ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.025794
245
03/06/2026
ვებგვერდი, 04/06/2026
040090000.10.003.025794
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2026  წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 21-ე მუხლის 5¹ პუნქტისა და 24³ მუხლის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ი“ და „ჰ³“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე ამ დადგენილების მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში  საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაფორმებულ/გასაფორმებელ ხელშეკრულებებსა და გამოცხადებულ/გამოსაცხადებელ ტენდერებზე.
მუხლი 3
სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებების შემდეგ შემსყიდველებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ მოქმედ ხელშეკრულებებში ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ასახვა.

 

მუხლი 5
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (შემდგომში − საქსტატი)  უზრუნველყოს თანმდევი პროცედურების დანერგვა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაციის დაანგარიშება (ფასთა ინდექსაციის კალკულატორი);

ბ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდგომში − ბიურო) ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს ფასთა ინდექსაციას დაქვემდებარებული კომპონენტის (დიზელი) პროპორციის (ხვედრითი წილის) დაანგარიშება/დადასტურება. ბიუროს მიერ ფასთა ინდექსაციას დაქვემდებარებული კომპონენტის (დიზელი) პროპორცია (ხვედრითი წილის) დაანგარიშებულ უნდა იქნეს ბიუროს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მანქანა-მექანიზმების მუშაობისათვის განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად.

მუხლი 6
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის განსაზღვრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი მისი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 7
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ფასთა ინდექსაციით ანაზღაურების მიღების შემთხვევაში იმავე საფუძვლით „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ −  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაყენება დაუშვებელია.
მუხლი 8
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ფასთა ცვლილებით (ინდექსაციით) გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება უკვე ხორციელდება საქართველოს მთავრობის სხვა აქტით განსაზღვრული პირობებისა და მექანიზმების საფუძველზე.
მუხლი 9
ეთხოვოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინება.
მუხლი 10
მიმწოდებელი ვალდებულია მიმართოს საქსტატს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლში განსაზღვრული დასკვნის მიღების მიზნით.
მუხლი 11
მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილების მე-10 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები (პირგასამტეხლო ან/და ხელშეკრულების შეწყვეტა).
მუხლი 12
2027 წლის 1 იანვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დროებითი წესის შესაბამისად.
მუხლი 13
ამ დადგენილების მე-12 მუხლით გათვალისწინებული დროებითი წესი ვრცელდება:

ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში 2026 წლის 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე;

ბ) 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე;

გ) მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.

მუხლი 14
ამ დადგენილების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია ამავე დადგენილების ამოქმედებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს ხელშეკრულებაზე ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დროებითი წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ ვრცელდება.
მუხლი 15
ამ დადგენილების მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს ხელშეკრულებაზე ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დროებითი წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ ვრცელდება.
მუხლი 16
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის ძირითადი დებულებები ვრცელდება 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე.
მუხლი 17
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფარგლებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლებს, პრინციპებსა და წესს.

2. ამ წესის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფასთა ცვლილებით (ინდექსაციით) გამოწვეული ხარჯების ანაზღაურების საფუძვლებისა და პრინციპების განსაზღვრა.

 

მუხლი 2. ფასთა ინდექსაციის გამოყენების პირობები

1. ამ წესის მიზნებისათვის ფასთა ინდექსაცია არის მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა ამ წესით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

2. ამ წესით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია ხორციელდება 2027 წლის პირველი იანვრიდან გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე (შემდგომში − საინდექსაციო პერიოდი).

3. ფასთა ინდექსაცია არ ვრცელდება:

ა) მიმწოდებლის ბრალით, ვადაგადაცილებულ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე;

ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ/შესასყიდ სამუშაოებზე;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინდექსაციო პერიოდის გარდა სხვა პერიოდზე;

დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე;

ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წესებით გამოცხადებულ ტენდერებზე;

ვ) ხელშეკრულებებზე, რომლის სამუშაოების შესრულების ვადა 12 თვე ან ნაკლებია.

4.  ფასთა ინდექსაცია ხორციელდება მხოლოდ იმ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სამუშაოების დაწყებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ. ინდექსაცია ხორციელდება 12 თვის გასვლის შემდეგ ყოველთვიურად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფასთა ინდექსაცია ხორციელდება მხოლოდ იმ ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელშიც სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად გათვალისწინებულია ყოველთვიური გეგმა-გრაფიკი.

6. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა აღემატება 12 თვეს და მიმწოდებელი უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 12 თვეში ან ნაკლებ ვადაში, ფასთა ინდექსაცია, ამ წესით დადგენილი პრინციპებისა და პირობების შესაბამისად, გავრცელდება ბოლო თვე(ებ)ში ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე იმ თვეების რაოდენობის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასრულების ვადასა და 12 თვეს შორის.  აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელს არ დაეკისრება ფასთა ინდექსაციით გამოწვეული უარყოფითი სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 3. ფასთა ინდექსაციის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წეს

1. ფასთა ინდექსაციისათვის გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში – საქსტატი) მიერ დადგენილი  შესაბამისი ინდექსი (მშენებლობის ღირებულების ინდექსი).

2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაზისოდ გამოიყენება ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე. აღნიშნული თვით განისაზღვრება ინდექსის საბაზისო პერიოდი და, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში არსებული საბაზისო ინდექსი არის 100 (შემდგომში – საბაზისო ინდექსი).

3. ფასთა ინდექსაცია არ ვრცელდება შრომის ანაზღაურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობის ფარგლებში.

4. ფასთა ინდექსაცია შეეხება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 60%-ს (შემდგომში – საინდექსაციო თანხის ოდენობა).

5. ამ მუხლის შესაბამისად, ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, საქსტატის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით, საბაზისო ინდექსთან მიმართებაში ყოველთვიურად დადგენილი შესაბამისი ინდექსის მეშვეობით.

6. ამ წესით განსაზღვრულ საინდექსაციო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების პერიოდის ბოლო დღიდან 49 დღით ადრე, საქსტატის მიერ საბაზისო ინდექსთან მიმართებაში შესაბამისი თვის დადგენილი ინდექსის მიხედვით.

7. ამ წესის მიზნებისათვის ანაზღაურების საფუძველია, მიმწოდებლის მიერ დამკვეთისათვის საქსტატის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა, ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ფასთა ინდექსაციის შედეგად მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი ღირებულების გაზრდა/შემცირება თანხის მითითებით.

9. საქსტატისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

10. მიმწოდებლის მიერ საქსტატისათვის არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველი უბრუნებს მიმწოდებელს დოკუმენტაციას კორექტირების მიზნით.

11. ხელშეკრულების ღირებულების ფასთა ინდექსაციის საფუძველზე გაზრდის შემთხვევაში მიმწოდებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი საავანსო გადახდა აღნიშნული ზრდით განსაზღვრული თანხის ნაწილზე.

12. შემსყიდველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობის გაზრდა ხელშეკრულების ღირებულების ზრდის ოდენობის პროპორციულად, რომელიც განპირობებულია ფასთა ინდექსაციით.

13. ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს დაუბრუნოს ფასთა ინდექსაციის შედეგად ანაზღაურებული გაზრდილი ღირებულება.

 

მუხლი 4. გარდამავალი დებულებებ

1. 2027 წლის 1 იანვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად:

ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში 2026 წლის პირველი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე;

ბ) 2026 პირველი ივნისიდან 2027  წლის პირველ იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე;

გ) მიმდინარე და 2026 წლის პირველ ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია არ ვრცელდება:

ა) მიმწოდებლის ბრალით, ვადაგადაცილებულ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე;

ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ/შესასყიდ სამუშაოებზე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინდექსაციო პერიოდის გარდა სხვა პერიოდზე;

დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე;

ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წესებით გამოცხადებულ ტენდერებზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაციისათვის გამოიყენება საქსტატის მიერ დადგენილი  შესაბამისი ინდექსი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება 2025 წლის დეკემბრის თვე. აღნიშნული თვით განისაზღვრება ფასის საბაზისო პერიოდი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციას დაექვემდებარება შემდეგი ორი კომპონენტი: ბიტუმი და დიზელი.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ/გასაფორმებელ ხელშეკრულებებში, აგრეთვე 2027 წლის პირველ იანვრამდე გამოცხადებულ და გამოსაცხადებელ ტენდერებში, უნდა განისაზღვროს ფასთა ინდექსაციას დაქვემდებარებული თითოეული კომპონენტის პროპორცია (ხვედრითი წილი). დიზელის წილის  დაანგარიშება თითოეულ პროექტში უნდა დადასტურდეს/დაანგარიშდეს  სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ამასთან, უნდა განისაზღვროს ფიქსირებული კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს სახელშეკრულებო ღირებულების არაკორექტირებად ნაწილს, ხოლო მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში 85% წარმოადგენს ხელშეკრულების არაკორექტირებად ნაწილს და დარჩენილი 15% წარმოადგენს ინდექსაციას დაქვემდებარებულ (კორექტირებად) ნაწილს.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის ფასთა ინდექსაციის გაანგარიშება განხორციელდება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: Pn = a + b Ln/ Lo + c En/Eo, სადაც:

 

„Pn” არის მაკორექტირებელი მამრავლი, რომელიც უნდა მიუყენდეს “n” პერიოდში შესრულებულ სამუშაოებს;

„a” არის ფიქსირებული კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს სახელშეკრულებო ღირებულების არაკორექტირებად ნაწილს;

„b”, „c”, არის ინდექსაციას დაქვემდებარებული კომპონენტების პროპორცია (ხვედრითი წილი);

„Ln”, „En”, წარმოადგენს მიმდინარე (საანგარიშო) პერიოდის  49 დღით ადრე თარიღისთვის არსებულ ფასებს „n” პერიოდისთვის;

„Lo”, „Eo”, წარმოადგენს საბაზისო პერიოდის ფასებს.

8. მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში (რომელიც არ გულისხმობს მშენებლობას, რეაბილიტაციას, მოდერნიზაციას, რეკონსტრუქციას), ამ მუხლით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაციის დაანგარიშება განხორციელდება საქსტატის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდექსის გამოყენებით (მშენებლობის ღირებულების ინდექსი).

9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფასთა ინდექსაციას წარმოადგენს მიმწოდებელი/ზედამხედველი, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამ მუხლით გათვალისწინებული ფასების განსაზღვრისათვის გამოყენებული მონაცემების სისწორეზე და სისრულეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

10. ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 − მე-13 პუნქტები ვრცელდება აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ფასთა ინდექსაციაზე დაქვემდებარებული კომპონენტების ფასების განსაზღვრისათვის გამოიყენება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი ინდექსები.