დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480430000.10.003.025910 |
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.
|
| მუხლი 2 |
სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ“ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
თავი I. ზოგადი დებულება
|
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ა) პროგრამა − საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა; ბ) კორპორაცია − სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“; გ) საბჭო − სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო“; დ) საინვესტიციო ფონდი − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ავტორიზებული, აღიარებული, რეგისტრირებული ან/და უცხოური საინვესტიციო ფონდი; ე) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ლიცენზირებული, რეგისტრირებული, უცხოური ან/და აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია; ვ) მცირე და საშუალო ზომის საწარმო/მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს; ზ) მოზიდული კაპიტალი (Committed Capital) − თანხა, რომლის საინვესტიციო ფონდის კაპიტალში შეტანის ვალდებულებას იღებს პარტნიორი; თ) სამიზნე კაპიტალი (Target Fund Size) – საინვესტიციო ფონდის მიერ განსაზღვრული სავარაუდო კაპიტალის მოცულობა, რომლის მოზიდვა იგეგმება საინვესტიციო ფონდის კაპიტალის საბოლოო ფორმირების/ფონდის დახურვის (Final Closing) ეტაპზე; ი) ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი; კ) ურთიერთდამოკიდებული პირი − „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები. მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა 1. პროგრამის მიზანია საინვესტიციო ფონდების დაფუძნება და საქმიანობის სტიმულირება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. 2. პროგრამა მოიცავს შემდეგ ორ მიმართულებას: ა) საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ხელშემწყობი მექანიზმების მიმართულება: ა.ა) საინვესტიციო ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების თანადაფინანსების კომპონენტი; ა.ბ) საგარანტიო კომპონენტი; ა.გ) საინვესტიციო ფონდის მართვის საკომისიოს თანადაფინანსების კომპონენტი; ა.დ) ტექნიკური დახმარების კომპონენტი; ბ) საინვესტიციო ფონდის კაპიტალში ინვესტირების მიმართულება. 3. საინვესტიციო ფონდის კაპიტალში ინვესტირება ხორციელდება კორპორაციის მიერ აღნიშნული ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობით (ერთეულის ფლობით), „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 71 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. 4. საინვესტიციო ფონდი უფლებამოსილია, ისარგებლოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ან/და „ა.ბ“ ან/და „ა.გ“ ან/და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტით მხოლოდ ერთხელ. თავი II. საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ხელშემწყობი მექანიზმების მიმართულება მუხლი 3. საინვესტიციო ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების თანადაფინანსების კომპონენტი 1. საინვესტიციო ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების თანადაფინანსების კომპონენტის მიზანია საინვესტიციო ფონდების დაფუძნების ხელშეწყობა, დაფუძნებასთან დაკავშირებული ხარჯების (Initial Expenses) თანადაფინანსების გზით. 2. კომპონენტის ფარგლებში ასანაზღაურებელი ხარჯ(ებ)ის ტიპი განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ, საბჭოსთან შეთანხმებით. 3. კორპორაცია ახორციელებს, აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კომპონენტში ჩართვის შემდგომ, საინვესტიციო ფონდის დაფუძნებისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯ(ებ)ის 50%-ის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 300 000 ლარისა. 4. კომპონენტის ფარგლებში არ განხორციელდება იმ საინვესტიციო ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება, რომელიც დაფუძნებულია ბანკთან ურთიერთდამოკიდებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ. მუხლი 4. საგარანტიო კომპონენტი 1. საგარანტიო კომპონენტის მიზანია დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის ინვესტორებისთვის დანაკარგის (ზარალის) შემცირება იმ შემთხვევაში, როდესაც საინვესტიციო ფონდმა ვერ უზრუნველყო მოზიდული კაპიტალის ინვესტორებისთვის სრულად დაბრუნება. 2. საგარანტიო კომპონენტით სარგებლობას საინვესტიციო ფონდები/აქტივების მმართველი კომპანიები შეძლებენ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამაში − საკრედიტო საგარანტიო სქემაში“ შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ. მუხლი 5. საინვესტიციო ფონდის მართვის საკომისიოს თანადაფინანსების კომპონენტი 1. საინვესტიციო ფონდის მართვის საკომისიოს თანადაფინანსების კომპონენტის მიზანია საინვესტიციო ფონდისთვის ისეთი საოპერაციო ხარჯების შემსუბუქება, რომელსაც მოიცავს საინვესტიციო ფონდის მართვის საკომისიო. 2. კორპორაცია განახორციელებს საინვესტიციო ფონდის მართვის საკომისიოს (შემდგომში − საკომისიო) არაუმეტეს 50%-ის თანადაფინანსებას, თუმცა არაუმეტეს მოზიდული კაპიტალის: ა) წლიური 1.5%-ის ოდენობისა, თუ მოთხოვნის მომენტში ფონდის მოზიდული კაპიტალის მოცულობა 60 მილიონ ლარამდეა; ბ) წლიური 1%-ის ოდენობისა, თუ მოთხოვნის მომენტში ფონდის მოზიდული კაპიტალის მოცულობა 60-იდან 150 მილიონ ლარამდეა; გ) წლიური 0,7%-ის ოდენობისა, თუ მოთხოვნის მომენტში ფონდის მოზიდული კაპიტალის მოცულობა 150 მილიონი ლარი ან მეტია. 3. კორპორაცია განახორციელებს საინვესტიციო ფონდის კომპონენტში ჩართვის მომენტიდან მომდევნო 36 თვეზე დარიცხული და მომდევნო 40 თვეში მოთხოვნილი საკომისიოს თანადაფინანსებას. 4. კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ჯამური მაქსიმალური მოცულობა ერთი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში შეადგენს 3 მლნ ლარს. 5. კომპონენტის ფარგლებში აქტივების მმართველი კომპანია/საინვესტიციო ფონდი უფლებამოსილია, მიმართოს კორპორაციას თანხის ანაზღაურების მოთხოვნით ნებისმიერი, მაგრამ არაუმეტეს თვეში ერთხელ სიხშირით. ამასთან, კორპორაცია თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ფონდის ყველა პარტნიორის მხრიდან შესრულებულია მათი წილი საკომისიოს (კორპორაციის თანადაფინანსების გარეშე) გადახდის ვალდებულება საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად. 6. კორპორაციის მხრიდან თანადაფინანსება ხდება საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში მითითებულ ვალუტაში ან/და ეროვნულ ვალუტაში, თუმცა კორპორაციის მიერ თანადაფინანსების გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 7. კომპონენტის ფარგლებში არ განხორციელდება იმ პარტნიორის მიერ გადასახდელი მართვის საკომისიოს თანადაფინანსება, რომელიც არის ბანკი ან/და ბანკთან ურთიერთდამოკიდებული პირი. მუხლი 6. ტექნიკური დახმარების კომპონენტი (TA Facility) 1. ტექნიკური დახმარების კომპონენტი ითვალისწინებს საქართველოში დაფუძნებული იმ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე სუბიექტ(ებ)ისთვის ტრენინგის ან/და საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებას, რომელშიც საინვესტიციო ფონდმა განახორციელა ინვესტიცია ამ კომპონენტში ჩართვის შემდგომ. 2. კორპორაცია უფლებამოსილია, კომპონენტის ფარგლებში განსაზღვროს ასანაზღაურებელი ხარჯის ყველა ტიპი, მომსახურების სახეობები და ანაზღაურებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნები. 3. კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია ახორციელებს გასაწევი/გაწეული ხარჯის არაუმეტეს 50%-ის ანაზღაურებას. 4. ერთი მეწარმე სუბიექტისთვის, ტექნიკური დახმარების კომპონენტით რამდენჯერმე სარგებლობის შემთხვევაში კორპორაციის თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 ლარს. 5. ერთი საინვესტიციო ფონდისთვის კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 3 მილიონ ლარს. 6. კორპორაცია ახორციელებს კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსებას საინვესტიციო ფონდის კომპონენტში ჩართვის მომენტიდან არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში. მუხლი 7. პროგრამაში ჩართული საინვესტიციო ფონდის მიმართ მოთხოვნები 1. ამ თავის კომპონენტ(ებ)ში ჩართვის მსურველი საინვესტიციო ფონდი, ამ პროგრამის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართვისას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი; ბ) არის არაუმეტეს ორი წლის წინ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი, რომლის კორპორაციაში მიმართვის მომენტისთვის მოზიდული კაპიტალი არ აღემატება ფონდის სამიზნე კაპიტალის მოცულობის 50%-ს. აღნიშნული მოთხოვნა არ მოქმედებს პროგრამის მე-3 მუხლით განსაზღვრული კომპონენტისთვის, რადგან კორპორაციაში მიმართვისას საინვესტიციო ფონდი ჯერ არ უნდა იყოს დაფუძნებული; გ) საინვესტიციო ფონდის კაპიტალის არანაკლებ 80%-ის ინვესტირება განხორციელდება საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებში; დ) საინვესტიციო ფონდი არ მოახდენს ინვესტირებას იმ კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ ამ პროგრამის დანართ №1-ში ჩამოთვლილ ეკონომიკურ საქმიანობებს; ე) საინვესტიციო ფონდის კაპიტალის არანაკლებ 60%-ის ინვესტირება განხორციელდება კერძო კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით (Equity Investments). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის კომპონენტებში ჩართვისათვის დამატებით კრიტერიუმებს/მოთხოვნებს. 3. ამ თავის კომპონენტ(ებ)ში ჩართვის შესაძლებლობა აქვს იმ საინვესტიციო ფონდ(ებ)საც, რომელშიც კორპორაცია მონაწილეობას იღებს, ამ პროგრამის III თავის შესაბამისად. 4. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია დაარღვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კორპორაცია უფლებამოსილია, მისცეს საინვესტიციო ფონდს/აქტივების მმართველ კომპანიას გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კორპორაცია წყვეტს პროგრამის ფარგლებში მის მხარდაჭერას. დადგენილ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საინვესტიციო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია, სრულად დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხები. მუხლი 8. საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ხელშემწყობი მექანიზმების მიმართულების განხორციელების წესი 1. ამ თავის კომპონენტ(ებ)ში ჩართვის მსურველი საინვესტიციო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია მიმართავს კორპორაციას განაცხადით. 2. კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, ადგენს შემოსული განაცხადების შეფასების წესსა (მეთოდოლოგიას) და განაცხადის მიმართ მოთხოვნებს (მათ შორის, სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, მათი წარმოდგენის ფორმა და ა. შ.). ამასთან, კორპორაცია აკომპლექტებს განაცხადების შემფასებელ კომისიას, რომლის წევრებად ინიშნებიან კორპორაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 3. შემფასებელი კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართვიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, აფასებს შემოსულ განაცხადს, ამოწმებს საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის შესაბამისობას პროგრამის მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას საინვესტიციო ფონდის კომპონენტ(ებ)ში ჩართვის თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განაცხადის დადასტურების შემთხვევაში კორპორაციასა და საინვესტიციო ფონდს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კომპონენტის განხორციელების წესი და სხვა არსებითი პირობები. თავი III. საინვესტიციო ფონდის კაპიტალში ინვესტირების მიმართულება მუხლი 9. საინვესტიციო ფონდის კაპიტალში ინვესტირების მიმართულების მიზანი და მისი განხორციელების ეტაპები 1. საინვესტიციო ფონდის კაპიტალში ინვესტირების მიმართულების ფარგლებში, საინვესტიციო ფონდის კაპიტალში ინვესტირება ხორციელდება კორპორაციის მიერ აღნიშნული საინვესტიციო ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობით (ერთეულის ფლობით), „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 71 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. 2. ამ თავით განსაზღვრული მიმართულების განხორციელების ეტაპებია: ა) კორპორაციის მიერ აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან/საინვესტიციო ფონდ(ებ)ისგან განაცხადების მიღება, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს შემდეგი ორი ფორმით: ა.ა) კორპორაციის მიერ აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის/საინვესტიციო ფონდ(ებ)ის შერჩევის მიზნით, კონკურსის გამოცხადება; ან ა.ბ) აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო ფონდის მიერ კორპორაციისთვის საინვესტიციო ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის შეთავაზება; ბ) კორპორაცია ქმნის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოსული განაცხადების შემფასებელ კომისიას, რომლის წევრებად ინიშნებიან კორპორაციის, სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი წევრ(ებ)ი; გ) კომისიის მიერ, აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის/საინვესტიციო ფონდ(ებ)ის და მათ მიერ წარმოდგენილი წინადადების შეფასება; დ) კორპორაციასა და აქტივების მმართველ კომპანიას/კომპანიებს/საინვესტიციო ფონდ(ებ)ს შორის მოლაპარაკებების წარმოება: დ.ა) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში კომისიის შეფასების შედეგების საფუძველზე დგინდება რანჟირებული სია, საიდანაც კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, წყვეტს რამდენი აქტივების მმართველი კომპანია/საინვესტიციო ფონდი მოიწვიოს მოლაპარაკების ეტაპზე; დ.ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი შეთავაზების შემთხვევაში კომისიის მიერ აღნიშნული შეთავაზების შეფასების შედეგად წყდება აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო ფონდის მოლაპარაკების ეტაპზე მოწვევის საკითხი; დ.გ) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოლაპარაკებები შეეხება საინვესტიციო ფონდის დაფუძნებისა (იმ შემთხვევაში, თუ ფონდი ჯერ არ არის დაფუძნებული) და კორპორაციის აღნიშნულ ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის პირობებს; დ.დ) მოლაპარაკების ეტაპი უნდა იქნეს დასრულებული აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის/საინვესტიციო ფონდ(ებ)ის მოლაპარაკებაზე მოწვევის დღიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. კორპორაციის დირექტორი უფლებამოსილია, საბჭოსთან შეთანხმებით, გაახანგრძლივოს მოლაპარაკების ეტაპი არაუმეტეს 3 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ კორპორაციამ და აქტივების მმართველმა კომპანიამ/საინვესტიციო ფონდმა ამ ვადებში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, პროცესი წყდება; ე) მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია/საინვესტიციო ფონდი კორპორაციის მიერ დადგენილ ვადაში ვალდებულია წარუდგინოს კორპორაციას საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო ან/და კორპორაციის საინვესტიციო ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობისთვის განსაზღვრული სრული დოკუმენტაცია; ვ) კორპორაცია უზრუნველყოფს აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო ფონდის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის სამინისტროში წარდგენას შემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად; ზ) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოწონების შემთხვევაში კორპორაციას ეძლევა უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს დაფუძნებულ/დასაფუძნებელ საინვესტიციო ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით; თ) კორპორაციასა და აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო ფონდს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება კორპორაციის საინვესტიციო ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის შესახებ; ი) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ კორპორაცია საინვესტიციო ფონდის მრჩეველთა საბჭოში (Limited Partner Advisory Committee) ნიშნავს ერთ წარმომადგენელს. 3. კორპორაციის დირექტორი უფლებამოსილია, საბჭოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ − „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება პროცესის შეწყვეტის თაობაზე. 4. კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეტაპ(ებ)ის განხორციელების პირობებს, მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო ფონდის შერჩევის/შეფასების წესს, შეფასების კრიტერიუმებს, განსახორციელებელ პროცედურებს, ვადებს, კომისიის საქმიანობის წესსა და სხვა პირობებს. 5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საინვესტიციო ფონდისთვის შერჩეული აქტივების მმართველი კომპანია არის ბანკთან ურთიერთდამოკიდებული პირი, ასეთ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდმა არ უნდა განახორციელოს ინვესტირება ამავე ბანკთან ურთიერთდამოკიდებულ პირში. 6. საინვესტიციო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მასთან ურთიერთდამოკიდებული პირისაგან სესხის მიღება შეზღუდული ჰქონდეს კომპანიას, რომელშიც ის ან მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი ფლობს წილს. თავი IV. პროგრამის დაფინანსების წყარო და მონიტორინგი მუხლი 10. პროგრამის დაფინანსების წყარო და თანხების მართვის წესი 1. პროგრამის მიმართულებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ან/და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში კორპორაციის მიერ აკუმულირებული ფულადი რესურსი (საერთო სახსრები, სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების გარეშე) ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აკუმულირებული თანხები ან/და კორპორაციის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა სახსრები. 2. პროგრამაში აკუმულირებული თანხები არის ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ მიღებული ნებისმიერი შემოსავალი, აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო ფონდის მიერ კორპორაციისთვის დაბრუნებული თანხები, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ჩამორიცხული და აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო ფონდის მიერ პროგრამის ფარგლებში აუთვისებელი (გამოუყენებელი) თანხები. კორპორაცია უფლებამოსილია პროგრამაში აკუმულირებული თანხები გამოიყენოს ამ პროგრამის ან/და კორპორაციის წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად. 3. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ასევე შესაძლოა დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე (შემდგომში − ხაზინაში კორპორაციის შემოსავლების ანგარიში). 4. კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს პროგრამის წლიურ ბიუჯეტს. 5. ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული, კორპორაციის მიერ საინვესტიციო ფონდის კაპიტალში განსახორციელებელი შენატანებისთვის განკუთვნილი თანხის მობილიზების მიზნით: ა) იმავე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში − კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხების გადარიცხვას ხაზინაში კორპორაციის შემოსავლების ანგარიშზე; ბ) მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალიწინებული ასიგნებების ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩარიცხული თანხა სრულად არ არის საკმარისი განსახორციელებელი შენატანების შესასრულებლად, კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული თანხების გადარიცხვას ხაზინაში კორპორაციის შემოსავლების ანგარიშზე მომდევნო წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, სამინისტროს მიერ ამ ქვეპუნქტით მომდევნო წელს (წლებში) თანხის ხაზინაში კორპორაციის შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვა არ ჩაითვლება წინა პერიოდის ვალდებულებების დაფარვად. 6. ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით, საინვესტიციო ფონდის კაპიტალში შენატანის განხორციელების მიზნით, საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, კორპორაცია უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდისთვის მობილიზებული თანხებიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი მოთხოვნის სრულად დასაფარად, კორპორაცია უზრუნველყოფს საჭირო დამატებითი თანხის გადარიცხვას იმავე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრებიდან ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროებიდან. მუხლი 11. პროგრამის მონიტორინგი 1. კორპორაცია მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოფს საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. საინვესტიციო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულია ხელი შეუწყოს კორპორაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში. 2. პროგრამის ფარგლებში კორპორაცია უფლებამოსილია, საინვესტიციო ფონდისგან/აქტივების მმართველი კომპანიისგან მოითხოვოს განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. 3. თუ კორპორაციის მონიტორინგის შედეგად დადგინდა მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, კორპორაცია იმოქმედებს პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
დანართი №1
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები