ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.017012
201/04
21/08/2026
ვებგვერდი, 21/08/2026
220010010.18.011.017012
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №201/04

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 525 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1

დამტკიცდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესი თანდართულ დანართთან ერთად.

 

მუხლი 2

შესაბამისმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებმა ამ ბრძანებით განსაზღვრული პირველი ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.

 

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

 

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა



ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესი

 


  მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების შევსების და წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტის (შემდგომში – ემიტენტი) მიერ ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ ანგარიშგების (შემდგომში – ანგარიშგება) შევსების პრინციპებს, ასევე, ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს ემიტენტის მიერ გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ტიპი, რეზერვების კომპოზიცია და მასში შემავალი ლიკვიდური აქტივების თანაფარდობა, განაღდებული და მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა საანგარიშო პერიოდის ბოლო მონაცემებით.

3. ემიტენტი ვალდებულია, დადგენილი ფორმითა და ვადაში წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია.  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

  მუხლი 3. ანგარიშგების შევსების წესი

1. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

2. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება ემიტენტის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და მათი შევსება ხდება ავტომატურად, ემიტენტის მიერ შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე.

3. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

  მუხლი 4. ეროვნულ ბანკში წარსადგენი ყოველთვიური ანგარიშგება

1. ყოველთვიური ანგარიშგება (SVA_Report) შედგება შემდეგი ფორმებისგან:

ა) ზოგადი ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შესახებ (Info);

ბ) ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ (SCR);

გ) ინფორმაცია სარეზერვო აქტივების შესახებ (DRI).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფორმაში ივსება შემდეგი ინფორმაცია: ორგანიზაციის სრული დასახელება, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საიდენტიფიკაციო ნომერი, ეროვნულ ბანკში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თარიღი და მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ანგარიშგების თარიღი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ორგანიზაციის ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ორგანიზაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ორგანიზაციის ვებგვერდი, ფილიალების და თანამშრომლების რაოდენობა, აღნიშნულ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფორმაში ივსება შემდეგი ინფორმაცია:

ა) გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის დასახელება – ემიტენტის მიერ გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის დასახელება;

ბ) შეთავაზების დოკუმენტით შეთანხმებული მოცულობა – ემიტენტის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე შეთავაზების დოკუმენტით დადგენილი გამოსაშვები სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა;

გ) მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა – ანგარიშგების თარიღისთვის ემიტენტის მიერ პირველადი შეთავაზების ფარგლებში კლიენტებზე გადაცემული სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა იმ ვალუტების მიხედვით, რომელზეც მიბმულია სტაბილური ვირტუალური აქტივი;

დ) მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში – ემიტენტის მიერ პირველადი შეთავაზების ფარგლებში კლიენტებზე გადაცემული ვირტუალური აქტივის მოცულობა წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშგების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით;

ე) უნიკალური იდენტიფიკატორი – სარეზერვო აქტივის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის უზრუნველყოფად გამოყენებული სხვადასხვა ტიპის სარეზერვო აქტივების ჯამური მოცულობის დადგენა. მაგ.: ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის სარეზერვო აქტივად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ლარის ფიატი, მოთხოვნამდე ან/და 3-თვიანი ვადით დეპოზიტი (მყისიერად გამოთხოვადი), ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობით, რომელთა ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები.  თუ მიმოქცევაში არსებული ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის ჯამური ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, ხოლო უზრუნველყოფად გამოყენებულია ლარის ფიატი, განთავსებული „A“ ბანკში (ღირებულების 20%), მოთხოვნამდე დეპოზიტი განთავსებული „B“ ბანკში (ღირებულების 30%) და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები (ღირებულების 50%), მაშინ გამოშვებული 1000 ლარის ღირებულების სტაბილური ვირტუალური აქტივი უზრუნველყოფილია 3 ტიპის აქტივით, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს მთლიანი ღირებულების 100%-ს. ზემოთ აღწერილი მაგალითის შემთხვევაში ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივისთვის რეზერვის ტიპის დიფერენცირებულობიდან გამომდინარე იდენტური (საერთო) უნიკალური კოდი შეივსება. აღნიშნული კოდის მინიჭებას ახორციელებს ემიტენტი;

ვ) სარეზერვო აქტივის ტიპი – ლიკვიდური აქტივი ან/და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა აქტივი, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის უზრუნველყოფას და რომელთა ჯამური ღირებულება ნებისმიერ დროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ემიტენტის სარეზერვო აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ დანართი №1-ით და იმავე წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ჩამოთვლილი რეზერვის ტიპებიდან უნდა მოხდეს იმ აქტივის არჩევა, რაც გამოყებულია უზრუნველყოფად, მაგ.: ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის შემთხვევაში შესაძლებელია არჩეული იყოს ლარის ფიატი, მოთხოვნამდე დეპოზიტი, 3 თვიანი ვადით დეპოზიტები (მყისიერად გამოთხოვადი) ან საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობით. თითოეული სარეზერვო აქტივის ტიპი უნდა შეივსოს განცალკევებით. სარეზერვო აქტივის ტიპის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ არსებული ჩამონათვალიდან;

ზ) სარეზერვო აქტივის დასახელება – უზრუნველყოფად გამოყენებული კონკრეტული აქტივის დასახელება, მაგ.: ფიატური ვალუტა, მოთხოვნამდე დეპოზიტი, საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები და ა.შ;

თ) სარეზერვო აქტივის ემიტენტი (გარდა ფიატური ვალუტისა) – ივსება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ფასიანი ქაღალდის ემიტენტი;

ი) სარეზერვო აქტივის ვალუტა – ემიტენტის სარეზერვო აქტივები დენომინირებული უნდა იყოს მხოლოდ მის მიერ გამოშვებულ სტაბილურ ვირტუალურ აქტივზე მიბმულ შესაბამის ვალუტაში. ცხრილში უნდა აირჩეს ის ვალუტა, რომლის ღირებულებაზეც მიბმულია გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივი, მაგ: ლარი, აშშ დოლარი, ევრო ან სხვა;

კ) სარეზერვო აქტივის მოცულობა შესაბამის ვალუტაში – ემიტენტის სარეზერვო აქტივის მოცულობა იმ ვალუტაში, რომელშიც დენომინირებულია შესაბამისი სარეზერვო აქტივი;

ლ) სარეზერვო აქტივის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში (ლარში)უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული რეზერვების მოცულობა, წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშგების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით;

მ) სარეზერვო აქტივის განთავსების ადგილი (ფინანსური ინსტიტუტის დასახელება) – ფინანსური ინსტიტუტის დასახელება, სადაც განთავსებულია სარეზერვო აქტივი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფორმაში ივსება ინფორმაცია თითოეული სარეზერვო აქტივის და სტაბილური ვირტუალური აქტივის ვალუტის (ლარი, აშშ დოლარი, ევრო და სხვა) შესაბამისად, წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშგების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. აღნიშნულ ფორმაში წარმოდგენილია გამოშვებული და გამოსყიდული სტაბილური ვირტუალური აქტივის ყოველდღიური მოცულობა სარეზერვო აქტივების ტიპების მიხედვით. ფორმაში ემიტენტის მიერ ივსება შემდეგი სვეტები: 4, 5, 6, 7, 8, 10 და 11. მე-3 და მე-9 სვეტები ავტომატურად ივსება შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე. სვეტი 2 წარმოადგენს მე-3 და მე-9 სვეტების თანაფარდობას, წარმოდგენილს პროცენტებში. აღნიშნული ყოველთვის უნდა იყოს 100%-ის ტოლი ან მეტი.

  მუხლი 5. ანგარიშგების წარდგენის წესი და ვადები

1. ემიტენტი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ანგარიშგება დადგენილი ფორმით, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, წინა კალენდარული თვის მდგომარეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონულად ხელმოწერილი ანგარიშგება ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ელექტრონული სახით, შემდეგ მისამართზე: VASP@nbg.gov.ge .