დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016965 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინვესტიციების სააგენტოს დებულება“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №1-1/172 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინვესტიციების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. სააგენტო თავისი საქმიანობისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინვესტიციების სააგენტოს დებულებაში“ (შემდგომში − დებულება) გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით. მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები 1. სააგენტო ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) უზრუნველყოფს პრიორიტეტული სექტორების შერჩევასა და ამ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერასა და რეინვესტირების ხელშეწყობას; გ) უზრუნველყოფს პოტენციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერას; დ) უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების განხორციელებას; ე) უზრუნველყოფს საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოებას, ქვეყნის ფარდობითი უპირატესობების განსაზღვრას, პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებას და ახალი სექტორების შესწავლა/შეთავაზებას, საინვესტიციო პოტენციალის გამოვლენის მიზნით; ვ) საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით უზრუნველყოფს საინვესტიციო და საექსპორტო, მათ შორის, საერთაშორისო ღონისძიებების/მარკეტინგული აქტივობების ორგანიზებასა და მათში მონაწილეობის მიღებას; ზ) უზრუნველყოფს საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებას და აღნიშნულ ბაზრებზე შესვლის მიზნით შესაბამისი საერთაშორისო გამოფენების და ე.წ „Trade Show“-ების ორგანიზებას ან/და ამ აქტივობებში მეწარმეების მონაწილეობის ხელშეწყობას; თ) ექსპორტიორი კომპანიებისათვის კონსულტაციების გაწევას და სექტორული პორტფელების მართვას. 2. სააგენტო ახორციელებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს: ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზებას; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში; ბ) აფასებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მას უწევს დახმარებას საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში; დ) ახდენს შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას; ე) ქმნის და მართავს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზას; ვ) მონაწილეობას იღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში; ზ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში − მინისტრი). 2. თავმჯდომარე: ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; ბ) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს სააგენტოს სახსრებს; დ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით; ვ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს; თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ი) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; ასევე, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს თავმჯდომარის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს; მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე, მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეთა შორის უფლებამოსილებებს და ფუნქციებს ანაწილებს თავმჯდომარე თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი. 5. თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მის მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ან სააგენტოს თანამშრომელი. მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია 6 დეპარტამენტი. 3. სააგენტოში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები: ა) ინვესტიციების დეპარტამენტი; ბ) ექსპორტის დეპარტამენტი; გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის დეპარტამენტი; დ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ვ) კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დეპარტამენტები ექვემდებარება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კურატორ მოადგილეს. მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ინვესტიციების დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ორი მიმართულებით: ა) უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; ბ) ინვესტიციების მხარდაჭერა. 2. ინვესტიციების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ბ) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზების მიზნით ინვესტორებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ბიზნესასოციაციებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგრეთვე საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება; გ) პრიორიტეტული სექტორების მიხედვით პოტენციური ინვესტორი კომპანიების იდენტიფიცირება, დაკავშირება, საინვესტიციო შესაძლებლობების/პროექტების პრეზენტაცია, კომპეტენციის ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოება, აგრეთვე არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერა და საქართველოში რეინვესტირების შეთავაზება; დ) დაინტერესებული ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, კატეგორიზაცია, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება. 3. ექსპორტის დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ორი ძირითადი მიმართულებით: ა) ექსპორტის წახალისება; ბ) საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება. 4. ექსპორტის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა; ბ) საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირება და ამ ბაზრებზე შესვლის მიზნით საერთაშორისო გამოფენების, ე.წ „Trade Show“-ების, B2B შეხვედრების, სავაჭრო მისიებისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება ან/და მათში კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობა; გ) ექსპორტიორი კომპანიებისათვის კონსულტაციების გაწევა; დ) საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და კომპანიების პორტფელის შექმნა და მართვა; ე) ადგილობრივი პროდუქტებისა და სერვისების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შეფასება. 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსთვის დახმარების გაწევა შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; დ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება. 6. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნისა და სააგენტოს დადებითი იმიჯის ზრდის ხელშეწყობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებით სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება; დ) მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, აგრეთვე სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების, შეტყობინებების, საინფორმაციო ბიულეტენების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; ე) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება. 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი შესრულების კოორდინაცია; ბ) სააგენტოს ფინანსური, ბუღალტრული და შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვა და მართვა; გ) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების რაციონალური და მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებით და ლოჯისტიკური მომსახურებით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა, დაცვა, ექსპლოატაცია და ამ ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (ქსელური მოწყობილობების მართვა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების სისტემური ადმინისტრირება); თ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი; ი) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. 8. კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) სააგენტოს პროგრამების/აქტივობების/ღონისძიებების შეფასების სისტემისა და შედეგების საზომი მაჩვენებლების შემუშავება, შედეგების პერიოდული გაზომვა, პროცესის უზრუნველყოფა და გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება; გ) საინვესტიციო, საექსპორტო და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროებთან დაკავშირებული ანალიტიკური კვლევების საჭიროების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და განხორციელება; დ) სააგენტოს ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა. მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 8. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური პირების და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. მუხლი 9. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს/გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) სესხის აღება; ბ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ე) თავდებობა; ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 10. საბუღალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 11. სააგენტოს წლიური ანგარიში სააგენტო უზრუნველყოფს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც ასევე წარედგინება მინისტრს. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13. დასკვნითი დებულებები სააგენტოს დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები