დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016868 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ
|
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ცალ-ცალკე მოხსენიებული როგორც „მხარე“ და ერთობლივად როგორც „მხარეები“;
ხაზგასმით აღნიშნავენ რა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში ჩამოყალიბებულ წარმატებულ გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება სოლიდარობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პრინციპებს, მათ შორის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკული ტრანზიტის პროექტების განხორციელებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონული ელექტროენერგიის ბაზრის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მიწოდების დივერსიფიკაციას, აგრეთვე, საქართველოს შიდა ბაზრისთვის ელექტროენერგიის მიწოდების სფეროში თანამშრომლობას; აცნობიერებენ რა იმ ფაქტს რომ ენერგეტიკის სფეროში მათი უწყვეტი განვითარება და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეთა კომერციულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს; ხაზს უსვამენ რა მხარეთა წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროსა და პროექტებში, მათ შორის ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პროექტებში შესაბამის სუბიექტებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკაში, ისე ორივე ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში; ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს რომ მხარეები აპირებენ გააგრძელონ საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება და ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის რესპუბლიკაში მიწოდების მიზნით, მათ შორის ახალი გრძელვადიანი ელექტროენერგიის მიწოდებისა და შესყიდვის შეთანხმების („ESPA“), ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების შეთანხმების („ETSA“) და ელექტროენერგიის ტრანზიტის გადახრების შეთანხმების („ETDA“) გაფორმებით; და ადასტურებენ რა იმ ფაქტს რომ საერთო ინტერესებისა და უწყვეტი თანამშრომლობის მხარდასაჭერად მხარეები აპირებენ უზრუნველყონ დამატებითი ჩარჩო, რომელიც დაეხმარება და მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდებასა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტს აღნიშნული შეთანხმებების საფუძველზე. შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
განსაზღვრებები (a) ამ შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს, მათ შორის პრეამბულაში მოცემულ ტერმინებს, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა: „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მისი ცვლილებებითა და შესწორებებით, ამ შეთანხმების მე-6 მუხლის (c) პუნქტის შესაბამისად; „ელექტროენერგია“ ნიშნავს განსაკუთრებული ტიპის რესურსს, რომლის წარმოება და მოხმარება ერთდროულად მიმდინარეობს და რომლის პარამეტრები დამოკიდებულია ერთიანი წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის ოპერირების რეჟიმებზე; „ESCO“ ნიშნავს სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, რომელიც სრულად ეკუთვნის საქართველოს და კონტროლდება მის მიერ; „GSE“ ნიშნავს სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, რომელიც სრულად ეკუთვნის საქართველოს, კონტროლდება მის მიერ და ფუნქციონირებს, როგორც გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორი საქართველოში; „შესყიდვის სუბიექტი“ ნიშნავს ESCO-ს, როგორც ელექტროენერგიის მყიდველს ESPA-ს ფარგლებში; „გაყიდვის სუბიექტი“ ნიშნავს SOCAR-ს, როგორც გამყიდველს ESPA-ს ფარგლებში და ასევე გადამზიდავს როგორც ETSA-ს ფარგლებში; „SOCAR“ ნიშნავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, რომელიც სრულად ეკუთვნის აზერბაიჯანის რესპუბლიკას და კონტროლდება მის მიერ; „ტრანზიტის სუბიექტი“ ნიშნავს GSE-ს, რომელიც მოქმედებს ETSA-ს ფარგლებში ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებლად. (b) SOCAR-ზე, GSE-ზე, ESCO-ზე, ტრანზიტის სუბიექტზე, შესყიდვის სუბიექტსა და გაყიდვის სუბიექტზე მითითებები, ასევე, მოიცავს მათ სამართალმემკვიდრეებს. მუხლი 2 კომპეტენტური ორგანოები ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები განსაზღვრავენ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს: (i) საქართველო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. (ii) აზერბაიჯანის რესპუბლიკა: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს. მუხლი 3 ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა და ტრანზიტი (a) მხარეები უზრუნველყოფენ, რომ: (i) SOCAR-მა და ESCO-მ დადონ ESPA, ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ოცწლიანი ვადით; (ii) SOCAR-მა და GSE-მ დადონ ETSA ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ტერიტორიის გავლით 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ოცწლიანი ვადით; (iii) SOCAR-მა და ESCO-მ დადონ ETDA ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ტერიტორიის გავლით 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ოცწლიანი ვადით. (b) ESPA-ს, ETSA-სა და ETDA-ს ძალაში შესვლისთანავე საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ვალდებულნი იქნებიან, შესაბამისად, უზრუნველყონ: (i) SOCAR-ის მიერ ESCO-თვის ელექტროენერგიის მიწოდება და ESCO-ს მიერ მისი შესყიდვა ESPA-ს ფარგლებში; (ii) GSE-მ უზრუნველყოს ელექტროენერგიის ტრანზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ტერიტორიის გავლით ETSA-ს შესაბამისად; (iii) ESCO-მ უზრუნველყოს ელექტროენერგიის გადახრებისათვის საჭირო მომსახურების გაწევა ETDA-ს შესაბამისად. (c) მხარეები ამით უფლებამოსილებას ანიჭებენ SOCAR-ს, ESCO-ს, GSE-ს და მათ შესაბამის შვილობილ კომპანიებს, აწარმოონ მოლაპარაკებები და დადონ ამ მუხლის (a) პუნქტის (i)–(iii) ქვეპუნქტებში მითითებული შეთანხმებები. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის პირობები განისაზღვრება შესაბამის შემთხვევაში ESPA-ში, ETSA-სა და ETDA-ში. (d) საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფენ, შესყიდვის სუბიექტის, ტრანზიტის სუბიექტისა და გაყიდვის სუბიექტის მხრიდან ყველა ვალდებულების შესრულებას ESPA-ს, ETSA-ს და ETDA-ს (შესაბამის შემთხვევაში) ფარგლებში და იღებენ ვალდებულებას განახორციელონ მათი ქვეყნების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება, ამ შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. მუხლი 4 სამთავრობო ხელშეწყობა თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მისმა სახელმწიფო ორგანოებმა, რომელთაც გააჩნიათ მარეგულირებელი, ადმინისტრაციული ან სხვა სამთავრობო უფლებამოსილება, აღნიშნული უფლებამოსილება განახორციელონ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, შეფერხებებისა და საოპერაციო სირთულეების თავიდან აცილების მიზნით. მუხლი 5 მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა (a) ეს შეთანხმება რეგულირდება საერთაშორისო საჯარო სამართლის საფუძველზე. ეს შეთანხმება არ მოახდენს გავლენას იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშობა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეთა სახელმწიფოები. (b) მხარეები შეეცდებიან, მათ შორის არსებული დავები ამ შეთანხმების გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით, მოაგვარონ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით, ან დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 6 ძალაში შესვლა, ცვლილება და მოქმედების ვადის ამოწურვა (a) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. (b) ეს შეთანხმება ანაცვლებს მხარეებს შორის ადრე დადებულ ნებისმიერ ოქმს, მემორანდუმს, დეკლარაციას, შეთანხმებას ან ხელშეკრულებას, რომელიც დაკავშირებულია ESPA-სთან, ETSA-სთან და ETDA-სთან, იმ ფარგლებში, რამდენადაც ამგვარი ოქმი, მემორანდუმი, დეკლარაცია, შეთანხმება ან ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. (c) წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა მე-6 მუხლის (a) პუნქტის შესაბამისად. (d) ამ შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება: (i) 2047 წლის 1 იანვარს, ან (ii) იმ დღეს, როდესაც ESPA-ს, ETSA-სა და ETDA-ს საფუძველზე წარმოშობილი ყველა დარჩენილი უფლება და ვალდებულება (მხარეთა შორის მისი ცვლილებების ან გაგრძელების გათვალისწინებით) შესრულდება ან ამოიწურება – რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება. შესრულებულია 2026 წლის 18 მაისს, ქ. ბაქოში, ორ (2) დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები