დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 011 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 14/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030040.58.070.016106 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი, საფინანსო დეკლარაციის თანდართული ფორმები (დანართი №1.1 – №1.11) და საფინანსო დეკლარაციის ფორმებში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება (დანართი №1.12). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 მაისიდან.
|
|
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის (შემდგომ – რეესტრი) წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
|
მუხლი 3.
განცხადების წარდგენა
|
1. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რეგისტრაციის მიზნით, სამსახურს წერილობით წარუდგენს განცხადებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე.
2. განცხადება წარდგენისთანავე რეგისტრირდება ვებგვერდზე და ენიჭება მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი. |
მუხლი 4.
სუბიექტის ვებგვერდზე დაშვება
|
1. ვებგვერდზე სუბიექტის დაშვების მიზნით განცხადებაში უნდა მიეთითოს სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. სუბიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ვებგვერდზე გამოქვეყნება.
2. პირი პასუხისმგებელია იმ გარემოებაზე, რომ მის განცხადებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობაში/სარგებლობაში ან/და უფლებამოსილი პირისგან მიღებული აქვს თანხმობა მათ გამოყენებაზე. 3. სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე ელექტრონული სისტემიდან იგზავნება ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდი, რომლის მეშვეობითაც მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება. თუ ვერ მოხდება მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება, ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი უნდა იქნეს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის სხვა ნომერი. 4. ვებგვერდზე დაშვების მიზნით სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე ელექტრონული სისტემიდან იგზავნება აქტივაციის კოდი, „მომხმარებლის სახელი“, „მომხმარებლის პაროლი“ და ელექტრონული მისამართის ბმული. 5. „მომხმარებლის სახელისა“ და „მომხმარებლის პაროლის“ სათანადო წესით გამოყენებასა და მათი სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებელია სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. 6. ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განაცხადის წარდგენაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შემთხვევაში წინა ხელმძღვანელს უწყდება წვდომა სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვით, ერთჯერადი ვერიფიკაციის საფუძველზე განახლებული მონაცემები („მომხმარებლის პაროლი“) ახალ ხელმძღვანელს მიეწოდება. 7. ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი/პასუხისმგებელი შეიძლება იყოს სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი/წარმომადგენელი პირი. თუ სუბიექტს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ჰყავს, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება მათი შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს აღნიშნული უფლებამოსილება განსაზღვრული აქვს მმართველობითი ორგანოს მიერ სადამფუძნებლო შეთანხმებით. 8. სუბიექტის დაშვებას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე სამსახური უზრუნველყოფს განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. |
მუხლი 5.
დეკლარაციის წარდგენის წესი და ფორმა
|
1. სუბიექტი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად, ამ წესით დადგენილი ფორმის (დანართი №1.1 – №1.11) დაცვით ავსებს და სამსახურს წარუდგენს განაცხადს, რომელიც იმავდროულად არის მისი საფინანსო დეკლარაცია.
2. განაცხადის ავტორი განაცხადში ასახავს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი; გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი; დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ; ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ; ვ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის შემთხვევაში – კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა; ზ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტის შემთხვევაში – კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა; თ) განაცხადის შევსების თარიღი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და ყოველწლიური დეკლარაცია სამსახურს უნდა წარედგინოს ამ წესის №1.1 – №1.11 დანართებით დადგენილი ფორმით, რომელიც ივსება ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ველების მეშვეობით. |
მუხლი 6.
საფინანსო დეკლარაცია
|
1. საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი – დანართი №1.1; ბ) წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები – დანართი №1.2; გ) საბალანსო ანგარიშგება – დანართი №1.3; დ) საბანკო ანგარიშები – დანართი №1.4; ე) ნაღდი ფულით განხორციელებული სალაროს ოპერაციები – დანართი №1.5; ვ) არაფინანსური აქტივები – დანართი №1.6; ზ) უძრავი ქონების აღწერა – დანართი №1.7; თ) სატრანსპორტო საშუალების აღწერა – დანართი №1.8; ი) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების აღწერა – დანართი №1.9; კ) ვალდებულებების აღწერა – დანართი №1.10; ლ) სესხი/კრედიტი – დანართი №1.11. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სამსახურს წარედგინება მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით. |
მუხლი 7.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია |
1. სამსახური განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად (შემდგომ – რეგისტრირებული ორგანიზაცია) და აღრიცხავს მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
2. არასწორად ან/და არასრულყოფილად შევსებული განაცხადის ავტორი ვალდებულია ხარვეზი 10 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, სამსახური აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს განაცხადის ავტორს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხავს მას რეესტრში. 3. რეესტრში რეგისტრირდება და ვებგვერდზე აისახება რეგისტრირებული ორგანიზაციის: ა) სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; ბ) იურიდიული მისამართი; გ) მმართველობითი ორგანოს, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მონაცემები. სამეთვალყურეო საბჭოსა და დამფუძნებელთა/საერთო კრების არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს და დამფუძნებელთა/საერთო კრების წევრის შესახებ ინფორმაცია და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები; დ) განაცხადი/საფინანსო დეკლარაცია. 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის შედეგად მზადდება ამონაწერი, რომელიც ვებგვერდზე ქვეყნდება სხვა დოკუმენტებთან ერთად. ამონაწერში აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები და მას დაერთვის რეგისტრირებული ორგანიზაციის განაცხადი/საფინანსო დეკლარაცია. |
მუხლი 8.
რეგისტრაციის გაუქმების წესი
|
1. რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს უფლება აქვს, საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენისას მატერიალური ფორმით დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
2. რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამსახური ამ სუბიექტს დაუყოვნებლივ ამორიცხავს რეესტრიდან. გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება ვებგვერდზე. |
მუხლი 9.
მონიტორინგის წესი
|
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად სამსახურს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი – საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა.
2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) სამსახურის გადაწყვეტილება; ბ) სამსახურისთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას. 3. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ. 4. მონიტორინგის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სამსახური სუბიექტს უგზავნის წერილობით შეტყობინებას. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) სამსახურის დასახელებასა და მისამართს, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს; ბ) მონიტორინგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თარიღსა და ნომერს; გ) მონიტორინგის შინაარსის მოკლე აღწერას; დ) გაფრთხილებას მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისა და ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. 5. სამსახური უფლებამოსილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით მიმართოს სხვა პირს/ორგანიზაციას/დაწესებულებას. 6. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სამსახური აღნიშნულ სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი 10 სამუშაო დღის ვადაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ავსებს და სამსახურს წარუდგენს განაცხადს. |
მუხლი 10.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
|
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები