სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ

სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.10.003.025950
401
20/08/2026
ვებგვერდი, 21/08/2026
400000000.10.003.025950
სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №401

2026 წლის 20 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურა

 


მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. დადგენილება „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ (შემდგომში − პროცედურა) ადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურას.

2. პროცედურა ვრცელდება „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მარტის №66 დადგენილებით დამტკიცებული „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრებით“ საქართველოს ტერიტორიაზე განსაზღვრულ მდინარეთა აუზებსა და სააუზო უბნებზე, მათ შორის, მის ტერიტორიაზე მოქცეული საერთაშორისო მდინარის აუზის უბნის ნაწილისთვის.

3. თითოეული მდინარის აუზისთვის/სააუზო უბნისთვის უნდა მომზადდეს სააუზო მართვის დამოუკიდებელი გეგმა.

4. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა საქართველოს მთავრობის მიერ მტკიცდება 6 წლის ვადით და მისი განახლება ხდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ.

5. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, აგრეთვე შესაბამის ეროვნულ და სექტორულ განვითარების გეგმებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილების მიზნებისთვის გამოიყენება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. კომპეტენტური ორგანო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების ორგანიზება;

ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის ორგანიზება;

გ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებისა და გეგმის პროექტზე საჯარო განხილვის გამართვის შემდეგ, გეგმის პროექტის საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;

დ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების მონიტორინგი.

მუხლი 4.  მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის სტრუქტურა

1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის ინტეგრირებული მართვის სააუზო ტერიტორიული ერთეულის მახასიათებლების ანალიზი (მათ შორის, მახასიათებლების შესწავლის შედეგზე დაფუძნებული აღწერა, რომელიც ზედაპირული წყლებისთვის მოიცავს წყლის ობიექტების საზღვრებს, ზედაპირული წყლების ტიპოლოგიას, სარეფერენციო პირობებს (ფონურ მაჩვენებლებს), ხოლო მიწისქვეშა წყლისთვის − მიწისქვეშა წყლის მდებარეობასა და საზღვრებს);

ბ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სტატუსზე  მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზეწოლისა და ზემოქმედების აღწერა (მათ შორის, წერტილოვანი წყაროებიდან დაბინძურების შეფასება, დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შეფასება − მიწათსარგებლობის სქემის მოკლე აღწერის ჩათვლით), წყლის რაოდენობრივ სტატუსზე ზეწოლის შეფასება − წყალაღების შეფასების ჩათვლით, ადამიანის საქმიანობის სხვა ზემოქმედების ანალიზი წყლის სტატუსზე;

გ) წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკის ზონების ჩამონათვალი და რისკის მართვის პროგრამა;

დ)  დაცული ზონების საზღვრების ამსახველი რუკა;

ე) ეკოლოგიური სტატუსის დადგენის მიზნით შემუშავებული მონიტორინგის ქსელის რუკა, რომელიც ასევე უნდა ასახავდეს იმ მონიტორინგის პროგრამების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა სტატუსების დადგენა;

ვ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტებისათვის, ასევე დაცულ ზონებზე არსებული წყლის ობიექტებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მიზნების ჩამონათვალი, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიზნების დადგენის გამონაკლისების დაშვების შემთხვევებს და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას;

ზ) წყალსარგებლობის ეკონომიკური ანალიზის მოკლე მიმოხილვა (მათ შორის, წყალმოხმარებასთან დაკავშირებული ყველაზე ხარჯეფექტიანი ღონისძიებების იდენტიფიცირება (მოთხოვნა-მიწოდების პროგნოზების, ინვესტიციებისა და ხარჯების ანაზღაურების შეფასება, ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც „ღონისძიებათა პროგრამის“ დანართ №1-ში  უნდა შევიდეს და სხვა);

თ) გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის მიზნით, დადგენილ ღონისძიებათა პროგრამის მიმოხილვა (მათ შორის, წყლის ობიექტების, პასუხისმგებელი უწყებებისა და შედეგის ინდიკატორების აღწერა);

ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში შემუშავებული იმ სხვა პროგრამებისა და მართვის გეგმების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელთაც გავლენა აქვთ ან შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ სააუზო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ წყლის ობიექტზე;

კ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების თაობაზე და მათი შედეგების გეგმაში ასახვის შესახებ;

ლ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ორგანოსა და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ და საბაზისო დოკუმენტებისა და ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცედურის შესახებ;

მ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ასპექტები;

ნ) ინფორმაცია მდინარის აუზში/სააუზო უბანში გამოვლენილი გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის (ადგილმდებარეობისა და ზიანის გამომწვევი ფაქტორის მითითებით) ფარგლებში მიმდინარე/დაგეგმილი დაზიანებული გარემოს პირვანდელი მდგომარეობის (ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე) აღდგენითი ან/და სანაცვლო-ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის განახლებულ გეგმაზე. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის განახლებული გეგმა აგრეთვე უნდა მოიცავდეს იმ ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას, რომლებიც განსაზღვრული იყო წინა გეგმით, თუმცა არ განხორციელებულა, ასევე ცვლილებებისა და დამატებების მოკლე აღწერას, პროგრესის შეფასებას გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით, მათ შორის, მონიტორინგის შედეგებს წინა გეგმის პერიოდისთვის (რუკის სახით) და იმ შემთხვევების ახსნა-განმარტებას, როცა გეგმით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდა.

მუხლი 5.  საზოგადოების მონაწილეობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში

1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის  შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) თითოეულ აუზში/სააუზო უბანში შექმნილია სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო), რომლის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2025 წლის 21 თებერვლის №45 დადგენილებით;

ბ) თითოეულ აუზში/სააუზო უბანში ტარდება შესაბამისი სააუზო მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საკუთარი მოსაზრებების, შენიშვნებისა თუ რეკომენდაციების წარსადგენად.

2. საზოგადოებისგან მიღებული შენიშვნები და მოსაზრებები ექვემდებარება აუცილებელ და მიუკერძოებელ განხილვას. კონსულტაციების პროცესში საზოგადოებისგან მიღებული შენიშვნები და მოსაზრებები, მათი განხილვის შედეგები და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზეზები ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

მუხლი 6. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის წესი

1. სამინისტრო ვალდებულია, საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის (მათ შორის, განახლებული გეგმის) პროექტი და განცხადება გეგმის პროექტის განხილვის პროცედურის შესახებ განათავსოს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

2. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საჯარო განხილვის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ;

ბ) განსახილველი საკითხის არსისა და მოკლე აღწერის შესახებ;

გ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებისას გამოყენებული ძირითადი დოკუმენტებისა და ინფორმაციის შესახებ;

დ) საჯარო განხილვის, საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ;

ე) საჯარო განხილვაზე დასწრების/საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის თაობაზე;

ვ) შესაბამისი მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის თაობაზე.

3. საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება/მონაწილეობას მიიღებს თუ არა საზოგადოების წარმომადგენელი.

4. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელმა უნდა შეადგინოს საჯარო განხილვის ოქმი, რომელშიც ასახული იქნება საჯარო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, ასევე ინფორმაცია ამ შედეგების საფუძველზე გეგმაში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

5. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განიხილავს საჯარო განხილვაზე წარდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მხედველობაში იღებს მათ.

მუხლი 7. სააუზო მართვის გეგმის განხორციელების მონიტორინგი

1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ღონისძიებათა პროგრამის განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო  საბჭოს მონაწილეობით. ღონისძიებათა პროგრამის განხორციელების მონიტორინგის მიზნით, სამინისტრო წელიწადში ერთხელ გამოითხოვს ღონისძიებათა პროგრამის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებებიდან ინფორმაციას ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პასუხისმგებელი უწყებების მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სამინისტრო მოამზადებს წლიურ ანგარიშებს. გეგმის მონიტორინგის შედეგები ასახული იქნება შუალედურ ანგარიშსა, რომელიც უნდა მომზადდეს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის დამტკიცებიდან 3 წლის შემდეგ, და საბოლოო ანგარიშში.

2. გეგმის განხორციელების ანგარიშში მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შეფასება უნდა მოხდეს საბჭოს სხდომაზე. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ღონისძიებათა პროგრამის განხორციელების ანგარიშები იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი.