დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016702 |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, ასევე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის
გ ე გ მ ა თავი I. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
1.1. შესავალი წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოს ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ. 1.2. გეგმის მიზანი გეგმის მიზანია: საგანგებო სიტუაციებისაგან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებული აქცენტით; საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა. 1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად. საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი. 1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, ამავე რეგიონში მას ესაზღვრება დმანისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით – სომხეთის რესპუბლიკა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი: ფართობი – 804,2 კმ2; სასოფლო-სამეურნეო სავარგული – 28800 ჰა (35,5%); არასასოფლო-სამეურნეო – 51600 ჰა (64,5%); ტყის ფართობი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 47000 ჰა, რაც 58,5%-ს შეადგენს; მოსახლეობის საერთო რაოდენობა – 52 981 ადამიანი (2024 წლის მონაცემებით); ქალაქის მოსახლეობა – 14 859 ადამიანი; სოფლების მოსახლეობა – 38 122 ადამიანი; დასახლებული პუნქტი – ქალაქი - 1, 2 დაბა, ადმინისტრაციული ერთეული – 15, დასახლებული – 45; მდინარეები: მაშავერა – 38 კმ, ქცია – 30 კმ, ბოლნისისწყალი – 42 კმ, ლოქი – 6 კმ; მანძილი დედაქალაქამდე – 60 კმ; რეგიონულ ცენტრამდე (რუსთავი) – 67 კმ, უახლოესი პორტი (ფოთი) – 375 კმ; უახლოესი აეროპორტი – 72 კმ. მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა) მოცემულია დანართ №2-ში, ხოლო მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის დანართ №3-ში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბოლნისი, მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია: 1. ქ. ბოლნისი – ქ. ბოლნისი; 2. დისველი – დისველი; 3. აკაურთა – აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი და სენები; 4. მამახუტი – მამხუტი,ზემო არქევანი, ქვემო არქევანი და ხატავეთი;. 5. დაბა კაზრეთი – დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი; 6. დაბა თამარისი – დაბა თამარისი, სოფელი ცურტავი და ფარიზი; 7. დარბაზი – დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი და ჭრეში; 8. ქვეში – ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი და საბერეთი; 9. რატევანი – რატევნი,ზვარეთი; 10. სოფელი ბოლნისი – სოფელი ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი და ფოლადაური ; 11. ნახიდური – ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა და მწყნეთი; 12. რაჭისუბანი – რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი და ხატისოფელი ; 13. ტალავერი – ტალავერი და სავანეთი; 14. ტანძია – ტანძია; 15. ქვემო ბოლნისი – ქვემო ბოლნისი.
1.6. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №106-ში, საკ. კოდი №80.06.64.253. შენობა შედგება 4 მიწისზედა სართულისა და სარდაფისგან. შენობა კაპიტალური ნაგებობაა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის კაპიტალური, საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და გაზი. მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ადმინისტრაციული შენობა იკავებს 949,31 მ2-ს. მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 352 თანამშრომელი (მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის ბოლნისის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ა(ა)იპ ,,კომუნალური მეურნეობა“ ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“, ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“, შპს ,,გაზეთი ბოლნისი“, საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბოლნისის წარმომადგენლობა, საქსტატის ქვემო ქართლის ბიურო). ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №17 - ში. 1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე. შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია: მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი (ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე). შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით. შტაბის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი; ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება; გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება; დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება; ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით; ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება; ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება; თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება; ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით, განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში; კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება. შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები: ცხრილი 1
1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა: შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას. ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი) – თანამშრომლებისათვის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა. შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართ 5-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართ 6-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონული ტელემაუწყებლობისა და პრესსამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით. მოსახლეობის გაფრთხილება ხდება პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით. მოსახლეობის გაფრთხილებისას მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის, ქალებისა და გოგოებისათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ხანდაზმული პირებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების სხვა წარმომადგენლებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინებები გავრცელდება მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული არხებით, მარტივი ენით და ადგილობრივად გასაგებ ენებზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. პროცესში დამატებით გამოყენებული იქნება მერის წარმომადგენლების, თემის ლიდერების, სოციალური მუშაკების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა ადგილობრივი კომუნიკაციის არხები. 1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8. 1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართ 9-ში. 1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკები დანართი 10.); ევაკუაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყვლადი მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და გოგოების საჭიროებები. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტი მოწყვლად ჯგუფებად განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტექსტისთვის რელევანტურ შემდეგ კატეგორიებს: ქალები და გოგოები, ბავშვები, ხანდაზმული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მშობლები, ასევე, პირები ან ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში ან რომელთა საარსებო წყაროები დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე ან რისკის ზონაში მდებარე ინფრასტრუქტურაზე. აღნიშნული ჩამონათვალი ეფუძნება ადამიანის უფლებებზე, ქალებისა და კაცების თანასწორობასა და ინკლუზიაზე დაფუძნებულ მიდგომას და მორგებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ კონტექსტზე. მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის სქემა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11.) 1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. მზადყოფნის ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, მათ შორის ქალების, გოგოების, ბავშვების, ხანდაზმული პირების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და იმ ოჯახების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში ან დამოკიდებული არიან სოფლის მეურნეობაზე. მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს იმ პირებისა და ოჯახების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას, რომლებსაც საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლოა დამატებითი მხარდაჭერა დასჭირდეთ. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მოსახლეობის დაცვის, გაფრთხილების, ევაკუაციის, დროებითი განთავსებისა და დახმარების მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით.
II თავი. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების ანალიზი 2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე. 2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა: ა) საფრთხეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სტიქიური პროცესების გააქტიურების კუთხით აღსანიშნავია ძლიერი ქარი, ქარიშხალი, სეტყვა, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყრული პროცესები, ტყისა და მინდვრის ხანძრები, ეპიდემია, ეპიზოოტია და სხვა. კომპანია ,,RMG Gold“-ის მიერ მადნის მოპოვება ღია კარიერებით ხდება მიწის ზედაპირთან ახლოს არსებული, შედარებით დაბალი ხარისხის საბადოებიდან. წიაღისეულის მოპოვების პროცესში წარმოქმნილი დამაბინძურებელი ნივთიერებები, ძირითადად, წყლის საშუალებით ვრცელდება. ლითონები, რომლებიც შედარებით ნაკლებად მოძრავი იყო წიაღში, მოპოვებითი სამუშაოების დროს გამოთავისუფლდებიან და დიდი რაოდენობით აღწევენ მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებში, მადნის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი კუდებიდან ხდება გარემოში მძიმე მეტალებისა და სხვა საშიში დამაბინძურებლების (ციანიდი, კონცენტრირებული მჟავები და ტუტეების ნაწარმები) გავრცელება. სამთომოპოვებითი პროცესებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ხშირად იწვევს რესპირატორულ და ონკოლოგიურ დაავადებებს. დასნებოვნების ზონაში შეიძლება მოექცეს მოსახლეობა - დახლოებით 2 500 ადამიანი. მუნიციპალიტეტში შეიძლება შეიქმნას ისეთი დაავადების კერები, როგორიებიცაა: გრიპი და რესპირაციული დაავადებები, მწვავე ნაწლავური ინფექციები (A ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), საკვების მყარი ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამლვები (ბოტულიზმი, ეშერიხიოზი და სხვა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სოკოთი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის კერები. სტრესული სიტუაციებისაგან გამომდინარე ფსიქოზები და ნევროზები, ხოლო პირუტყვის დაავადებების მხრივ არ გამოირიცხება ისეთი დავადებების გაჩენა როგორებიცაა: ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, ტუბერკულოზი, ფრინველისა და ღორის გრიპი. კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი და ტექნოგენური საფრთხეების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარ იდენტიფიცირებას. ამ პროცესში, მოიაზრებიან ქალები, გოგოები, ბავშვები, ორსული ქალები, ხანდაზმული პირები, მათ შორის ხანდაზმული ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის რეაგირების ღონისძიებები მოიცავს ჯანმრთელობის რისკებზე დროულ ინფორმირებას, უსაფრთხო წყალსა და საკვებზე წვდომის უზრუნველყოფას, დროებითი განთავსების ორგანიზებასა და სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის მობილიზებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ძლიერი ქარი, მიწისძვრა, წყალმოვარდნა, ტექნოგენური ავარია – კომპანია „არემჯი“. 2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება 2.2.1. რისკის შეფასების დრო: 17.03.2026 2026 წლის 17 მარტს, რისკის შეფასების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიმართა რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირდა საფრთხეები და, შესაბამისად, განისაზღვრა რისკები. 2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიული ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. დამსწრე პირების მიერ 5-5-ქულიანი სისტემებით შეფასდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იყო ამ მოვლენების განმეორების/მოხდენის ალბათობა და ზეგავლენა. ასეთი მეთოდი პირველადი ინფორმაციის მოძიებისა და საგანგაშო ნიშნების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას სტიქიური მოვლენების ქრონოლოგიის, შედეგების დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთება საგანგაშო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და მათ მიერ შეფასების ჩატარება. რისკის შეფასების მატრიცა
რისკის დონე
2.2.3 საგანგებო სიტუაციების რისკის მაჩვენებლის შედეგი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი – სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზონაში მოქცეული დასახლებული პუქნტები (საინფორმაციო ბიულეტენი – საქართველოში 2024 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2025 წლის პროგნოზი. მომზადებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ). რისკის შეფასების აღწერა ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ცხრილი 2
ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად: ცხრილი 3
II თავი. რისკების აღწერილობა/სცენარი ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებები. დანართი №12 – ტექნოგენური ავარია – „არემჯი“; დანართი №13 – ქარიშხალი; დანართი №14 – წყალმოვარდნა. ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი №15 – ხანძარი მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ შენობაში; დანართი №16 – მიწისძვრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.
IV თავი. გეგმის დანართები 4. გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით: ცხრილი 4.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები