დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016867 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ |
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ცალ-ცალკე მოხსენიებულნი, როგორც „მხარე“ და ერთობლივად, როგორც „მხარეები“,
ყურადღებას ამახვილებენ რა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პრინციპებზე, რომელიც მოიცავს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ისეთი ენერგეტიკული ტრანზიტის პროექტების განხორციელებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონისა და საერთაშორისო ბაზრების ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მიწოდების დივერსიფიკაციაში, აგრეთვე, თანამშრომლობაში საქართველოს ბაზრის ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში; აღიარებენ რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მნიშვნელოვან როლს ბუნებრივი გაზის („აზერბაიჯანული გაზი“) საქართველოსთვის მიწოდებაში, რასაც წვლილი შეაქვს საქართველოს გაზმომარაგების უსაფრთხოებაში; აცნობიერებენ რა იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკის სფეროში მათი უწყვეტი განვითარება და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეთა კომერციულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს; ხაზს უსვამენ რა მხარეების და მათი შესაბამისი ენერგეტიკული კომპანიების და მათ შორის „GOGC“-ის, „SOCAR“-სა და „SOCAR“-ის მიერ საქართველოში დაფუძნებული შვილობილი კომპანიების ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასა და „SOCAR“-ს შორის 2011 წლის 23 დეკემბრის ურთიერთგაგების მემორანდუმის („მემორანდუმი“) შესაბამისად საქართველოს სოციალური გაზის სექტორისთვის გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად, და აგრეთვე „GOGC“-ისა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ („SGG“) შორის თანამშრომლობას საქართველოს გაზის ბაზრის კომერციულ სეგმენტში ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით; აღნიშნავენ რა ქართული მხარის (რომელიც მოქმედებს „GOGC“-ის მეშვეობით) მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო ბაზრებზე ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდებისაკენ მიმართულ „SOCAR“-ის ძალისხმევაში, რომელიც ხორციელდება შესაბამისი შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის მოცულობების გადამისამართების გზით („დამატებითი მიწოდების პირობები“); ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ (i) „GOGC“-ისა და აზერბაიჯანის გაზის მიწოდების კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის გაფორმებული მასპინძელი მთავრობის შეთანხმების შესაბამისი დებულებების საფუძველზე 2003 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების („დამატებითი GSPA“) ვადა ამოიწურება 2026 წლის 15 დეკემბერს, და (ii) „დამატებითი GSPA“-ის ფარგლებში მიწოდებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს სოციალური გაზის სექტორისთვის ბუნებრივი გაზის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაში და არსებით გავლენას ახდენს ჩამოყალიბებულ მიწოდების ეკონომიკაზე; ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ მხარეები აპირებენ გააგრძელონ „აზერბაიჯანული გაზის“ მიწოდება საქართველოსათვის, მათ შორის, თავიანთი შესაბამისი ენერგეტიკული კომპანიების მეშვეობით ახალი გრძელვადიანი ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (რომელიც ამ შეთანხმებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „GSPA“) დადების გზით, და რომ „GSPA“-ის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მიწოდება განკუთვნილია „დამატებითი GSPA“-ის ფარგლებში საქართველოს სოციალური გაზის სექტორისთვის მიწოდების ჩანაცვლებისთვის, როგორც ეს „ურთიერთგაგების მემორანდუმით“ არის განსაზღვრული; და ადასტურებენ რა იმ ფაქტს, რომ საერთო ინტერესებისა და განგრძობადი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, მხარეები აპირებენ უზრუნველყონ დამატებითი ჩარჩო, რომელიც დაეხმარება და მხარს დაუჭერს აღნიშნული შეთანხმებების ფარგლებში საქართველოსთვის „აზერბაიჯანული გაზის“ მიწოდებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
განმარტებები (a) ამ შეთანხმებაში, მათ შორის მის პრეამბულაში, გამოყენებულ ტერმინებს, თუ ამავე შეთანხმებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ენიჭება შემდეგი მნიშვნელობა: „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, როგორც ის შეიძლება იქნეს შეცვლილი ან სხვაგვარად შესწორებული ამავე შეთანხმების მე-6 მუხლის (c) პუნქტის შესაბამისად; „აზერბაიჯანული გაზი“ გამოიყენება პრეამბულაში განსაზღვრული მნიშვნელობით; „დამატებითი მიწოდების პირობები“ გამოიყენება პრეამბულაში განსაზღვრული მნიშვნელობით; „გაზი“ ან „ბუნებრივი გაზი“ ნიშნავს ნებისმიერ ბუნებრივ ნახშირწყალბადს ან ნახშირწყალბადებისა და სხვა გაზების ნარევს, რომელიც ძირითადად შედგება მეთანისგან და რომელიც არსებითად აირისებრ მდგომარეობაშია, მოქმედი ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად; „GOGC“ ნიშნავს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, რომელიც სრულად ეკუთვნის და კონტროლდება საქართველოს მიერ; „GSPA“ გამოიყენება პრეამბულაში განსაზღვრული მნიშვნელობით; „ურთიერთგაგების მემორანდუმი“ გამოიყენება პრეამბულაში განსაზღვრული მნიშვნელობით; „მყიდველი სუბიექტი“ ნიშნავს „GOGC“-ს, მისი, როგორც „GSPA“-ის ფარგლებში ბუნებრივი გაზის მყიდველის სტატუსით; „გამყიდველი სუბიექტი“ ნიშნავს „SOCAR“-ს, მისი, როგორც „GSPA“-ის ფარგლებში გამყიდველის სტატუსით; „SGG“ გამოიყენება პრეამბულაში განსაზღვრული მნიშვნელობით; „SOCAR“ ნიშნავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, რომელიც სრულად ეკუთვნის და კონტროლდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ; და „დამატებითი GSPA“ გამოიყენება პრეამბულაში განსაზღვრული მნიშვნელობით. (b) მითითებები „GOGC“-ზე, „SOCAR“-ზე, „მყიდველ სუბიექტზე“ და „გამყიდველ სუბიექტზე“ მოიცავს მათ მითითებას მათზე ან მათ ნებისმიერ სამართალმემკვიდრეზე.
მუხლი 2 კომპეტენტური ორგანოები ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები ასახელებენ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს: (i) საქართველო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. (ii) აზერბაიჯანის რესპუბლიკა: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.
მუხლი 3 ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა (a) მხარეები უზრუნველყოფენ, რომ: (i) „SOCAR“ და „GOGC“ დადებენ ახალ „GSPA“-ს ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის 2026 წლის 16 დეკემბრიდან, ოცი წლის ვადით; (ii) ქვემოთ მოცემული (c) პუნქტის გათვალისწინებით, „GOGC“ და „SOCAR“, შესაბამის სხვა მხარეებთან ერთად, დადებენ „დამატებითი მიწოდების მექანიზმის“ გაგრძელების შეთანხმებას 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, ათწლიანი ვადით; (iii)„SGG“ და „GOGC“, როგორც 2012 წლის 20 ივლისის გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების („2012 წლის GSPA“) მხარეები, აღნიშნული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე განიხილავენ და მოლაპარაკებებს გამართავენ „2012 წლის GSPA“ ვადის გაგრძელების შესახებ. (b) მე-3 მუხლის (a)(i) პუნქტით გათვალისწინებული „GSPA“-ის ძალაში შესვლისთანავე, საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ვალდებულნი იქნებიან, შესაბამისად, უზრუნველყონ, რომ „გამყიდველმა სუბიექტმა“ მიაწოდოს „მყიდველ სუბიექტს“ „აზერბაიჯანული გაზი“, ხოლო „მყიდველმა სუბიექტმა“ შეიძინოს ის „GSPA“-ის შესაბამისად. (c) მხარეები უფლებამოსილებას ანიჭებენ „GOGC“-ს, „SOCAR“-ს და მათ შესაბამის შვილობილ კომპანიებს აწარმოონ მოლაპარაკებები და დადონ მე-3 მუხლის (a) პუნქტში ჩამოთვლილი შეთანხმებები. თუმცა, მხარეები აღიარებენ და თანხმდებიან, რომ „დამატებითი მიწოდების შეთანხმების“ ხელმოწერა დამოკიდებულია „დამატებითი მიწოდების შეთანხმების“ სხვა შესაბამის მხარეებთან მოლაპარაკებებსა და შეთანხმებაზე. (d) საქართველომ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ, თითოეულმა უნდა უზრუნველყონ, შესაბამისად, „SOCAR“-ისა და „GOGC“-ის და მათი შესაბამისი აფილირებული კომპანიების მიერ ამ მუხლით განსაზღვრული შეთანხმებებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება და აიღონ ვალდებულება, მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა აღნიშნული შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4 სამთავრობო ხელშეწყობა თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მისი სახელმწიფო ორგანოები, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარეგულირებელი, ადმინისტრაციული ან სხვა სამთავრობო უფლებამოსილებები, გამოიყენებენ აღნიშნულ უფლებამოსილებებს ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, დაგვიანებებისა და ოპერაციული სირთულეების თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 5 მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა (a) ეს შეთანხმება რეგულირდება საერთაშორისო საჯარო სამართლის მიხედვით. ეს შეთანხმება გავლენას არ ახდენს იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეთა სახელმწიფოები. (b) მხარეები შეეცდებიან ამ შეთანხმების გამოყენებასა ან განმარტებასთან დაკავშირებული მათ შორის არსებული დავები მოაგვარონ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით, ან დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 6 ძალაში შესვლა, ცვლილება და მოქმედების ვადის ამოწურვა (a) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან; (b) ეს შეთანხმება ანაცვლებს მხარეებს შორის ადრე დადებულ ნებისმიერ ოქმს, მემორანდუმს, დეკლარაციას, შეთანხმებას ან ხელშეკრულებას, რომელიც დაკავშირებულია „GSPA“-სთან იმ ფარგლებში, რამდენადაც ამგვარი ოქმი, მემორანდუმი, დეკლარაცია, შეთანხმება ან ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას; (c) წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ მუხლის (a) პუნქტის შესაბამისად; (d) ამ შეთანხმების ვადა იწურება (i) 2046 წლის 16 დეკემბერს ან (ii) იმ დღეს, როდესაც „GSPA“-დან წარმოშობილი ყველა დარჩენილი უფლება და ვალდებულება სრულად შესრულდება ან შეწყდება (მხარეთა შორის მისი ცვლილებების ან გაგრძელების გათვალისწინებით) - რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება.
შესრულებულია 2026 წლის 18 მაისს, ქ. ბაქოში, ორ (2) დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები