დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.026034 |
|
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2026, 040090000.10.003.025794) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-10 − მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი − მე-3 მუხლების შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის მოთხოვნა წარმოადგენს მიმწოდებლის უფლებამოსილებას. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი − მე-3 მუხლების მიზნებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია, ფასთა ინდექსაციის გამოყენების მოთხოვნით მიმართოს შემსყიდველს სამუშაოების დასრულების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე და მოითხოვოს ფასთა ინდექსაციის გამოყენება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიმწოდებელს უფლება არ აქვს, მოითხოვოს ფასთა ინდექსაციის გამოყენება შესაბამისი ხელშეკრულების მიმართ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მიმართოს საქსტატს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული დასკვნის მიღების მიზნით. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, თუ მიმწოდებელი მიმართავს შემსყიდველს ფასთა ინდექსაციის გამოყენებაზე, ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ სამუშაოების დასრულებამდე სრულ პერიოდზე წარადგინოს შემსყიდველთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა/დასკვნები თითოეულ თვეში შესრულებულ სამუშაოებზე, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. მუხლი 11. მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილების მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები (პირგასამტეხლო ან/და ხელშეკრულების შეწყვეტა). მუხლი 12. საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამ დადგენილების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდებში ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. მუხლი 13 ამ დადგენილების მე-12 მუხლი ვრცელდება: ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში 2026 წლის 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე; ბ) 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერებისა; გ) მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე. მუხლი 14. ამ დადგენილების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამავე დადგენილების ამოქმედებიდან 150 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს, ხელშეკრულებაზე ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დროებითი წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ ვრცელდება. მუხლი 15. ამ დადგენილების მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს, ხელშეკრულებაზე ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დროებითი წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ ვრცელდება. მუხლი 16. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი − მე-3 მუხლები ვრცელდება 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე და 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულ 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებულ ტენდერებზე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფარგლებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლებს, პრინციპებსა და წესს. 2. ამ წესის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ამავე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფასთა ცვლილებით (ინდექსაციით) გამოწვეული ხარჯების ანაზღაურების საფუძვლებისა და პრინციპების განსაზღვრა. 3. ამ წესის მიზნებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტი არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული ნებისმიერი სახის სამუშაო. 4. ამ წესის მიზნებისათვის „შესრულებული სამუშაოების ღირებულება“ არის მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფაქტობრივად შესრულებული და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტით დადასტურებული სამუშაოების ღირებულება, ფასთა ინდექსაციის შედეგად ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი თანხების გაუთვალისწინებლად. 5. ამ წესის მიზნებისათვის „მშენებლობის ღირებულების ინდექსი“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში − საქსტატი) მიერ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფარგლებში დადგენილი ინდექსი. 6. ამ წესით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია არ ვრცელდება: ა) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ/შესასყიდ სამუშაოებზე; ბ) შესაბამისი საინდექსაციო პერიოდის გარდა სხვა პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე; გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წესებით გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე; ე) ხელშეკრულებებზე, რომელთა სამუშაოების შესრულების ვადა 12 თვე ან ნაკლებია, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 2. ფასთა ინდექსაციის გამოყენების პირობები 1. ამ წესის მიზნებისათვის ფასთა ინდექსაცია არის მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა, ამ წესით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. 2. ამ წესით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია ხორციელდება 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებსა და 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულ 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე (შემდგომში − საინდექსაციო პერიოდი). 3. ფასთა ინდექსაცია ხორციელდება მხოლოდ იმ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სამუშაოების დაწყებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ. 4. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესყიდულია პრეისკურანტის საფუძველზე და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადა აღემატება 12 თვეს, 12 თვის შემდეგ შესრულებულ სამუშაოებსა და გაცემულ დავალებებზე გამოიყენება ფასთა ინდექსაცია, მიუხედავად იმისა, რომ დავალების ფარგლებში სამუშაოების შესრულების ვადა შესაძლოა, იყოს 12 თვეზე ნაკლები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ფასთა ინდექსაციის გამოყენების მოთხოვნით მიმართოს შემსყიდველს, პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდული ხელშეკრულების მიწოდების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე და მოითხოვოს ფასთა ინდექსაციის გამოყენება. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიმწოდებელს უფლება არ აქვს, მოითხოვოს ფასთა ინდექსაციის გამოყენება. 7. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა აღემატება 12 თვეს და მიმწოდებელი უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 12 თვეში ან ნაკლებ ვადაში, ფასთა ინდექსაცია, ამ წესით დადგენილი პრინციპებისა და პირობების შესაბამისად, გავრცელდება ბოლო თვე(ებ)ში ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე, იმ თვეების რაოდენობის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასრულების ვადასა და 12 თვეს შორის. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელს არ დაეკისრება ფასთა ინდექსაციით გამოწვეული უარყოფითი სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 3. ფასთა ინდექსაციის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესი 1. ფასთა ინდექსაციისათვის გამოიყენება საქსტატის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდექსი (მშენებლობის ღირებულების ინდექსი). 2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაზისოდ გამოიყენება ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე. აღნიშნული თვით განისაზღვრება ინდექსის საბაზისო პერიოდი და, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში არსებული საბაზისო ინდექსი არის 100 (შემდგომში − საბაზისო ინდექსი). 3. ფასთა ინდექსაცია არ ვრცელდება შრომის ანაზღაურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობის ფარგლებში. 4. ფასთა ინდექსაცია შეეხება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 60%-ს (შემდგომში – საინდექსაციო თანხის ოდენობა). 5. ამ მუხლის შესაბამისად, ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი თვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, საქსტატის მიერ, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით, საბაზისო ინდექსთან მიმართებით ყოველთვიურად დადგენილი შესაბამისი ინდექსის მეშვეობით. 6. ამ წესით განსაზღვრულ საინდექსაციო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასთა ინდექსაცია ხორციელდება შესაბამის თვეს შესრულებული სამუშაოების პერიოდის ბოლო დღიდან 49 დღით ადრე, საქსტატის მიერ საბაზისო ინდექსთან მიმართებით შესაბამისი თვის დადგენილი ინდექსის მიხედვით. 7. ამ წესის მიზნებისათვის ანაზღაურების საფუძველია მიმწოდებლის მიერ დამკვეთისათვის საქსტატის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა, ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ფასთა ინდექსაციის შედეგად მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი ღირებულების გაზრდა/შემცირება, თანხის მითითებით. 9. მიმწოდებლის მიერ, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქსტატის დასკვნა/დასკვნები შეიძლება, შემსყიდველთან წარდგენილ იქნეს ყოველთვიურად ან სამუშაოების დასრულებამდე ნებისმიერ დროს, მიმწოდებლის მიერ შერჩეულ პერიოდში. 10. საქსტატისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი. 11. მიმწოდებლის მიერ საქსტატისათვის არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველი უბრუნებს მიმწოდებელს დოკუმენტაციას, კორექტირების მიზნით. 12. ხელშეკრულების ღირებულების ფასთა ინდექსაციის საფუძველზე გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს დამატებითი საავანსო გადახდა აღნიშნული ზრდით განსაზღვრული თანხის ნაწილზე. 13. შემსყიდველი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობის გაზრდა ხელშეკრულების ღირებულების ზრდის ოდენობის პროპორციულად, რომელიც განპირობებულია ფასთა ინდექსაციით. 14. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელს შემსყიდველისათვის არ აქვს წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული საქსტატის დასკვნა/დასკვნები, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამავე მუხლით განსაზღვრული საქსტატის დასკვნის/დასკვნების წარუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით და დააკისროს პირგასამტეხლო მიმწოდებელს. 15. ფასთა ინდექსაციის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა (დადებითი/უარყოფითი ბალანსი) აისახება სამუშაოების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტში/მიღება-ჩაბარების აქტში ან სხვა დოკუმენტში, რომელიც უნდა წარედგინოს შემსყიდველს. მუხლი 4. გარდამავალი დებულებები 1. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად: ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში 2026 წლის პირველი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე; ბ) 2026 წლის პირველი ივნისიდან 2027 წლის პირველ იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერებისა; გ) მიმდინარე და 2026 წლის პირველ ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაციისათვის გამოიყენება საქსტატის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდექსი (მშენებლობის ღირებულების ინდექსი). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება 2025 წლის დეკემბრის თვე. აღნიშნული თვით განისაზღვრება ფასის საბაზისო პერიოდი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია არ ვრცელდება შრომის ანაზღაურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობის ფარგლებში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია შეეხება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 60%-ს. 6. ამ მუხლის შესაბამისად, ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი თვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, საქსტატის მიერ, ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბაზისო ინდექსთან მიმართებით ყოველთვიურად დადგენილი შესაბამისი ინდექსის მეშვეობით. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასთა ინდექსაცია ხორციელდება შესაბამის თვეს შესრულებული სამუშაოების პერიოდის ბოლო დღიდან 49 დღით ადრე, საქსტატის მიერ, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საბაზისო ინდექსთან მიმართებით შესაბამისი თვის დადგენილი ინდექსის მიხედვით. 8. ამ მუხლის მიზნებისათვის ანაზღაურების საფუძველია მიმწოდებლის მიერ დამკვეთისათვის საქსტატის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა, ამავე მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ფასთა ინდექსაციის შედეგად მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი ღირებულების გაზრდა/შემცირება თანხის მითითებით. 10. მიმწოდებლის მიერ, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქსტატის დასკვნა/დასკვნები შეიძლება, შემსყიდველთან წარდგენილ იქნეს ყოველთვიურად ან სამუშაოების დასრულებამდე ნებისმიერ დროს, მიმწოდებლის მიერ შერჩეულ პერიოდში. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელს შემსყიდველისათვის არ აქვს წარდგენილი ამავე მუხლით გათვალისწინებული საქსტატის დასკვნა/დასკვნები, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლით განსაზღვრული საქსტატის დასკვნის/დასკვნების წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით და დააკისროს პირგასამტეხლო მიმწოდებელს. 12. ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 − მე-13 და მე-15 პუნქტები ვრცელდება აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. 13. ამ წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლზე.“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები