დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.22.034.017745 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის მე-15 ნაწილის, „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №584 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტითა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესს, პირობებსა და პროცედურებს. 2. ეს წესი ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის ნორმა დადგენილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 2. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის შემოწმება 1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური ექვემდებარება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ნორმასთან შესაბამისობის საგზაო მოძრაობის პირობებში შემოწმებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი (შემდგომ − უფლებამოსილი პირი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული პორტატული აპარატით. 3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ხმაურის დასაშვებ ნორმას, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შემოწმების მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება მოიცავს: ა) სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციას; ბ) სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას. 5. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია წარმოადგენს შემოწმების მოსამზადებელ ეტაპს, რომლის დროსაც: ა) დგინდება სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი; ბ) მოწმდება მიღებული შედეგებისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენილ რეგისტრაციის მოწმობაში მოყვანილი მონაცემების შესაბამისობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში დაცულ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებთან. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების თაობაზე; ბ) მოთხოვნისთანავე უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არაა, თუ სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა; გ) ხელი არ შეუშალოს უფლებამოსილ პირს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვის პროცესში და შეასრულოს მისი მითითებები.
მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვის პირობები 1. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე, ვიზუალური დათვალიერებით უნდა გამოირიცხოს ხმაურის მზომი პორტატული აპარატის მექანიკური დაზიანების კვალი, ხოლო გაზომვამდე და გაზომვის შემდეგ ხმაურის მზომი პორტატული აპარატი უნდა დაკალიბრდეს. 2. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე, უნდა გაიზომოს ფონური ხმაური. თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურსა და ფონურ ხმაურს შორის სხვაობა 10 დეციბალზე ნაკლებია, გაზომვის შედეგები სარწმუნო არ არის. 3. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვა უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ტემპერატურა მერყეობს -10°C-დან +50°C-მდე. 4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვისას გაითვალისწინება, ძლიერი ქარი, ნალექი, ხმაურის ამრეკლი ზედაპირები ან/და სხვა ისეთი გარემო პირობები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გაზომვის შედეგების სიზუსტესა და სანდოობაზე.
მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვის პროცედურა 1. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვისას ხმაურის მზომი პორტატული აპარატის მახლობლად არ უნდა იყოს დაბრკოლება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბგერის ველზე. ხმაურის მზომი პორტატული აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს ქარისგან დამცავი ღრუბლით. 2. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური იზომება სატრანსპორტო საშუალების სტაციონარულ მდგომარეობაში. მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვისას ხმაურის მზომი პორტატული აპარატი განთავსდეს უძრავად, სატრანსპორტო საშუალების მაყუჩის სიმაღლეზე, მაგრამ მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 0.2 მეტრის სიმაღლეზე და სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან 0.5 ±0.01 მ დაშორებით, ისე რომ იქმნებოდეს 45°-იანი კუთხე. 3. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე უფლებამოსილმა პირმა გაზომვის მართვის მობილურ აპლიკაციაში უნდა ასახოს სატრანსპორტო საშუალების შემდეგი მონაცემები: ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); ბ) მარკა; გ) მოდელი; დ) გამოშვების წელი; ე) მაყუჩების რაოდენობა; ვ) ძრავის ცილინდრების რაოდენობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძრავის ცილინდრების რაოდენობას უფლებამოსილი პირი გადაამოწმებს ღია წყაროებში, საჯაროდ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. 5. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე, სატრანსპორტო საშუალების ძრავის ბრუნების სიხშირის (RPM) დეტექტორი სატრანსპორტო საშუალებას უკავშირდება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით: ა) საბორტო დიაგნოსტიკური სისტემის (OBD) კონექტორის სატრანსპორტო საშუალების შესაბამის პორტში შეერთებით; ბ) ინდუქციური კლემპის ან მაგნიტური დეტექტორის მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის გათვალისწინებით, საბორტო დიაგნოსტიკური სისტემის (OBD) კონექტორი მიუწვდომელია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მეთოდით ძრავის ბრუნების სიხშირის (RPM) დეტექტორის სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირების შემდეგ გაზომვის მართვის მობილური აპლიკაცია უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებას. 7. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური იზომება სატრანსპორტო საშუალების ძრავის შესაბამისი ბრუნვათა რიცხვის პირობებში, ბრუნვის მთვლელზე (ტახომეტრზე) ნაჩვენები მაქსიმალური ბრუნვათა რიცხვის ნახევრამდე, თუ ბრუნვის შემზღუდველი მანამდე არ ამოქმედდება (არ დაიბლოკება), გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. იმ სატრანსპორტო საშუალების, რომლის მაქსიმალური ძრავის ბრუნვათა რიცხვი 5 000 ბრ/წთ-ზე ნაკლებია, ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური გაიზომება სატრანსპორტო საშუალების ძრავის შესაბამისი ბრუნვათა რიცხვის პირობებში, ბრუნვათა რიცხვის 75%-მდე. 9. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული აქვს რამდენიმე მართვის რეჟიმი, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვა უნდა განხორციელდეს იმ მართვის რეჟიმში, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას მაქსიმალური ხმაურის წარმოქმნას უზრუნველყოფს. 10. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური იზომება ძრავის მუშა მდგომარეობაში და სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებას უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ახორციელებს. 11. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე უნდა გაიზომოს ზედიზედ სამჯერ. საბოლოო შედეგად განისაზღვრება სამი თანმიმდევრული გაზომვის შედეგად, გაზომვის მართვის მობილურ აპლიკაციაში დაფიქსირებული საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი (დეციბალი), რომელსაც ხმაურის მზომი პორტატული აპარატი ავტომატურად ითვლის. 12. თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სამი თანმიმდევრული გაზომვის შედეგებს შორის სხვაობა აღემატება 2 დეციბალს, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური გაიზომება ხელახლა. 13. იმ სატრანსპორტო საშუალების, რომლის გამონაბოლქვი სისტემა აღჭურვილია ერთმანეთისგან 0,3 მეტრზე მეტი მანძილით დაშორებული ორი ან მეტი მაყუჩით, ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური გაიზომება თითოეულ მაყუჩთან ცალ-ცალკე, ამ მუხლით დადგენილი წესით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვის საბოლოო შედეგად განისაზღვრება თითოეული მაყუჩისთვის მიღებულ მაჩვენებლებს (დეციბალებს) შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (დეციბალი). 15. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაზომვის შედეგები ამოიბეჭდება და საჯარიმო ქვითართან ერთად გადაეცემა სამართალდამრღვევს.
მუხლი 5. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შეუსაბამობა და პასუხისმგებლობა 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვის შედეგები და სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები