნდა ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებულად მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი ამცირებს მიმწოდებლის საქმიანობის ხარჯებს ან აუმჯობესებს მის ფინანსურ მდგომარეობას. ფასთან პირდაპირი კავშირი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც სუბსიდიასა და კონკრეტულ მიწოდებას შორის დადგენილია პირდაპირი კავშირი, მათ შორის, როდესაც სუბსიდიის ოდენობა დამოკიდებულია საქონლის მიწოდების /მომსახურების გაწევის მოცულობაზე და სუბსიდია წარმოადგენს მიწოდების ანაზღაურების ნაწილს.

ამასთანავე, სუბსიდიის დღგ-ით დაბეგვრის შეფასებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ოპერაციის ეკონომიკურ შინაარსს და მნიშვნელობა არ აქვს სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, საკუთრების სტრუქტურას ან საწარმოში სახელმწიფოს მონაწილეობას.

3. გადაწყვეტილება

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ მიიჩნევა დღგ-ის მიზნისთვის დასაბეგრ პირად და მის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციები არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ შესაბამისი ოპერაციები:

ა) ხორციელდება საჯარო სამართლით რეგულირებადი საქმიანობის ფარგლებში, რა დროსაც პირი მოქმედებს როგორც სახელმწიფო ორგანო, და

ბ) არ ხორციელდება სსკ-ის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ – „ბ.ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ან საქართველოს მთავრობის მიერ სსკ-ის 158-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში.

2. სუბსიდიის თანხა დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება, თუ იგი წარმოადგენს ანაზღაურებას საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევისთვის ან მასთან უშუალოდ/პირდაპირ არის დაკავშირებული.

მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                   ლაშა ხუციშვილი