„საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 480260000.10.003.025911
362
30/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
480260000.10.003.025911
„საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №362

2026 წლის 30 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ  უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 

 

საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ა) პროგრამა − საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა;

ბ) კორპორაცია − სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;

გ) საბჭო − სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო;

დ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ე) ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გაუფორმდა ხელშეკრულება;

ვ) ურთიერთდამოკიდებული პირები − ურთიერთდამოკიდებული პირები განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ, საბჭოსთან შეთანხმებით;

ზ) სამეურნეო წელი − ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

თ) შემოსავალი − მეწარმე სუბიექტის კალენდარული წლის ერთობლივი შემოსავალი, რომლის დადგენის წესი განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ;

ი) ინკოტერმსი − საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ შემუშავებული საერთაშორისო სავაჭრო პირობები − International Commercial Terms (Incoterms);

კ) საერთაშორისო ბაზარი − კორპორაციის დირექტორის მიერ, საბჭოსთან შეთანხმებით, დადგენილი იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც გაწეული/გასაწევი ლოგისტიკური ხარჯები ექვემდებარება პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებას;

ლ) პროდუქტი − კორპორაციის დირექტორის მიერ, საბჭოსთან შეთანხმებით, დადგენილი იმ პროდუქციის (საქონლის) ჩამონათვალი, რომლის მიმართ გაწეული/გასაწევი ლოგისტიკური ხარჯები ექვემდებარება პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებას.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის სტიმულირება, ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსების გზით.

2. სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსების ორ კომპონენტს:

ა) გადაზიდვის მომსახურების კომპონენტი;

ბ) სასაწყობო მომსახურების კომპონენტი.

3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორივე კომპონენტი (ერთდროულად ან ცალ-ცალკე), ამ პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში.

მუხლი 3. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტი

1. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას.

2. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარი თავად შეარჩევს გადამზიდ კომპანიას, რომლისთვისაც კორპორაცია, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს მომსახურების საფასურის ნაწილის (კორპორაციის წილის) ანაზღაურებას.

3. კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს გადაზიდვის საფასურის არაუმეტეს 50%-ს.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი პირველად ახორციელებს  პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე, კორპორაცია განახორციელებს თანადაფინანსებას გადაზიდვის საფასურის 100%-ის ოდენობით. ამასთან, გადაზიდვის მომსახურების კომპონენტში ჩართვამდე პროდუქციის სატესტო ნიმუშების გადაზიდვა არ მიიჩნევა საერთაშორისო ბაზარზე პირველად გატანად.

5. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ერთი ბენეფიციარისთვის გასაცემი/ გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

6. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ურთიერთდამოკიდებული პირებისთვის გასაცემი/გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

7. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში არ დაფინანსდება:

ა) ინკოტერმსის ის პირობა, რომელსაც კორპორაციის დირექტორი საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს;

ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული რეექსპორტი.

მუხლი 4. სასაწყობო მომსახურების კომპონენტი

1. სასაწყობო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე გატანილი პროდუქციის დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას.

2. სასაწყობო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯების 50%-ს.

3. სასაწყობო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ერთი ბენეფიციარისთვის გასაცემი/ გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

4. სასაწყობო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ურთიერთდამოკიდებული პირებისთვის გასაცემი/გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

5. სასაწყობო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში არ დაფინანსდება საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული რეექსპორტის შედეგად დასაწყობებული პროდუქცია.

მუხლი 5. ბენეფიციარის მიმართ მოთხოვნები

პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტი, პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართვისას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მეწარმე სუბიექტის წინა სამეურნეო წლის შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს;

ბ) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);

გ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

დ) მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინა სამეურნეო წლის შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს;

ე) მეწარმე სუბიექტის სესხმა/სალიზინგო პროექტმა არ განიცადა დეფოლტი „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებისა და „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილების ფარგლებში ან/და შეწყვეტილი აქვს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის  მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად;

ვ) არ აქვს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1239 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტების (ასევე დადგენილების 2025 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის 1234 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების) შესაბამისად შეწყვეტილი თანადაფინანსება;

ზ) არ არის რეგისტრირებული კორპორაციის ვადაგადაცილებულ დებიტორად ან/და მის წინააღმდეგ არ არის დაწყებული სამართლებრივი დავა.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების პროცესი

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი მიმართავს კორპორაციას განაცხადით.

2. კორპორაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, აფასებს შემოსულ განაცხადს, ამოწმებს ბენეფიციარის შესაბამისობას პროგრამის მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის პროგრამის შესაბამის კომპონენტ(ებ)ში ჩართვის თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კორპორაციის მიერ განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, განაცხადის დადასტურებიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში, კორპორაციასა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კომპონენტის განხორციელების წესი და სხვა არსებითი პირობები.

4. ბენეფიციარი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესაბამისად, მიმართავს კორპორაციას თანადაფინანსების თანხის ანაზღაურების მიზნით.

5. კორპორაციის დირექტორი უფლებამოსილია, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვროს:

ა) პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პირობები, მათ შორის,  თითოეული გადაზიდვისთვის განსაზღვრული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა;

ბ) ბენეფიციარის მიმართ დამატებითი კრიტერიუმები/მოთხოვნები;

გ) განაცხადისა და თანადაფინანსების ანაზღაურებისათვის სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა;

დ) კომპონენტების ადმინისტრირებისა და შემოსული განაცხადების შეფასების წესი (მეთოდოლოგია);

ე) კომპონენტ(ებ)ით სარგებლობის სხვა პირობები/მოთხოვნები, რაც არ არის დარეგულირებული ამ პროგრამით.

მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ან/და კორპორაციის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა სახსრები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე.

3. კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს პროგრამის (ყოველი კომპონენტის) წლიურ ბიუჯეტს.

4. პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ან/და დადასტურება შეჩერდება, თუ პროგრამის კომპონენტ(ებ)ის ფარგლებში კორპორაციის მიერ ასაღები ვალდებულებების მოცულობა გადააჭარბებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროგრამის ბიუჯეტის მოცულობას.

მუხლი 8. პროგრამის მონიტორინგი

1. კორპორაცია, მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ბენეფიციარი, თავის მხრივ, ვალდებულია, ხელი შეუწყოს კორპორაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში.

2. პროგრამის ფარგლებში კორპორაცია უფლებამოსილია, ბენეფიციარისგან მოითხოვოს კომპონენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

3. თუ კორპორაციის მონიტორინგის შედეგად დადგინდა მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული  სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, კორპორაცია იმოქმედებს პროგრამის  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.