დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 08/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016090 |
|
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1.
|
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი“ თანდართული სახით. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი
მუხლი 1. ზოგადი დებულება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე მოსამართლეს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. 2. მოსამართლე, რომელსაც გავლილი აქვს ბავშვის უფლებათა კოდექსით ან/და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სპეციალიზაცია, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ითვლება სპეციალიზებულ პირად.
მუხლი 2. სპეციალური სწავლების სფეროები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე მოსამართლე ვალდებულია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი/ტრენინგები, რომელიც მოიცავს სპეციალურ სწავლებას შემდეგ სფეროებში: ა) კანონმდებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ; ბ) ბავშვის უფლებათა კოდექსი; გ) არასრულწლოვანთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები; დ) ძალადობა ბავშვზე, მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ბავშვის მიმართ ძალადობის ამოცნობისა და ბავშვთან ურთიერთობის მეთოდები; ე) არასრულწლოვანთა რთული ქცევის მართვა; ვ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; ზ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები.
მუხლი 3. სასწავლო მოდულის მიზნები 1. „კანონმდებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესი, ამ პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებისა და მათი კოორდინირებული მუშაობისთვის საჭირო პროცედურები. 2. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს ბავშვის უფლებების ზოგადი პრინციპები, მიდგომები და სტანდარტები. 3. „არასრულწლოვანთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტების“ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები, ბავშვის განვითარების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ტრავმული გამოცდილების გავლენა ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბებაზე. 4. „ძალადობა ბავშვზე, მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ბავშვის მიმართ ძალადობის ამოცნობისა და ბავშვთან ურთიერთობის მეთოდების“ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს ძალადობის ძირითადი ფორმები და ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი ინდიკატორები, აგრეთვე, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე; მოსამართლეებმა ამოიცნონ ძალადობის ინდიკატორები და, შესაბამისად, დაამყარონ კომუნიკაცია არასრულწლოვანთან; მოსამართლეები გაეცნონ ეფექტიანი და სენსიტიური კომუნიკაციის ფორმებს ძალადობაგანცდილ ბავშვთან უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების მეთოდებს, ვერბალურ და არავერბალურ ფორმებს, ხელის შემშლელი გარემოებების მართვასა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვადასხვა ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირებისა და უსაფრთხო ინტერაქციის პრაქტიკულ ტექნიკებს. 5. „არასრულწლოვანთა რთული ქცევის მართვის“ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს რთული ქცევის ამოცნობის, პრევენციისა და მართვის საკითხები. 6. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებული მიდგომები და ზოგადი სტანდარტები. 7. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების“ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები.
მუხლი 4. მოსამართლის სპეციალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა 1. მოსამართლეებისთვის ამ სტანდარტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტრენინგის/ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 2. სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლა ასევე უზრუნველყოფს მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტრენინგის/ტრენინგების იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთათვის ჩატარებას. 3. ტრენინგის/ტრენინგების გავლის შემდეგ მოსამართლეს გადაეცემა ამ დადგენილებით გათვალისწინებული ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 4. სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლა ტრენინგების კურსის ბოლოს ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აისახება ინფორმაცია სერტიფიცირებულ მოსამართლეთა შესახებ, ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი, მონაწილეთა დასწრების შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. 5. სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები