აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 20/05/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016436
5
20/05/2026
ვებგვერდი, 22/05/2026
010320020.32.057.016436
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №5

2026 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

 


„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულება, თანახმად დანართისა. 
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 69 (სამოცდაცხრა) საშტატო ერთეულით. 
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.32.057.016367). 
4. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 ივნისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე



დანართი

 

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის „აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და „აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანო­ბის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმ­ნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვა­ლისწინებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწო­დების აღნიშვნით.

6. სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბ­ლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩა №119.


მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის გარემოს დაცვის, აგროსა­სურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, მემცენა­რეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგები.

2. სამინისტროს ამოცანებია:

ა) რეგიონში გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითა­რების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა;

ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგებისა და მიმართულებების განვითარების მიზნით შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;

გ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

ე) სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;

ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთგანახლებისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

კ) საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით აგრარული ექსტენციის განვითარება;

ლ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ნ) სოფლის ან/და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების დაფინანსება;

ო) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა;

პ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარ­ჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;

რ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში ლიდერ მიდგომების განვითარების ხელშეწყობა;

ს) აგრობიზნესის განვითარების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;

ტ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინ­ფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

უ) საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისა და ეროვნული სასურსათო პრო­დუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ფ) უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ქ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელ­შეწ­ყობა; 

ღ) მემცენარეობის, მეცხოველეობისა და ვეტერინარული საქმიანობის ხელშეწ­ყობა;

ყ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პროგ­რა­მების/ქვეპროგრამების შემუშავება;

შ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვა­ლის­წინებული შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების მართვა და მათი განხორ­ციელების კონტროლი;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.


მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია 
დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს დასკვნები და წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონპროექტებზე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა დოკუმენტებზე;

ბ) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს საკით­ხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;

გ) სახელმწიფო დაწესებულებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნას სხვადასხვა კომისიები ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;

დ) კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, მოამზადოს წინადადებები მათი შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, განახორციელოს საჭირო ღონისძიებები სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას კერძო სა­მართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;

ვ) გამართოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები სახელმწიფო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეთა და სახელმწიფო შეკვეთების შემსრუ­ლებელთა გამოსავლენად;

ზ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

თ) განახორციელოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, უზრუნ­ველყოს მოხელეთა შეფასება და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;

ი) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუ­მენტები და ინფორმაცია დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;

კ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დრო­ულად გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ლ) გამართოს ფორუმები, კონფერენციები და გამოფენები კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

მ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;

ნ) პერიოდულად მოახსენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

ო) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.


მუხლი 4. სამინისტროს ხელმძღვანელობა  
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს – ბრძანებას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სისტემაში შემა­ვალი საქვეუწყებო დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქ­ტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესე­ბულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

ვ) დამტკიცებული დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას;

ზ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სისტე­მაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტუ­რას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

კ) წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ლ) ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებს შორის;

მ) ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს;

ნ) შეაქვს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;

ო) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

4. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას, ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

5. მინისტრის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლობისას ან მინისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მი­ნისტრის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლობისას ან მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვე­ტის შემთხვევაში, მინისტრის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.


მუხლი 5. სამინისტროს სისტემა  
1. სამინისტროს სისტემაში შედის:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არასამეწარმეო (არაკო­მერ­ციული) იურიდიული პირი, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძ­ნებ­ლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტრო.

2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტი;

გ) ანალიტიკის დეპარტამენტი;

დ) პროგრამების განხორციელების დეპარტამენტი;

ე) მონიტორინგისა და შეფასების სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) იურიდიული სამსახური;

თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური;

ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური.

3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.

4. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სა­მართ­ლის იურიდიული პირია – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.

5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სა­მართლის იურიდიული პირის მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.


მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი  
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

ბ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციის ფარგლებში;

გ) წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს (მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე) სტრუქტურული ქვედანა­ყოფის საქმიანობის შესახებ;

დ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრუ­ლებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მი­ნისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინაციას უწევს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანა­ყოფის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ასრულებს წინამდებარე დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოად­გილის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართვე­ლოებად.


მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამი­ნისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორ­მაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგა­ნიზება;

გ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსე­ბული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრო­მელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტების შესწავლის მიზნით დისციპ­ლინური წარმოების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის შედგენა და ხელმძღვანე­ლობი­სათვის წარდგენა;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრო­მელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზე­ზების აღმოფხვრის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწო­დება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრო­მელთა მიერ ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების კონტროლი;

ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავა­ლების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ი) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება. სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელი­სათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორ­ციელება.


მუხლი 8. სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტი
სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობის დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანა­ლიზი და შეფასება;

ბ) რეგიონის სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოს­დაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა და სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

გ) სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვა და ინიციირება, ასევე  სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების და სისტემის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა-შესწავლა და შესაბამისი რეკო­მენდაციისა ან/და წინადადებების წარმოდგენა;

დ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსო­ლი­დაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების, ასევე სამელიორაციო სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ე) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვ­ლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება;

ვ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუ­შავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ზ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომ­ზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუ­ნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში ბიომრავალფეროვნების კომპონენ­ტების დაცვისა და შენარჩუნების, ბუნებრივი რესურსების და ტყის მდგრადი მართ­ვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, კლიმატის ცვლილებების სფეროში და ნარჩენების მართვის მიმართულებით წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი, ბუნებრივი რესურსებისა და ტყის მართვის სფეროების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, ამ მიმართულებებით შემოსული კორესპონდენციებისა და ანგარიშების განხილვა და შესწავლა;

მ) მემცენარეობის დარგში მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, სელექციის და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ნ) მეცხოველეობის დარგში სანაშენე და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ო) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული, ფიტო­სანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის მიზნით წინადა­დებების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნ­ველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ჟ) კერძო და/ან საჯარო ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

რ) სხვადასხვა მეთოდის (მიზნობრივი, ზოგადი, დამხმარე) გამოყენებით ექსტენციის განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომ­ზადება;

ს) ექსტენციის ეფექტურად განხორციელების მიზნით სხვადასხვა სახის ლიტერატურის შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა;

ტ) სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების მი­ხედვით დეტალური ექსტენციის კალენდრის მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნ­ველყოფა;

უ) ექსტენციასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ფ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის სურსათის წარმოებისა და რეალი­ზაციის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ქ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ღ) სოფლის მეურნეობის  მიმართულების საინვესტიციო პროექტების და წინადადებების ანალიზი და დარგობრივი რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზა­დება;

ყ) რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა შესახებ შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;

შ) სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების, სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებების და მექანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოპო­ვება და დამუშავება;

ჩ) დარგში არსებული ვითარების ადგილზე სისტემატური გაცნობა, დარგში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლა, მუნიციპალიტეტების მი­ხედვით, დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის სისტემატური მო­ძიება-შესწავლა და წარმოდგენა.

ც) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;

ძ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;

წ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;

ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 9. ანალიტიკის დეპარტამენტი 
ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის, შესაძლებლობების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის სისტემატური მოპო­ვება/განახლება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;

ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და მექანიზაციის საშუალებების ექსპორტ-იმპორტის, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;

გ) პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში ანალიტიკური ინფორმაციით მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

დ) მონაცემების სისტემატიზაცია, ანალიტიკური დამუშავება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მობილიზება და დამუშავება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მობილიზება, ნაერთი ანგარიშ(ებ)ის მომზადება და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ზ) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, ახალი საინვესტიციო წინადადებების/მოდელების მომზადებისათვის წინადადებების მომზა­დება სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;

თ) სოფლის მეურნეობის მიმართულებების შესახებ ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება, ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი და სხვა ღონისძიებების (ფორუმები, კონფე­რენციები, გამოფენები და სხვა) იდენტიფიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელე­ბის ხელშეწყობა;

ი) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების, საინვეს­ტიციო და სხვა წინადადებების ანალიზი და შესაბამის სტრუქტურულ ქვედა­ნაყოფებთან კოორდინაციით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართუ­ლების განსაზღვრა;

ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ დონორ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების პროცესისა და დადებული ხელშეკრულებების მიმდინარეობის კოორდინაცია;

მ) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ნ) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება;

ო) დონორთათვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის დარგის საჭი­როებე­ბის შესახებ ინფორმაციის მობილიზება;

პ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართ­ვის პოლიტიკის დოკუმენტირების უზრუნველყოფა, რისკის მართვასთან დაკავში­რებული ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის მომზადება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორ­ციელება.


მუხლი 10. პროგრამების განხორციელების დეპარტამენტი
პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) შესაბამისი პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულ(ებ)თან კოორდინაციით პროგ­რამ(ებ)ის/ქვეპროგრამ(ებ)ის განხორციელების წეს(ებ)ის შემუშავება და ინიციირება;

ბ) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით, განმცხა­დებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის/ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის მიღების კოორდინაცია, განხილვა, შეს­წავლა;

გ) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხა­დის/ბიზნეს გეგმის და თანდართული დოკუმენტაციის პროექტების/პროგრამების მოთხოვნებთან/პირობებთან შესაბამისობის ვერიფიკაცია და დადგენა;

დ) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაც­ხა­დის/ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შესწავლა;

ე) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხა­დისა და თანმდევი დოკუმენტაციის პროექტების/პროგრამების მოთხოვნებ­თან/პი­რობებთან შეუსაბამობის/ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განმცხადებლის ინფორ­მირების უზრუნველყოფა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის ადგილზე გასვლით გადამოწმება, განაც­ხადში მითითებული ტერიტორიის მონიტორინგი და დათვალიერების აქტის შედგენა;

ზ) განაცხადის/ბიზნესგეგმის/პროექტის განხილვის საფუძველზე წინადა­დე­ბების წარმოდგენა შემდგომ ეტაპზე დაშვების ან/და თანადაფინანსების მიზან­შე­წონილობის განხილვის მიზნით;

თ) პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში შესასყიდი ობიექტის მახა­სიათებ­ლების, სპეციფიკაციების განსაზღვრა;

ი) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით, ხელშეკრულების დადებისთვის პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა/გადამოწმება;

კ) პოტენციურ ბენეფიციარებთან დასადები ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულებების დადების ორგანიზება;

ლ) ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებების სისტემატიზაცია და რეესტრის წარმოება;

მ) ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულების ცვლილების მიზანშეწო­ნილობის დადგენა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ორგანიზება;

ნ) პროექტების/პროგრამების ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულებების შესაბამის უწყებებში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ო) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების მართვა;

პ) ბენეფიციარების სახელშეკრულებო ვალდებულებების აღრიცხვა და ვალდებულებების (მ.შ. გრძელვადიანი ვალდებულებების) შესრულების კონტროლი;

ჟ) ბენეფიციართა თანადაფინანსების/ტრანშის მომზადება, ფინანსური/­საბუ­ღალტრო დოკუმენტაციის შედგენის უზრუნველყოფა და თანადაფინანსებისთვის წარმოდგენა;

რ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ბენეფიციარის/მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კორესპონდენცი(ებ)ის მომზადება (მათ შორის, ხელშეკ­რუ­ლებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე). ბენეფი­ციარის/­მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და პირგასამ­ტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენა;

ს) პროექტების/პროგრამების განხორციელების ეტაპზე შედგენილი დოკუ­მენტაციის სისტემატიზაცია და პროექტების/პროგრამების დასრულების შემდეგ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;

ტ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების თაობაზე მონაცემთა აღრიცხვა და წარმოდგენა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;

ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორ­ციელება.


მუხლი 11. მონიტორინგისა და შეფასების სამსახური
მონიტორინგისა და შეფასების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებუ­ლე­ბების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, შეფასება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით სამი­ნისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებე­ბიდან ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა, მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და საერთო ანგარიშის მომზადება;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრა­მე­ბის/ქვეპროგრამების შედეგების შეფასების მიზნით საჭირო ინფორმაციის მოძიება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების სტრატეგიული მიზნების შესრუ­ლებაზე გავლენის შეფასება;

ზ) მინისტრის დავალების შესაბამისად, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების პროგრამების/ქვეპროგრამების მიმდინარეობის მონი­ტორინგი და ანგარიშის წარმოდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორ­­ციელება.


მუხლი 12. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსე­ბული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსე­ბულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკო­მენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე ობიექტური საკონსულ­ტაციო საქმიანობის განხორციელება მაძიებელის სპეციფიკური მოთხოვნის შესაბა­მისად რჩევის, ფასილიტირების და სწავლების გზით;

თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროსა და სა­მინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმ­დეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტრო­ლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკი­დებ­ლობის პრინციპებს;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორ­ციელება.


მუხლი 13. იურიდიული სამსახური
იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა და ამ მიზნით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებიდან, სხვადასხვა უწყე­ბი­დან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნ­ველ­ყოფა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

დ) დამოუკიდებლად ან/და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედა­ნაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორციელება.


მუხლი 14. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური
საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის ძირითადი ამოცა­ნებია:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგა­რიშ­გე­ბის წარმოება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი;

გ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;

დ) სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რე­სურ­სების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი;

ე) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ხარჯების მიზნობრიობის დამა­დას­ტურებელი აუცილებელი დოკუმენტაციის სამსახურში მიღება და დაფინანსების ორგანიზება;

ვ) სამინისტროს აპარატისა და ნაერთი კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;

ზ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორციელება.


მუხლი 15. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური
ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა;

ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ერთიანი ბიუჯეტების პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა;

დ) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პრო­ექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საშუალო­ვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ვ) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზ­რუნ­ველყოფა;

ზ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისა და სამი­ნისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ  მომზადებული/წარმოდგენილი პროგ­რამებისა და ქვეპროგრამების შესრულების შესახებ ანგარიშების, პროგრა­მების/­ქვე­პროგრამების განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულთან/დაწესებულებასთან კოორდინაციით განხილვის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადების და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგა­რიშ­გება;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორციელება.


მუხლი 16. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები.

2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინა­დადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები უნდა წარედგინოს მინისტრს.

5. საჯარო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად ინიშნება მისი თანხმობით.


მუხლი 17. სამინისტროს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი 
სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 18. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.