მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის დადგენის შესახებ

მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016082
8
31/07/2026
ვებგვერდი, 03/08/2026
010220020.34.059.016082
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის დადგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8

2026 წლის 31 ივლისი

ქ. ბათუმი

 

მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის დადგენის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
დადგინდეს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 04/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016056).
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპაატა კეშელავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე



დანართი
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი

პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (შემდგომ უსკო) წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 3000 ამომრჩევლის სია, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს უსკოს შესაბამისი დეპარტამენტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და ამ წესით დადგენილ ვადაში.

მხარდამჭერთა სიები უსკოში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება როგორც უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის, ისე პარტიის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.

მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი პარტიის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდეგაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:

1. მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს უსკოს მიერ განკარგულებით დადგენილი ნიმუშის ბლანკზე.

1.1. უსკოში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენილი ხელმოწერების შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები, ხელმოწერათა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.

1.2. ბლანკის მე-2 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი (ჯერ სახელი, შემდეგ გვარი) ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის:

ა) მხოლოდ სახელი;

ბ) მხოლოდ გვარი;

გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი;

დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი;

ე) მხოლოდ ინიციალები.

1.3. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი, თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით). (მაგ: 29.02.2001).

1.4. ბლანკის მე-4 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი 11-ნიშნა ნომერი.

1.5. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული  ხელმოწერის თარიღი (მაგ: 12.03.2005), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოს შესაბამის დეპარტამენტში.

1.6. ბლანკის მე-6 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.

1.7. უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში.

1.8. უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებისას, მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული მონაცემები, დამატებით გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში.

1.9. იმ შემთხვევაში, თუ მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული არ არის, ან არასრულად ან არასწორადაა მითითებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლის რომელიმე მონაცემი, აღნიშნული სტრიქონი გადაიხაზება და ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება, ხოლო ბლანკზე მიეთითება დარჩენილ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა.

1.10. „პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი (ჯერ სახელი, შემდეგ გვარი); საქართველოს მოქალაქის პირადი 11-ნიშნა ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.

1.11. ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში, აღნიშნულ ბლანკზე შესრულებული ხელმოწერები მთლიანად ბათილდება, გადაეხაზება ჯვარედინი ხაზი და ზედ დაეწერება „0“.

2. ყველა აღნიშნული ქმედების შემდეგ, უნდა დაითვალოს შემოწმების შედეგად დარჩენილი ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა და შედგეს აქტი.

3. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე.

4. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და მას ხარვეზების შესავსებად 3 (სამი) დღის ვადა ეძლევა. მას ასევე გადაეცემა ახალი ბლანკი. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის წარმომადგენლის ხელმოწერით ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ასევე ინახება უსკოს შესაბამის დეპარტამენტში.

5. კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი შესწორებული/დადგენილ ოდენობამდე შესავსებად აუცილებელი ხელმოწერები კვლავ მოწმდება ზემოთ აღნიშნული წესით. ბლანკზე მითითებული ხელმოწერის თარიღი უნდა ემთხვეოდეს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების შესწორების შედეგად გაბათილებული ნაწილის გადაცემისა და შესწორებული სიების შემოტანის თარიღს შორის პერიოდს.

6. თუ შემოწმების შემდეგ, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი ამზადებს დასკვნას პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - დასკვნას კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.